ევრო ზონაში ოქტომბერში მწარმოებელთა ფასები გაიზარდა
02-Dec-2021 17:40:01
ევრო ზონაში მწარმოებელთა ფასები, ოქტომბერში მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა. ამის ძირითადი მიზეზი, ენერგომატარებლების მკვეთრი გაძვირება და მიწოდბის სფეროში არსებული პრობლემებია. იმავდროულად, დასაქმების მაჩვენებელი გაუმჯობესდა, რისი მიზეზიც ისაა, რომ ყველა პრობლემის მიუხედავად, ეკონომიკა პანდემიით გამოწვეულ რეცესიას თავს აღწევს და გაჯანსაღებას აგრძელებს.
ევროპის კავშირის სტატისტიკის ოფის ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 19 ქვეყნის საწარმოებში ფასების ზრდამ, თვიდან თვემდე გადაანგარიშებით, საშუალოდ 5.4 პროცენტს მიაღწია, წლიდან წლამდე გადაანგარიშებით კი 21.9 პროცენტს მიაღწია.
როიტერსის მიერ გამოკითხული ეკონომისტები ვარაუდობდნენ, რომ ფასების თვიური ზრდა 3.5, წლიური ზრდა კი 19.0 პროცენტი იქნებოდა. ენერგომატარებლების ფასები, თვიური გადაანგარიშებით, 16.8 პროცენტით, წლიური გადაანგარიშებით კი 62.5 (!) პროცენტით გაიზარდა.
მწარმოებელთა ფასები პირდაპირ გავლენას ახდენს სამომხმარებლო ფასებზე. ნოემბერში სამომხმარებლო ფასების ინფლაციამ 4.9 პროცენტს მიაღწია, რაც იმ 25 წლის განმავლობაში, რაც ამ მაჩვენებელზე დაკვირვება მიმდინარეობს, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 4.1 პროცენტი იყო, ნოემბრის მოლოდინი კი 4.5 პროცენტს შეადგენდა.
ევროსტატისავე ინფორმაციით, ევრო ზონაში უმუშევრობის დონე კვლავ მცირდება. კერძოდ, ოქტომბრის მაჩვენებელი 7.3 პროცენტამდე დაეცა. შედარებისთვის, სექტემბერში ის 7.4 პროცენტი იყო.
დაბოლოს, იმავე ევროსტატის ინფორმაციით, ოქტომბერში ევროპაში უმუშევარი 12.045 მილიონი ადამიანი დაფიქსირდა. შედარებისთვის, სექტემბერში უმუშევართა რიცხვი 12.109 მილიონი იყო.