რეგულაცია და უსაფრთხოება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №107/04

2018 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლისა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1

დამტკიცდეს მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების წესი.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 3

ამ ბრძანების ამოქმედებამდე ლიცენზირებულმა საბროკერო კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე

მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ იმ ტიპის საბროკერო კომპანიების (შემდგომში – კომპანია) რეგულირების საკითხებს, რომლებიც ჩართულები არიან მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით – ფასთა შორის სხვაობაზე კონტრაქტებითა და ბინარული ოფციონებით – ვაჭრობაში.

2. წესი შეეხება მხოლოდ მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობას და არ ვრცელდება ამ კომპანიების სხვა ტიპის ფინანსურ ინსტრუმენტებზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კონტრაჰენტი – პირი, რომელიც იკავებს საწინააღმდეგო პოზიციას სავაჭრო გარიგებაში;

ბ) საკრედიტო მხარე (ლევერიჯი) – ფასთა შორის სხვაობაზე კონტრაქტის ფარგლებში კლიენტისთვის მიცემული მსყიდველობითი უნარი, რომლითაც ის უფლებამოსილია გახსნას პოზიცია კონტრაქტში ფასთა შორის სხვაობაზე და რომელიც გამოისახება, როგორც ფარდობა საწყის მარჟასა და საბაზისო აქტივში პოზიციას შორის;

გ) ბონუსი – კომპანიის მიერ კლიენტისთვის მიცემული დამატებითი თანხა, რომელიც კლიენტისთვის ხელმისაწვდომი გახდება გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ;

დ) საბაზრო ფასების პროვაიდერი კომპანია – უცხოური ლიცენზირებული საბროკერო კომპანია, რომელიც საქართველოში მოქმედ კომპანიას ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს ფინანსური ინსტრუმენტების საბაზრო ფასებით რეალურ რეჟიმში;

ე) კონტრაქტი ფასთა შორის სხვაობაზე (შემდგომში – CFD) – დერივატივი, რომელიც კლიენტს აძლევს შესაძლებლობას, საბაზისო აქტივის ფლობის გარეშე საბაზისო აქტივში პოზიციის გახსნისა და დახურვის ფასებს შორის არსებული სხვაობის საფუძველზე მიიღოს ფინანსური სარგებელი ან ზარალი;

ვ) ბინარული ოფციონი – ოფციონი ფიქსირებული შემოსავლით, რომლითაც კლიენტი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, დებს ფსონს საბაზისო აქტივის ფასის მოძრაობის მიმართულებაზე დროის გარკვეული მონაკვეთის განმავლობაში და მხოლოდ პროგნოზის გამართლების შემთხვევაში იღებს ფიქსირებულ მოგებას;

ზ) მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტები – ბინარული ოფციონები და კონტრაქტები ფასთა შორის სხვაობაზე;

თ) ძირითადი ვალუტა – რომელიმე ვალუტა ჩამოთვლილთაგან: აშშ დოლარი, ევრო, იაპონური იენი, დიდი ბრიტანეთის ფუნტი სტერლინგი, კანადური დოლარი, შვეიცარული ფრანკი;

ი) ძირითადი სავალუტო წყვილები – სავალუტო წყვილები, რომლის ორივე მხარეს წარმოადგენს ძირითადი ვალუტა.

კ) არაძირითადი სავალუტო წყვილები – სავალუტო წყვილები, რომლის ერთ-ერთ მხარეს მაინც არ წარმოადგენს ძირითადი ვალუტა;

ლ) ძირითადი ინდექსი – ამ წესის მიზნებისთვის იგულისხმება შემდეგი ინდექსები: FTSE 100, CAC 40, DAX 30; DJIA, S&P 500, NASDAQ, NASDAQ 100, NIKKEI 225, ASX 200, EUROSTOXX 50;

მ) არაძირითადი ინდექსი – დანარჩენი ინდექსები, რომლებიც არ არის განსაზღვრული როგორც ძირითადი ინდექსი;

ნ) კლიენტის ჯამური კაპიტალი – კლიენტის სავაჭრო ანგარიშზე არსებული ჯამური სახსრები გარკვეული თარიღის მდგომარეობით, რომელშიც გათვალისწინებულია რეალიზებული და არარეალიზებული მოგება და ზარალი;

ო) თავისუფალი მარჟა – კლიენტის ჯამური კაპიტალისა და ღია პოზიციებში გამოყენებული საწყისი მარჟის სხვაობა;

პ) სტოპ-დავალება (Stop Loss) – დავალების ტიპი, რომელიც გულისხმობს ფინანსური ინსტრუმენტის გაყიდვას ან ყიდვას, როდესაც ის მიაღწევს დავალებით განსაზღვრულ ფასს.

ჟ) გადამზღვეველი ფინანსური ინსტიტუტი – უცხოური ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ლიცენზირებულია „განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის №16/01 ბრძანებით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ, რომელსაც კომპანია მიმართავს იმ შემთხვევაში, როდესაც იგი თავად არის კლიენტის გარიგების კონტრაჰენტი და სურს კლიენტის რისკის პოზიციების გადაზღვევა.

რ) პლატფორმის პროვაიდერი – უცხოური ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ლიცენზირებულია „განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის №16/01 ბრძანებით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ და რომელიც კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით აძლევს სავაჭრო პლატფორმით სარგებლობის უფლებას;

ს) საწყისი მარჟა – CFD-ებით ვაჭრობისთვის პოზიციის გახსნისას გაკეთებული მინიმალური მოთხოვნილი შენატანი.

ტ) ლიკვიდური აქტივები – ფული და ფულადი ეკვივალენტები;

უ) საბაზისო აქტივი – ფინანსური ინსტრუმენტი, საქონელი, ძვირფასი ლითონი, ეროვნული და უცხოური ვალუტა, ფულადი სახის მოთხოვნის უფლება და ა.შ., რომელთა ფასზეც მიბმულია კონტრაქტი ფასთა შორის სხვაობაზე.

მუხლი 3. საოპერაციო მოთხოვნები

1. კომპანია ვალდებულია ეროვნულ ბანკთან შეათანხმოს პლატფორმის პროვაიდერის, საბაზრო ფასების პროვაიდერისა (თუ იგი განსხვავდება პლატფორმის პროვაიდერისგან) და გადამზღვეველი ფინანსური ინსტიტუტის პოტენციური ან არსებული კანდიდატურა.

2. კომპანიას უნდა გააჩნდეს საქმიანობის გამართული პროცესი, რომელიც მისცემს საშუალებას დაადგინოს, კლიენტის მიერ ტრანზაქციის განხორციელების რა ეტაპზე ხდება სავაჭრო პლატფორმაზე ვაჭრობის შედეგად მოგებული ფულადი სახსრები კლიენტის კუთვნილი ფულადი სახსრები და პირიქით.

3. კომპანიას უნდა გააჩნდეს ზუსტი აღრიცხვის სისტემა, რომელიც ნებისმიერი თარიღისთვის მისცემს საშუალებას თითოეული კლიენტისათვის დაადგინოს:

ა) მის ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ოდენობა როგორც პლატფორმაზე, ისე საბუღალტრო პროგრამაში (თუ პროგრამა იძლევა საშუალებას);

ბ) დღის ბოლოსათვის სავაჭრო პლატფორმაზე არსებული კლიენტის ჯამური კაპიტალი;

გ) კლიენტის ჯამური კაპიტალის ცვლილება ნებისმიერ ორ თარიღს შორის;

დ) რეალიზებული და არარეალიზებული მოგება და/ან ზარალი ნებისმიერი პერიოდისთვის;

ე) თითოეული გარიგებისათვის ტრანზაქციის კონტრაჰენტი პირი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისათვის, კომპანიამ უნდა აღრიცხოს ყველა ტრანზაქცია თითოეული კლიენტისა და მისი ცალკეული ანგარიშების ჭრილში შემდეგი ველების მიხედვით:

ა) კლიენტის უნიკალური ნომერი;

ბ) კლიენტის ანგარიშის ნომერი;

გ) კლიენტისთვის მიცემული საკრედიტო მხარე;

დ) კლიენტის მიერ შეტანილი თანხა და მისი შეტანის თარიღი;

ე) კლიენტის მიერ გატანილი თანხა და გატანის თარიღი;

ვ) ვაჭრობის ჯამური შედეგი დახურილი ტრანზაქციებისთვის;

ზ) მიმდინარე (არარეალიზებული) მოგება/ ზარალი ღია პოზიციებისთვის;

თ) ღია პოზიციებში გამოყენებული საწყისი მარჟა;

ი) თავისუფალი მარჟა;

კ) კლიენტის ჯამური კაპიტალი;

ლ) ჩამოჭრილი საკომისიოები ტიპების მიხედვით.

მუხლი 4. რეკლამა და კლიენტებისათვის ინფორმაციის გამჟღავნება

1. კომპანია ვალდებულია განათავსოს ვებგვერდზე და ნებისმიერ სარეკლამო მასალაზე გაფრთხილება სავაჭრო პლატფორმაზე ვაჭრობისა და მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის რისკიანობის შესახებ.

2. კომპანიას არ აქვს უფლება მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის რეკლამირებისას დაპირდეს კლიენტს შემოსავლის განსაზღვრულ ოდენობას ან მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გულისხმობდეს ასეთი ინსტრუმენტებით ვაჭრობის შედეგად მაღალი მოგების მიღებას.

3. კომპანია ვალდებულია ყველა სახის სარეკლამო ღონისძიების ან/და სარეკლამო მასალებისა და მათი გავრცელების საშუალებების შესახებ ინფორმაცია მათ გავრცელებამდე მიაწოდოს ეროვნულ ბანკს.

4. გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გაფრთხილებისა, კომპანიის ვებგვერდი უნდა შეიცავდეს:

ა) ონლაინრეჟიმში სისტემის მეშვეობით ვაჭრობის სპეციფიკის აღწერას;

ბ) სავაჭრო პლატფორმაზე ვაჭრობისა და ყველა შეთავაზებული პროდუქტისათვის დამახასიათებელი მატერიალური რისკების სრულყოფილ აღწერას.

5. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გაფრთხილება რისკების შესახებ მოიცავდეს მთლიან სავაჭრო ანგარიშებში იმ სავაჭრო ანგარიშების პროცენტული წილის შესახებ ინფორმაციას, რომელთაც ბოლო საანგარიშო 12-თვიანი პერიოდის მანძილზე ჯამურად განიცადეს ზარალი CFD-ებსა და ბინარულ ოფციონებში ვაჭრობის შედეგად. იგულისხმება, რომ კლიენტის სავაჭრო ანგარიშზე დაფიქსირდა ჯამური ზარალი, თუ ბოლო 12-თვიან საანგარიშო პერიოდში კლიენტის სავაჭრო ანგარიშისთვის ყველა რეალიზებული და არარეალიზებული მოგებისა და ზარალის ჯამი არის ნეგატიური. აღნიშნული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს ყოველი წლის ბოლოს მდგომარეობით. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას არ გააჩნია სტატისტიკური მონაცემები 12 თვეზე მეტ პერიოდზე ან სტატისტიკური ინფორმაცია არასაკმარისია დასკვნისთვის, მან ეს უნდა დაასაბუთოს და გამოიყენოს ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს (ESMA) მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც საცალო კლიენტების ანგარიშების 74-89% კარგავს სრულ თანხას.

6. კომპანიას ეკრძალება მაღალი რისკის შემცველ ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება, გამოქვეყნება, მიწოდება ან მიყიდვა (პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით) ინვესტორებისთვის, თუ ის არ მოიცავს რისკების შესახებ გაფრთხილებას ამ მუხლის მოთხოვნების მე-5 პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 5. ხელშეკრულება

1. კომპანიის კლიენტთან დასადები სტანდარტული ხელშეკრულების ფორმაში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ არის ან ვინ შეიძლება იყოს განხორციელებულ ტრანზაქციაში კლიენტის კონტრაჰენტი;

ბ) ვალდებულება, რომ მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია შეატყობინებს კლიენტს, თუ ვინ იქნება მისი კონტრაჰენტი;

გ) კომპანიისა და კლიენტების უფლებები და მოვალეობები, მათ შორის კომპანიის გადახდისუუნარობის შემთხვევებში, კლიენტების სახსრების განკარგვასთან დაკავშირებით;

დ) ანგარიშის გახსნისა და დახურვის პირობები და მხარეების ვალდებულებები ამ შემთხვევებში;

ე) ინფორმაცია კლიენტების სახსრების განთავსების პირობების, გატანის პირობების, პროცედურებისა და ვადების, კლიენტის მიერ საკუთარი ანგარიშიდან ამონაწერის მოთხოვნისას გასავლელი პროცედურებისა და ვადების შესახებ;

ვ) მხარეების მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება, შეწყვეტის პირობები და შემდგომი პროცესის აღწერა; მათ შორის კლიენტის უფლება შეწყვიტოს ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ მას კომპანიის ბრალეულობით მიადგა ზიანი;

ზ) ინფორმაცია კლიენტის წარმომადგენლის (პირი, რომელიც არ არის კომპანიის თანამშრომელი და მინიჭებული აქვს მისი სახელით ვაჭრობის უფლებამოსილება), მისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ;

თ) კომპანიის ვალდებულება კლიენტის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით;

ი) პლატფორმაზე ვაჭრობის პირობებისა და შეზღუდვების აღწერა;

კ) სავაჭრო პლატფორმაზე ვაჭრობისა და ყველა შეთავაზებული პროდუქტისათვის დამახასიათებელი მატერიალური რისკების სრულყოფილად აღწერა;

ლ) კლიენტის მიერ სასამართლოსთვის ან არბიტრაჟისათვის მიმართვის უფლება შესაძლო დავის შემთხვევაში;

მ) ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, კლიენტისთვის ამ კონფლიქტის წყაროსა და კლიენტზე შესაძლო უარყოფითი გავლენის გამჟღავნება;

ნ) ინფორმაცია ყველა არსებული საკომისიოსა და გადასახადის შესახებ.

2. კომპანიის კლიენტთან დასადები სტანდარტული ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს ხელშეკრულების თავსართს სახელწოდებით „ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, რომელიც უნდა მოიცავდეს ხელშეკრულების ყველა მატერიალურ პირობას. დაუშვებელია ხელშეკრულების თავსართში ასახვისას მითითება გაკეთდეს ხელშეკრულების შესაბამის მუხლებზე. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება ითვალისწინებს თანხის ინვესტირებას უცხოური ვალუტით, კომპანია ვალდებულია თავსართში გააკეთოს ჩანაწერი შემდეგი ფორმულირებით: „უცხოური ვალუტით განხორციელებული ინვესტიცია მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს“. აღნიშნულ ჩანაწერს უნდა მოსდევდეს შემდეგი ჩანაწერი: „ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს”.

3. სტანდარტული ხელშეკრულების ფორმაში შესული ნებისმიერი ცვლილება ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი უნდა იქნეს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

მუხლი 6. რისკების მართვა

1. კომპანია, რომელიც თავად არის კლიენტის მიერ პლატფორმაზე დადებული სავაჭრო გარიგების კონტრაჰენტი, ვალდებულია ყოველდღიურად წინა დღის მდგომარეობით გაიანგარიშოს კლიენტების საკუთარი კაპიტალი და უზრუნველყოს კლიენტების ნომინალურ ანგარიშზე არანაკლებ ამ თანხის შესაბამისი თანხის არსებობა.

2. კომპანია, რომელიც თავად არის კლიენტის კონტრაჰენტი, ვალდებულია, გარდა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულებისა, დამატებით ფლობდეს კლიენტების ჯამური კაპიტალის საშუალოთვიური ოდენობის 25%-ის ტოლ ლიკვიდურ სახსრებს მომავალი თვის განმავლობაში.

3.კომპანია, რომელიც თავად არის კლიენტის კონტრაჰენტი ვალდებულია მისი ნებისმიერი კლიენტი არ ფლობდეს კლიენტების ჯამური კაპიტალის 25%-ზე მეტს.

4. კომპანია, რომელიც თავად არის კლიენტის კონტრაჰენტი ვალდებულია გადააზღვიოს ტრანზაქცია, თუ კლიენტის მიერ თვის მანძილზე შეტანილი ჯამური თანხა აღემატება კომპანიის კაპიტალის 5%-ს.

5. კომპანია ვალდებულია საქმიანობის ყველა ეტაპზე უზრუნველყოს ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა.

მუხლი 7. შეზღუდვები და აკრძალვები მაღალი რისკის შემცველ ფინანსურ ინსტრუმენტებზე

1. კომპანია ვალდებულია CFD-ებით ვაჭრობაზე დააწესოს ქვემოთ ჩამოთვლილი შეზღუდვები:

ა) CFD-ებით ვაჭრობისას კომპანიამ უნდა უზრუნველყოს კლიენტისთვის მაქსიმუმ შემდეგი საკრედიტო მხარის ლიმიტების დაწესება:

ა.ა) 1:50 - CFD ძირითად სავალუტო წყვილებზე;

ა.ბ) 1:20 – CFD არაძირითად სავალუტო წყვილებზე, ოქროსა და ძირითად ინდექსებზე;

ა.გ) 1:10 – CFD ნებისმიერ საქონელზე, გარდა ოქროსი, ასევე არაძირითად ინდექსებზე;

ა.დ) 1:10 - CFD აქციებზე:

ა.ე) 1:2 - CFD კრიპტოვალუტებზე;

ბ) თუ სავაჭრო პლატფორმაზე კლიენტის ანგარიშზე არსებული ღია პოზიციებისათვის მოთხოვნილი საწყისი მარჟისა და არარეალიზებული ზარალის ჯამი ეცემა ღია პოზიციებისათვის მოთხოვნილი საწყისი მარჟის 50%-ის ოდენობამდე ან მეტით, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს კლიენტის კონკრეტულ ანგარიშთან დაკავშირებული ყველა ასეთი CFD პოზიციის დახურვა, ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პირველივე შესაძლებლობისას. თუ კომპანია თავად არის კლიენტის კონტრაჰენტი, მაშინ იგულისხმება, რომ მან 50%-ის დონეზე უნდა უზრუნველყოს პოზიციების დახურვა;

გ) კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ სავაჭრო პლატფორმა არ იძლეოდეს საშუალებას, რომ კლიენტის თითოეული სავაჭრო ანგარიშისთვის კლიენტის ჯამური კაპიტალი გახდეს უარყოფითი რიცხვი.

2. კომპანიას ეკრძალება პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ფულადი ან არაფულადი წახალისების (ბონუსი და მსგავსი შინაარსის პროდუქტები) შეთავაზება ვაჭრობის მოცულობის გაზრდის მიზნით ისეთი ინვესტორებისთვის, რომლებიც არ არიან გათვითცნობიერებული ინვესტორები.

3. კომპანიას ეკრძალება ბინარული ოფციონების მარკეტინგი, გავრცელება და მიყიდვა ისეთი ინვესტორებისთვის, რომლებიც არ არიან გათვითცნობიერებული ინვესტორები.

მუხლი 8. საბაზრო მანიპულაცია

1. კომპანიას ეკრძალება:

ა) მოახდინოს კლიენტის ანგარიშიდან ნებისმიერი პოზიციის გახსნა ან დახურვა ან ნებისმიერი ჩარევა კლიენტის ანგარიშზე გახნილ პოზიციაზე, მისი წინასწარი თანხმობის გარეშე;

ბ) პირდაპირ ან არაპირდაპირ მიაწოდოს კლიენტს ფინანსური ინსტრუმენტის ისეთი ფასი, რაც განსხვავებულია ინფორმაციის მიწოდების დროს არსებული რეალური საბაზრო ფასისგან;

გ) ჩაერიოს საბაზრო ფასების პროვაიდერი კომპანიის მიერ მიწოდებულ ფასებში და/ან მოახდინოს ფასებზე მანიპულაცია.

2. როდესაც კომპანია თავად არის გარიგების კონტრაჰენტი, იგი ვალდებულია კლიენტის სტოპ-დავალების შესრულება მოახდინოს კლიენტის მიერ მითითებულ ფასზე.

ოფიციალური წყარო

საბროკერო კომპანიები:
  1. შპს „თიბისი კაპიტალი"
  2. სს გალტ ენდ თაგარტი
  3. შპს ქართუ ბროკერი
  4. სს კაუკასუს კაპიტალ ჯგუფი
  5. შპს აბბი ასეტ მენეჯმენტი
  6. სს ჰერითიჯ სიქიურითიზ
  7. შპს ფიდელის ველს მენეჯმენტი
  8. შპს თრეიდ ჰოლდინგი
  9. სს საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი
დამოუკიდებელი რეგისტრატორები:
  1. სს კავკასრეესტრი
  2. სს საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი
  3. შპს "ეროვნული რეესტრი"
  4. სს სი ეს არ
ლიცენზირებული საფონდო ბირჟა:
  1. სს საქართველოს საფონდო ბირჟა
  2. სს თბილისის საფონდო ბირჟა
ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი:
  1. სს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი

ანგარიშვალდებული საწარმოები

კოორდინატები

ოფიციალური წყარო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №145/04

2018 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის, 52-ე მუხლის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე და 32-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

დამტკიცდეს საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესი დანართებთან ერთად.

მუხლი 2

ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2 თვის შემდეგ ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საბროკერო კომპანიის ლიცენზირების, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №34/01 ბრძანება.

მუხლი 3

ამ ბრძანების ამოქმედებამდე, საქართველოს ეროვნულ ბანკში საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის მიღების მიზნით შემოსული მიმართვები განიხილება „საბროკერო კომპანიის ლიცენზირების, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №34/01 ბრძანების შესაბამისად.

მუხლი 4

ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის მოქმედმა და ამ ბრძანების მე-3 მუხლის შესაბამისად ლიცენზირებულმა საბროკერო კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება ამ ბრძანების ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში. ამასთან, აღნიშნულ საბროკერო კომპანიებს წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აუდიტორთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულება მოეთხოვებათ 2018 წლის ფინანსური ანგარიშგებისათვის. გარდა ამისა, აღნიშნულმა საბროკერო კომპანიებმა ეროვნულ ბანკთან უნდა შეათანხმონ სავაჭრო პლატფორმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროვაიდერის პოტენციური ან არსებული კანდიდატურა.

მუხლი 5

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი

საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ:

ა) საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების საკითხებს, მათ შორის:

ა.ა) ეროვნულ ბანკში საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და ლიცენზიის გაუქმების პირობებსა და პროცესს;

ა.ბ) საბროკერო კომპანიის საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობის მიმართ მოთხოვნებს;

ა.გ) საბროკერო კომპანიის მიერ ჩანაწერების წარმოების წესს, ანგარიშგების სახეებსა და მათი ეროვნულ ბანკში წარმოდგენის პერიოდულობასა და პროცედურებს;

ა.დ) დამატებით მოთხოვნებს სავაჭრო პლატფორმის მქონე საბროკერო კომპანიის მიმართ;

ბ) უცხოური საბროკერო კომპანიის ფილიალის რეგულირების საკითხებს.

2. ამ წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესები, თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დეკლარაცია – საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სპეციალური ფორმა, რომელიც ასახავს ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს (ორგანოების) წევრის შესაბამისობას „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში – კანონი) და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან;

ბ) აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება – ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული ანგარიშგება, რომელიც აუდიტირებულია აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

გ) სავაჭრო პლატფორმა – პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ფინანსური ინსტრუმენტებით გარიგებების დადება;

დ) უცხოური საბროკერო კომპანია – განვითარებული ქვეყნების შესაბამისი ორგანოების მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს საბროკერო საქმიანობის განხორციელების უფლება;

ე) რეკონსილაცია – ერთსა და იმავე ტრანზაქციებთან დაკავშირებული სხვადასხვა ანგარიშების ან მონაცემების დადარება საბროკერო კომპანიის შიდა ჩანაწერებსა (სააღრიცხვო პროგრამა, სავაჭრო პლატფორმა) და მესამე მხარეების ჩანაწერებს შორის, რომელიმე ან ორივე მათგანში წარმოდგენილი მონაცემების სისწორის დადასტურებისა და სწორი მონაცემების დადგენის მიზნით.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. საბროკერო კომპანიის ლიცენზირება

1. ლიცენზიის მაძიებელმა საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) მიღების მიზნით ეროვნულ ბანკს უნდა მიმართოს წერილობით, რომელსაც თან უნდა დაურთოს შესაბამისი განაცხადის ფორმა (დანართი №1) და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტები, ასევე ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, კერძოდ:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (რომელიც სხვა ინფორმაციასთან ერთად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იგი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება);

ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში შეტანილი ცვლილებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით;

გ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებელი პირის მფლობელობის სტრუქტურის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მათ შორის ინფორმაციას მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერების/პარტნიორების და მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების, ასევე, შუალედური მფლობელების შესახებ. კერძოდ, ასეთ ინფორმაციას თანდართული უნდა ჰქონდეს აღნიშნული პირების შესახებ შემდეგი დოკუმენტები:

გ.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:

გ.ა.ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული ასლი;

გ.ა.ბ) ინფორმაცია მოქალაქეობის და რეზიდენტობის შესახებ;

გ.ა.გ) დეტალური ავტობიოგრაფია;

გ.ა.დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;

გ.ა.ე) მონაცემები ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლის წყაროსა და ამ შემოსავლის წარმომავლობის შესახებ;

გ.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:

გ.ბ.ა) სარეგისტრაციო დოკუმენტები;

გ.ბ.ბ) ბოლო ფინანსური წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება; იმ შემთხვევაში თუ ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების თარიღიდან ეროვნული ბანკისათვის წერილობითი მიმართვის წარდგენის თარიღამდე 6 თვეზე მეტია გასული, ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება (არსებობის შემთხვევაში აუდიტირებული);

გ.ბ.გ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;

დ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ განსახორციელებელი საბროკერო საქმიანობის სახეების ჩამონათვალი (დანართი №3-ის შესაბამისად);

ე) არსებობის შემთხვევაში, სავაჭრო პლატფორმის პროვაიდერის დასახელება და ტექნიკური მახასიათებლების აღწერა;

ვ) ლიცენზიის მაძიებელი პირის მიმდინარე ბალანსი და შესაბამისი შენიშვნები უახლესი შესაძლო თარიღისთვის (არააუდიტირებული);

ზ) ლიცენზიის მაძიებლის ბოლო ფინანსური წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება ან, იმ შემთხვევაში, თუ ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების თარიღიდან ლიცენზიის განცხადების წარდგენის თარიღამდე 6 თვეზე მეტია გასული, ნახევარი წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. აღნიშნული ფინანსური ანგარიშგება მომზადებული უნდა იყოს ისეთი აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელსაც აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს ნახევარი წლისა, იგი წარადგენს მხოლოდ მიმდინარე ბალანსს და შესაბამის შენიშვნებს (არააუდიტირებულს);

თ) ლიცენზიის მაძიებლის კაპიტალის მინიმალური ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, ინფორმაცია კაპიტალის წარმოშობის წყაროების შესახებ;

ი) ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს ყველა წევრის ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ი.ა) წერილობით დასტურს, რომ ლიცენზიის მაძიებლის მიერ შემოწმებულია დასანიშნი/ასარჩევი კანდიდატის შესახებ ინფორმაცია, რომ ის აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და რომ ეს ინფორმაცია უტყუარი და ზუსტია;

ი.ბ) ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრის განცხადებას, რომ ის სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს და მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უტყუარი და ზუსტია;

ი.გ) ინფორმაციას ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრის განათლების და გამოცდილების შესახებ (მათ შორის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლს, პირად რეზიუმესა და ორ სარეკომენდაციო წერილს);

ი.დ) ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ლიცენზიის მაძიებელი პირის მმართველი ორგანოს წევრს ჩამორთმეული არ აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება;

ი.ე) ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, მათ შორის ტერორიზმის დაფინანსებისათვის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან/და სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. ამისათვის ეროვნულ ბანკში წარმოდგენილ უნდა იქნას ცნობა ნასამართლობის შესახებ; ამასთან, ეროვნულ ბანკში წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს.

ი.ვ) ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრის მიერ შევსებულ დეკლარაციის ფორმას (დანართი № 2-ის შესაბამისად);

ი.ზ) აღმასრულებელი ფუნქციების მქონე მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში, დასანიშნი წევრის სამუშაოს აღწერილობასა და ინფორმაციას მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესახებ;

კ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

ლ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის ბიზნეს მოდელის შესახებ და მისი სტრატეგიული გეგმა;

მ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც მომავალში განთავსდება საბროკერო კომპანია;

ნ) თუ ლიცენზიის მაძიებელი პირი ჯგუფის წევრია, ინფორმაცია ჯგუფის სტრუქტურის შესახებ.

2. ამ წესის მიზნებისათვის ეროვნულ ბანკში წარმოსადგენი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტები უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. უცხოენოვანი დოკუმენტების წარმოდგენა ხორციელდება ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური ქართული თარგმანის სახით.

3. ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრები უნდა აკმაყოფილებდნენ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

4. ლიცენზიის მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას კაპიტალის მინიმალური ოდენობის შესახებ.

5. ლიცენზიის მაძიებელს უნდა გააჩნდეს საკმარისი ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ უზრუნველყოს საბროკერო საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვა.

6. ლიცენზიის განხილვის და საქმიანობის განმავლობაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში.

7. საბროკერო კომპანია უფლებამოსილია განახორციელოს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრული საქმიანობა ამავე კანონის 23​1 მუხლით განსაზღვრული ზოგადი მოთხოვნების დაცვით.

8. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ლიცენზიის მაძიებელს სალიცენზიო დოკუმენტაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის გარდა დამატებით მოსთხოვოს ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია და განუსაზღვროს მას აღნიშნული ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის წარდგენის ფორმა და ვადა.

9. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ლიცენზიის მაძიებლის წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და/ან ინფორმაციის სისწორისა და შესაბამისობის დასადასტურებლად.

10. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაადგინოს ხარვეზი და განსაზღვროს აღნიშნულის გამოსასწორებელი ვადა, ფორმა და პროცედურა.

მუხლი 4. ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმები

1. საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს ყველა წევრი კომპანიის საქმიანობის ყოველ ეტაპზე უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მიხედვით განსაზღვრულ კრიტერიუმებს კვალიფიციურობასთან, პროფესიულ გამოცდილებასთან, კომპეტენტურობასა და საქმისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულებასთან მიმართებაში. ამასთან, მმართველი ორგანოს წევრები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და არ ექცეოდნენ ამ მუხლით დადგენილი აკრძალვების ქვეშ.

2. საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს ყველა წევრს უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლება ან/და გამოცდილება და აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ პირობას მაინც:

ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი მიმართულებით/ სპეციალიზაციით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტრული აღრიცხვა, სამართალმცოდნეობა ან სხვა შესაბამისი განათლება, რომელიც საჭიროა მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად;

ბ) უნდა ჰქონდეს საფინანსო სექტორში რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 4-წლიანი გამოცდილება.

3. პირს ეკრძალება იყოს საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრი, თუ:

ა) მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საბროკერო კომპანიას ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტს ან/და შელახა საბროკერო კომპანიის კლიენტების უფლებები, ან/და გამოიწვია საბროკერო კომპანიის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება;

ბ) საბროკერო კომპანიაში ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებები;

გ) წარსულში იყო საბროკერო კომპანიის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის მმართველი ორგანოს წევრი და მისი საქმიანობის შედეგად კომპანია გადახდისუუნარო გახდა;

დ) საბროკერო კომპანიის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის მიმართ არ შეასრულა ერთი ან მეტი ფინანსური ვალდებულება;

ე) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, მათ შორის ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის;

ვ) ბოლო 5 წლის განმავლობაში დაკისრებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევისთვის.

მუხლი 5. ლიცენზიის გაცემა და ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

1. საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესისა და ამ წესის შესაბამისად.

2. საბროკერო საქმიანობის ლიცენზია არ გაიცემა, თუ:

ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი წერილობითი მიმართვა და თანდართული დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, არის არასრული, შეცდომაში შემყვანი ან არასწორი და ლიცენზიის მაძიებლის მიერ აღნიშნული გარემოება არ იქნა გამოსწორებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში;

ბ) ლიცენზიის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს;

გ) ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით ან ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

დ) ლიცენზიის მაძიებლის საქმიანობა მიიჩნევა არაჯანსაღ ან საფრთხის შემქმნელ სამეწარმეო პრაქტიკად;

ე) ლიცენზიის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის ლიცენზირებად სფეროში საქმიანობის უფლება.

3. თუ ლიცენზიის მაძიებელი პირი ეროვნულ ბანკს არ წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია განცხადების განხილვისათვის, ეროვნული ბანკი ლიცენზიის მაძიებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენისათვის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები.

4. ეროვნული ბანკი ლიცენზიის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის მაძიებლის განცხადების მიღებიდან 30 დღის ვადაში. უარის შემთხვევაში ეროვნული ბანკი ვალდებულია ლიცენზიის მაძიებელს წერილობით აცნობოს დასაბუთებული პასუხი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ლიცენზიის მაძიებელს ეროვნული ბანკის მითითებით უნდა წარმოედგინა წერილობითი მიმართვის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, განცხადების განხილვის ვადის დინება განახლდება შესაბამისი საბუთის ან ინფორმაციის წარდგენისთანავე.

6. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 6. ლიცენზიის გაუქმება

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის V თავითა და კანონის 31-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გააუქმოს საბროკერო საქმიანობის ლიცენზია.

2. ლიცენზიის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს შემდეგი შემთხვევები:

ა) საბროკერო კომპანიამ ეროვნულ ბანკს წარუდგინა მოთხოვნა ლიცენზიის გაუქმებაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილი წესით;

ბ) საბროკერო კომპანიის ლიკვიდაცია;

გ) ეროვნული ბანკი აღმოაჩენს, რომ სალიცენზიო დოკუმენტაცია იყო მცდარი ან/და შეცდომაში შემყვანი;

დ) საბროკერო კომპანიამ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები;

ე) საბროკერო კომპანია ვეღარ აკმაყოფილებს სალიცენზიო მოთხოვნებს;

ვ) საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრი არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ზ) საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრები ვერ ასრულებენ პროფესიულ პასუხისმგებლობას და/ან დაკისრებულ ვალდებულებებს;

თ) საბროკერო კომპანია ვერ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს;

ი) საბროკერო კომპანიის საქმიანობა საფრთხეს უქმნის კლიენტების, ინვესტორების ინტერესებს ან ზოგადად ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირებას; ან/და მისი საქმიანობა მიიჩნევა არაჯანსაღ ან/და საფრთხის შემქმნელ სამეწარმეო პრაქტიკად;

კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“-„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააფრთხილოს საბროკერო კომპანია და დაუწესოს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა აღმოფხვრას ნაკლოვანებები.

4. თუ საბროკერო კომპანია ვერ შეძლებს ნაკლოვანებათა აღმოფხვრას ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაიწყოს ლიცენზიის გაუქმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება.

5. ეროვნული ბანკი ვალდებულია საბროკერო კომპანიას დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

6. ეროვნული ბანკი ვალდებულია ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს აღნიშნულის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან 30 დღის ვადაში.

მუხლი 7. უცხოური საბროკერო კომპანიის ფილიალი

1. უცხოური საბროკერო კომპანიის ფილიალი ვალდებულია საქართველოში საბროკერო საქმიანობის განსახორციელებლად ეროვნულ ბანკში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) უცხოური საბროკერო კომპანიის ლიცენზირების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) საქართველოში უცხოური საბროკერო კომპანიის ფილიალის დარეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან);

გ) უცხოური საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება ფილიალის მიერ საქართველოში საბროკერო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკისთვის მიმართვის შესახებ;

დ) უცხოური საბროკერო კომპანიის ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს დასტური საქართველოში ფილიალის გახსნისა და საბროკერო საქმიანობის წარმართვის თობაზე;

ე) უცხოური საბროკერო კომპანიის მიერ მისთვის გამოყოფილი რესურსის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც დააკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრული კაპიტალის მინიმალურ ოდენობას;

ვ) განსახორციელებელი საბროკერო საქმიანობის სახეების ჩამონათვალი დანართი №3-ის შესაბამისად.

2.ეროვნული ბანკი განიხილავს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ დოკუმენტებს, მათი მიღებიდან 30 დღის ვადაში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის გარდა, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დამატებით განსაზღვროს იმ დოკუმენტაციის/ინფორმაციის ჩამონათვალი დოკუმენტაციის წარდგენის ვადისა და ფორმის მითითებით, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს ეროვნულ ბანკში უცხოური საბროკერო კომპანიის ფილიალის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებამდე.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია უცხოური საბროკერო კომპანიის ფილიალს განუსაზღვროს აღნიშნულის გამოსასწორებელი ვადა და ფორმა.

5. უცხოური საბროკერო კომპანიის ფილიალზე სრულად ვრცელდება ამ წესის მე-4 და მე-8-მე-13

მუხლების მოთხოვნები.

მუხლი 8. ფინანსური მოთხოვნები

1. საბროკერო კომპანიის საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს 500,000 (ხუთასი ათასი) ლარს, რომელიც გაანგარიშებული იქნება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

2. საბროკერო კომპანია ვალდებულია საქმიანობის ყველა ეტაპზე უზრუნველყოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობის დაცვა.

3. საბროკერო კომპანია ვალდებულია საქმიანობის ყოველ ეტაპზე გააჩნდეს კლიენტების მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარად საკმარისი ფულადი სახსრები.

მუხლი 9. საბროკერო კომპანიის საკუთარი და კლიენტის აქტივების გამიჯვნა და რეკონსილაციის ვალდებულება

1. საბროკერო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შიდა ჩანაწერებში , ბუღალტრულ პროგრამასა და , არსებობის შემთხვევაში , სავაჭრო პლატფორმაზე კლიენტების სახსრებისა და ფინანსური ინსტრუმენტების ერთმანეთისგან და საკუთარი სახსრებისგან გამიჯვნა .

2. საბროკერო კოპანია ვალდებულია კლიენტების ფულადი სახსრები განათავსოს საკუთარი სახსრებისაგან განცალკევებით ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში , საბროკერო კომპანიასა თუ ცენტრალურ დეპოზიტარში ან განვითარებულ ქვეყნებში ლიცენზირებულ ფინანსურ ინსტიტუტში გახსნილ ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე . დაუშვებელია ამ ანგარიშებზე კლიენტების ფულადი სახსრების გარდა სხვა ფულადი სახსრების განთავსება .

3. საბროკერო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს , რომ მის მიერ მესამე პირთან განთავსებული კლიენტის კუთვნილი ფინანსური ინსტრუმენტები გამიჯნული იყოს ამ მესამე პირის , საბროკერო კომპანიისა და მესამე პირის სხვა კლიენტის აქტივებისგან .

4. კლიენტების სახსრების განკარგვა უნდა ხდებოდეს მხოლოდ კლიენტთან დადებული ხელშეკრულების და /ან კლიენტების დავალებების პირობების შესაბამისად და არ უნდა მოხდეს მისი გამოყენება საბროკერო კომპანიის ან სხვა მესამე პირის საოპერაციო ან /და სხვა საქმიანობის დასაფინანსებლად .

5.საბროკერო კომპანია ვალდებულია კლიენტის კუთვნილი ფინანსური ინსტუმენტები არ გამოიყენოს საკუთარი ან ნებისმიერი სხვა პირის მიზნებისთვის , გარდა იმ შემთხვევებისა , როდესაც არსებობს მხარეებს შორის ხელშეკრულება ან კლიენტის დავალება ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებაზე შესაბამისი განსაზღვრული პირობებით .

6. საბროკერო კომპანია ვალდებულია ყოველდღიურად წინა დღის მდგომარეობით მოახდინოს კლიენტების სახსრების რეკონსილაცია ვალუტების დონეზე კომპანიის შიდა ჩანაწერებსა და მესამე მხარეების ჩანაწერებს შორის , სადაც განთავსებულია აღნიშნული კლიენტების სახსრები .

7. საბროკერო კომპანია ვალდებულია ყოველი თვის ბოლოს არსებული მდგომარეობით მოახდინოს კლიენტების სახელით მფლობელობაში არსებული ფინანსური ინსტრუმენტების რეკონსილაცია საბროკერო კომპანიის შიდა ჩანაწერებსა და მესამე მხარეების ჩანაწერებს შორის , სადაც განთავსებულია აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტები . რეკონსილაცია უნდა განხორციელდეს თვის ბოლოდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში .

8. იმ შემთხვევაში , თუ ვერ ხერხდება ამ მუხლის მე -6 და მე -7 პუნქტებით გათვალისწინებული რეკონსილაცია ან თუ საბროკერო კომპანია აღმოაჩენს არსებით ხარვეზს რეკონსილაციისას , საბროკერო კომპანია ვალდებულია შეატყობინოს ეროვნულ ბანკს ფაქტის აღმოჩენიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში .

მუხლი 10. ანგარიშგებების მომზადების ვალდებულება

1. საბროკერო კომპანია ვალდებულია მოამზადოს და ეროვნულ ბანკში წარადგინოს წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა. ზემოაღნიშნული ფინანსური ანგარიშგება დადასტურებული უნდა იყოს ისეთი აუდიტორული ფირმის მიერ, რომელსაც აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ამასთან, წლიურ აუდიტირებულ ანგარიშგებას თანდართული უნდა ჰქონდეს იმავე აუდიტორის მიერ მომზადებული წერილი მენეჯმენტისადმი და აუდიტორის განცხადება, რომ საბროკერო კომპანია აკმაყოფილებს ამ წესის მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს. ამასთან, მან უნდა დაადასტუროს კლიენტების სახსრებისა და ფინანსური ინსტრუმენტების რეკონსილაციის ანგარიშგებები ფინანსური ანგარიშგების თარიღისთვის.

2. საბროკერო კომპანია ვალდებულია მოამზადოს და ეროვნულ ბანკში წარადგინოს ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული კვარტალური ფინანსური ანგარიშგება კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო 45 კალენდარული დღისა.

3. საბროკერო კომპანია ვალდებულია მოამზადოს და ეროვნულ ბანკში წარადგინოს მიმდინარე ანგარიშგება (შეტყობინება) არაუგვიანეს შესაბამისი მოვლენის დადგომიდან 7 კალენდარული დღისა, იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მისი მნიშვნელოვანი წილის მფლობელი (10%-ზე მეტი) ან თანამშრომელი გახდება სხვა საბროკერო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან თანამშრომელი;

ბ) მისი რომელიმე თანამშრომელი გახდა საფონდო ბირჟის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ან ცენტრალური დეპოზიტარის თანამშრომელი;

გ) მისი საკუთარი კაპიტალის ოდენობა ჩამოვიდა ამ წესით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნაზე დაბლა. აღნიშნულ შემთხვევაში საბროკერო კომპანია ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად მიღებული და/ან მისაღები ღონისძიებების გეგმა-გრაფიკი. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კორექტირებები შეიტანოს წარმოდგენილ ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკში. საბროკერო კომპანიის მიერ წინამდებარე პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ეროვნული ბანკისათვის ამგვარი ინფორმაციის წარუდგენლობისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საბროკერო კომპანიას გაუუქმოს საქმიანობის ლიცენზია;

დ) თუ საბროკერო კომპანია დაიწყებს ახალი ტიპის საქმიანობას ან შეწყვეტს არსებულ საქმიანობას კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრული საქმიანობების შესაბამისად.

4. საბროკერო კომპანია ვალდებულია წარუდგინოს მიმდინარე ანგარიშგება (შეტყობინება) ქვემოთ ჩამოთვლილი გადაწყვეტილების მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებამდე სულ მცირე 10 კალენდარული დღით ადრე, თუკი იგი:

ა) გადაწყვეტს ფილიალის გახსნას ან/და დახურვას;

ბ) გადაწყვეტს საფირმო სახელწოდების შეცვლას;

გ) გადაწყვეტს რეორგანიზაციას. აღნიშნულ შემთხვევაში საბროკერო კომპანიამ ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რას ეხება რეორგანიზაცია და რა არის მისი განხორციელების მიზეზი. რეორგანიზაციის განსახორციელებლად საბროკერო კომპანიამ უნდა მიიღოს ეროვნული ბანკისგან თანხმობა. ეროვნულმა ბანკმა შეიძლება არ მისცეს თანხმობა საბროკერო კომპანიას რეორგანიზაციაზე, თუ აღნიშნული რეორგანიზაცია საფრთხეს შეუქმნის საბროკერო კომპანიისათვის მინდობილ კლიენტის ფულად სახსრებს ან/და კლიენტის ფასიან ქაღალდებს;

დ) გადაწყვეტს მმართველი ორგანოს წევრის შეცვლას.

5. საბროკერო კომპანიამ ამ მუხლში ჩამოთვლილი ანგარიშგებები (შეტყობინებები) და ანგარიშები ეროვნულ ბანკში უნდა წარადგინოს როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა იქნეს Excel-ის და PDF-ის ფორმატში.

მუხლი 11. დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოების ვალდებულება

1. საბროკერო კომპანია ვალდებულია აწარმოოს კლიენტის სახსრებისა და აქტივების განცალკევებულად აღრიცხვა როგორც კომპანიის, ისე სხვა კლიენტების სახსრებისა და აქტივებისგან.

2. საბროკერო კომპანიამ უნდა აწარმოოს და დროულად განაახლოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ჩანაწერები, კერძოდ:

ა) დეტალური ინფორმაცია ყველა დავალების შესახებ, როგორც შიდა ჩანაწერებში, ისე პირველადი დოკუმენტების სახით;

ბ) დეტალური ინფორმაცია ყველა განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ როგორც შიდა ჩანაწერებში, ისე პირველადი დოკუმენტების სახით;

გ) დოკუმენტაცია კლიენტის ანგარიშების შესახებ, რომელშიც თითოეული კლიენტის ანგარიშზე ყოველდღიურად უნდა იქნეს ასახული ყველა შესრულებული გარიგება. ამასთან, კლიენტების ანგარიშებზე ასახული ოპერაციები საშუალებას უნდა იძლეოდეს კლიენტს ჰქონდეს ინფორმაცია ყველა განხორციელებული ტრანზაქციის დეტალების შესახებ;

დ) ყველა გარიგების დასტურის ასლების ფაილი.

3. საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე საბროკერო კომპანიამ უნდა განახორციელოს ჩანაწერების და ანგარიშების წარმოება იმ სახით, რომ უზრუნველყოს მათი სიზუსტე და სისრულე.

4. ჩანაწერები უნდა იყოს შენახული ისეთი სახით, რომ შესაძლებელი იყოს ყველა შეტანილი ცვლილების, ცვლილებამდელი ჩანაწერის, ცვლილების თარიღისა და ცვლილების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის ნახვა.

5. ამ მუხლში განსაზღვრული დოკუმენტაცია და ჩანაწერები (მათ შორის, ინფორმაცია სავაჭრო პლატფორმაზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ) შესაძლებელია არსებობდეს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით და საბროკერო კომპანიამ მათი შენახვა უნდა უზრუნველყოს მინიმუმ 6 წლის ვადით.

6. საბროკერო კომპანიის დოკუმენტაცია, ჩანაწერები და ტრანზაქციების მონაცემები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეროვნული ბანკისთვის მის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.

7. თუ საბროკერო კომპანია წყვეტს საქმიანობას, იგი ვალდებულია:

ა) შეატყობინოს კლიენტებს ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან (მმართველი ორგანოს სხდომის ოქმი) გონივრულ ვადაში, თუმცა გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანამდე;

ბ) დაუბრუნოს კლიენტებს მათი კუთვნილი აქტივები წინასწარ შეთანხმებულ ანგარიშებზე;

გ) იმ შემთხვევაში, თუ საბროკერო კომპანიას უბრუნდება კლიენტისათვის გაგზავნილი კორესპოდენცია, მას უფლება აქვს:

გ.ა) გადაიტანოს კლიენტის კუთვნილი აქტივები კლიენტების ანგარიშებზე და ეროვნულ ბანკს გადასცეს ინფორმაცია ყველა ასეთი ფაქტის შესახებ ან:

გ.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გააფორმოს ხელშეკრულება სხვა საბროკერო კომპანიასთან და ამის შესახებ შეატყობინოს კლიენტებს;

დ) კლიენტების წერილობითი თანხმობის/დავალების შემთხვევაში გადასცეს ეს აქტივები სხვა საბროკერო კომპანიას ნომინალურ მფლობელობაში, კლიენტის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;

ე) საქმიანობის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა ეროვნულ ბანკს მიაწოდოს ამ მუხლში მითითებული ყველა დოკუმენტაცია/ინფორმაცია მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით.

8. თუ საბროკერო კომპანია წყვეტს საბროკერო საქმიანობას რეორგანიზაციის გამო, რეორგანიზებული კომპანიის ამ მუხლში მითითებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შენახვაზე პასუხისმგებელია ის კომპანია, რომელიც აგრძელებს არსებობას.

მუხლი 12. ორგანიზაციული მოთხოვნები

1. საბროკერო კომპანიას უნდა გააჩნდეს ადეკვატური და მისი ზომის პროპორციული ორგანიზაციული სტრუქტურა (თითოეული სტრუქტურული ერთეულის შესაბამისი ფუნქციებითა და მოვალეობებით), სისტემები, რესურსები და პროცედურები, რათა უზრუნველყოს გამართული ფუნქციონირება, საბროკერო საქმიანობის შეუფერხებელი მიწოდება და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება.

2. საბროკერო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს პროგრამული უზრუნველყოფის, ინფორმაციის დამუშავების სისტემების, სხვა ტექნიკური საშუალებებისა და სავაჭრო პლატფორმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამართული და საიმედო ფუნქციონირება.

3. საბროკერო კომპანიას უნდა გააჩნდეს სათანადო ადმინისტრაციული და სააღრიცხვო პროცედურები და შიდა კონტროლის მექანიზმები, სადაც გათვალისწინებული იქნება მათ შორის, საბროკერო საქმიანობისას წარმოშობილი შეფერხებების, კლიენტების საჩივრებისა და სხვა სახის ინციდენტების აღრიცხვა.

4. საბროკერო კომპანიას უნდა გააჩნდეს ინფორმაციული უსაფრთხოების და კონტროლის, მათ შორის, კლიენტების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ეფექტური მექანიზმები.

5. საბროკერო კომპანიას უნდა გააჩნდეს კლიენტების აქტივების ადმინისტრირების (განთავსება, განკარგვა, რეკონსილაცია, უსაფრთხოების დაცვა, კლიენტისთვის დაბრუნება) პოლიტიკა, პროცედურები და შესაბამისი ორგანიზაციული პროცესები, რათა უზრუნველყოს ამ წესის მე-9 მუხლის მოთხოვნების დაცვა და საბროკერო კომპანიის მხრიდან აქტივების არასწორი გამოყენების, მათი ცუდი ადმინისტრირების, არაადეკვატური/არაზუსტი ან არასრული ჩანაწერების წარმოების მეთოდების ან სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად კლიენტების კუთვნილი აქტივების დაკარგვის ან შემცირების რისკების მინიმუმამდე დაყვანა.

6. საბროკერო კომპანიას უნდა გააჩნდეს ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკა და პროცედურები, რომელიც საშუალებას მისცემს მოახდინოს საბროკერო საქმიანობის გაწევისას წარმოშობილი შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირება და მართვა.

7. საბროკერო კომპანიას უნდა გააჩნდეს საოპერაციო და ფინანსური რისკების მართვის ადეკვატური პოლიტიკა და პროცედურები, რაც საშუალებას მისცემს მოახდინოს საბროკერო კომპანიის საქმიანობასთან, პროცესებსა და სისტემებთან დაკავშირებული რისკების დროული იდენტიფიცირება, მართვა და მონიტორინგი.

8. საბროკერო კომპანიას უნდა გააჩნდეს საქმიანობის უწყვეტობის, უსაფრთხოებისა და საიმედოობის პროცედურები, რომელიც ითვალისწინებს სისტემების მწყობრიდან გამოსვლის ან სხვა ფორსმაჟორულ შემთხვევებში პროცესების კონტროლისა და მართვის ღონისძიებებს, რომლებიც დაფარავს ყველა შესაბამის სისტემასა და პლატფორმას.

9. საბროკერო კომპანიას უნდა გააჩნდეს ეთიკის კოდექსი.

10. საბროკერო კომპანიას უნდა გააჩნდეს შეთავაზებული/გაწეული მომსახურების ფასწარმოქმნის პოლიტიკა.

11. ამ მუხლით გათვალისწინებულ პოლიტიკასა და პროცედურებში ნათლად უნდა იყოს განსაზღვრული საბროკერო კომპანიის, კლიენტების, გარიგებებში ჩართული მესამე მხარეების უფლებები და ვალდებულებები.

12. საბროკერო კომპანია ვალდებულია გააჩნდეს ამ მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკისა და პროცედურების მონიტორინგის მექანიზმები და უზრუნველყოს მათი შესრულების კონტროლი საქმიანობის ყოველ ეტაპზე.

13. საბროკერო კომპანია ვალდებულია ეროვნულ ბანკთან შეათანხმოს სავაჭრო პლატფორმის პროვაიდერის პოტენციური ან არსებული კანდიდატურა.

მუხლი 13. საბროკერო კომპანიის მოვალეობანი კლიენტებთან ურთიერთობისას

1. საბროკერო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის კლიენტს მიაწვდის, არ იქნება მცდარი ან შეცდომაში შემყვანი.

2. კლიენტთან კომუნიკაციისას საბროკერო კომპანიამ არ უნდა გამოტოვოს ან დააკნინოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

3. საბროკერო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მიწოდებული ინფორმაციის განახლება ისე, რომ სრულდებოდეს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები.

4. საბროკერო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ მის მიერ კლიენტისთვის მიწოდებული ინფორმაცია ზუსტად და ობიექტურად ასახავდეს საბროკერო მომსახურებასთან და ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებულ რისკებს.

ოფიციალური წყარო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულება №47

2018 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

შპს „თრეიდ ჰოლდინგის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 52-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 37-ე პუნქტის, მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 09 მარტის №34/01 ბრძანებით დამტკიცებული „საბროკერო კომპანიის ლიცენზირების, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენის წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:

  1. გაიცეს შპს „თრეიდ ჰოლდინგზე“ (ს/ნ: 416331507) საბროკერო საქმიანობის ლიცენზია.
  2. შპს „თრეიდ ჰოლდინგზე“ სალიცენზიო მოწმობა გაიცეს ლიცენზიის შესაბამისი ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე.
  3. აღნიშნული განკარგულება 10 დღის განმავლობაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
  4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
  5. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

კ. გვენეტაძე

ოფიციალური წყარო

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 11 აპრილიდან სავაჭრო პლატფორმის საშუალებით უცხოური ვალუტით (ე.წ. FOREX) ან ვალუტის კურსზე დამოკიდებული ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის ორგანიზება დაექვემდებარა ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებას და მისი წარმოების უფლებამოსილება გააჩნიათ მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ელექტრონულ სავალუტო ბაზრებზე ვაჭრობისას, მხედველობაში მიიღონ ზემოაღნიშნული გარემოება და გაითვალისწინონ, რომ უცხოური ვალუტით და ვალუტის კურსზე დამოკიდებული ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობა განსაკუთრებულ რისკებთან არის დაკავშირებული და სპეციფიურ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს.

მოგიწოდებთ, საშუამავლო საქმიანობისთვის ისარგებლოთ მხოლოდ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის სერვისებით, ხოლო ლიცენზიის გარეშე ზემოაღნიშნული სერვისების განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ ეროვნულ ბანკს.

კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც 2018 წლის 21 მაისისთვის უფლებამოსილნი არიან განახორციელონ საბროკერო საქმიანობა:

  • შპს "თიბისი კაპიტალი"
  • სს "გალტ ენდ თაგარტი"
  • შპს "ქართუ ბროკერი"
  • სს "კაუკასუს კაპიტალ ჯგუფი"
  • შპს "აბბი ასეტ მენეჯმენტი"
  • სს "ჰერითიჯ სიქიურითიზ"
  • სს საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი
  • შპს "ფიდელის ველს მენეჯმენტი"
  • შპს "თრეიდ ჰოლდინგი"

ოფიციალური წყარო

საბროკერო კომპანიის კლიენტების თანხების უსაფრთხოებას და დაცულობას უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება #145/04-ის მუხლი 9.

1. საბროკერო კომპანია ვალდებულია გამიჯნოს საკუთარი სახსრები კლიენტის სახსრებისაგან. ასმასთანავე, კლიენტების სახსრების განკარგვა უნდა მოხდეს ხელშეკრულების თანახმად მიღებული მხოლოდ მათივე დავალებების შესაბამისად. !კომპანიას არ აქვს უფლება გამოიყენოს კლიენტის სახსრები თავის ან სხვა მესამე პირის საოპერაციო ან/და სხვა საქმიანობის დასაფინანსებლად.

2. საბროკერო კომპანია ვალდებულია ყოველდღიურად წინა დღის მდგომარეობით მოახდინოს კლიენტების სახსრების რეკონსილაცია. კომპანიას ეკრძალება იყოს კონტრაჰენტი თუ არ ფლობს კლიენტების მიერ შემოტანილი თანხების 25%-ზე მეტ თავისუფალ აქტივს. კომპანიას შეუძლია იყოს კონტრაჰენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კლიენტის მიერ შემოტანილი თანხა არის მისი ფულადი კაპიტალის 5%.

მაგ.: კომპანიას აქვს 1 000 000 ლარი ფულადი კაპიტალი. კლიენტს სურს პლათფორმზე განათავსოს 60 000ლარი ერთი თვის განმავლობაში. რადგან კლიენტის თანხა არის საბროკერო კომპანიის ფულადი კაპიტალის 5%-ზე (1 000 000*5%=50 000) მეტი კომპანია ვალდებულია არ იყოს ამ კლიენტის კონტრაჰენტი.

საბროკერო კომპანია არის შვეიცარული ბანკის Swissquote-ს,Exante, Liquidity და Lmax ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, შესაბამისად ისინი არიან ლიკვიდურობის პროვაიდერები და კლიენტები სარგებლობენ MT5 პლათფორმით, რომელიც არის პირველი ქართულენოვანი პლათფორმა. კლიენტისა და კომპანიის ანგარიშები გამიჯნულია როგორც საქართველოში მომსახურე საბანკო სისტემაში, ასევე ლიკვიდურობის პროვაიდერების მიერ მომსახურე ბანკებშიც HSBC,Barclay,Swissquote SA რაც იმას ნიშნვას, რომ ჩვენთან რეგისტრაციისთანავე კლიენტს ასევე ეხსნება სავაჭრო ანგარიში პლატფორმა-ში, სადაც რეალურად აისახება მის მიერ შემოტანილი თანხის სრული ოდენობა. ამ თანხის განკარგვის არც უფლება და არც ტექნიკური შესაძლებლობა საბროკერო კომპანიას არ აქვს.

სეგრირებული ანგარიში

კლიენტის სახსრები მთლიანად განცალკევებულია კომპანიის საოპერაციო სახსრებისგან და ინახება სხვადასხვა საბანკო დაწესებულებაში,რაც უზრუნველყოფს ტრეიდერების ფინანსების დაცვას. შპს თრეიდ ჰოლდინგი არ გამოიყენებს მომხმარებლების სახსრებს თავის საქმიანობაში ან სხვა ინვესტიციების განხორცილებაში.

ბანკებთან თანამშრომლობა

შპს თრეიდ ჰოლდინგი თანამშრომლობს რამდენიმე ბანკთან. გთხოვთ, იხილოთ თანხის შეტანა და გატანა,დეტალური ინფორმაციის მისაღებად

დაშიფვრის ტექნიკა

შპს თრეიდ ჰოლდინგი იყენებს ქსელის კრიპტოგრაფიულ პროტოკოლს SSL (Secure Sockets Layer) კლიენტებთან უსაფრთხო კავშირის უზრუნველსაყოფად, გარიგების დროს მათ დასაცავად და აგრეთვე მათი კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად.

    1. სერვერზე მომხმარებლის იდენტიფიკაციისა და ავთენტიფიკაციის პოლიტიკის გამოყენება, რათა მონაცემების გადატანა მოხდეს მომხმარებლის სწორ ტერმინალსა და სერვერს შორის.

    2. მონაცემთა დაშიფვრა მათი გადაცემის დროს, მესამე პირების მიერ ინფორმაციის ქურდობის თავიდან ასაცილებლად.

    3. მონაცემთა მთლიანობის შენარჩუნება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი უცვლელი დარჩეს გადაცემის დროს.

ჩვენ გვაქვს მკაფიო ფინანსური პირობები და ინფორმაციის გამჭვირვალე პოლიტიკა

შპს თრეიდ ჰოლდინგი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს საქმიანობის სრული გამჭვირვალობა, ჩვენ ვიცავთ მკაცრ ფინანსურ სტანდარტებს. ასევე, ჩვენ ვალდებულნი ვართ პერიოდულად ჩავაბაროთ ანგარიში, ჩვენი საქმიანობის მარეგულირებელ ორგანიზაციებს.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: