ფედრეზერვმა განაკვეთი ისევ გაზარდა, პაუელი ინფლაციასთან ბრძოლას გააგრძელებს
27-Jul-2022 23:38:42
როგორც მოსალოდნელი იყო, შეერთებული შტატების ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, დოლარზე განაკვეთი გაზარდა. ზედიზედ მეორედ, ეს სამი მეოთხედი პროცენტით მოხდა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. ფედრეზერვის ასეთი ქორული ქმედების მიზეზი, ისევ და ისევ, სწრაფად მზარდი ინფლაციაა, როგორიც 1980-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა.
ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც შრომის ბაზარი მყარად ვითარდება, არსებობს რისკები, რომლებიც გამოც მონეტარული პოლიტიკის სწრაფად გამკაცრება აუცილებელია. ასეთ რისკებს შორის მთავარი ინფლაციაა. იმავდროულად, პაუელმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ქვეყანას რეცესიის საშიშროება არ ელოდება.
ფედრეზერვმა ზედიზედ ორჯერ გაზარდა სადღეღამისო განაკვეთი 0.75 პროცენტით, რის შემდეგაც, განაკვეთი 2.25- 2.50 დიაპაზონში მოექცა. მონტარული პოლიტიკის გამკაცრების ასეთი სწრაფი ტემპი, ფედრეზერვს 1980-იანი წლების შემდეგ არ ჰქონია. მაშინ ფედრეზერვის შეფ პოლ ვოლკერს, უმწვავეს ინფლაციასთან ბრძოლა უწევდა, რომელმაც ორნიშნა რიცხვს მიღწია. ამას კი ზედიზედ ორი რეცესიული პერიოდი მოჰყვა.
სამომხმარებლო ფასების ზრდა 10 პროცენტამდე ჯერ არ გაზრდილა, მაგრამ აქედან არც ისე შორსაა - 9.1 პროცენტი უკვე საგანგაშო ნიშნულია, რომელიც სწრაფ რეაგირებას მოითხოვს.
პაუელის თქმით, რეცესია ამჯერად საჭირო არ იქნება იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარდეს. მაგრამ აღიარებს, რომ ეკონომიკა შენელებას აგრძელებს. უფრო მეტიც, შენელება გარკვეული დროით უნდა გაგრძელდეს, რათა ფედრეზერვმა ფასების ზრდა შეაჩეროს და ინფლაციის მიზნობრივ დონეზე დაბრუნება შეძლოს.
პაუელმა ასევე განაცხადა, რომ თუ ინფლაციის მოთოკვა ვერ მოხერხდა, ფედრეზერვი თავის მომდევნო სხდომებზეც გააგრძელებს განაკვეთის სწრაფი ტემპით აწევას.