ევროზონის ეკონომიკა მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა
29-Jul-2022 17:23:58
ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ ევროზონის ეკონომიკა მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა. ეკონომისტები ვარაუდობდნენ, რომ სწრაფად მზარდი ინფლაციის გამო, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) შემცირდებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.
ევროს მოქმედების ზონაში მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 0.7 პროცენტით გაიზარდა. წინ კვარტალში ზრდამ 0.6 პროცენტს მიაღწია, ეკონომისტები კი ვარაუდობდნენ, რომ ეკონომიკის მაჩვენებელი მხოლოდ 0.2 პროცენტი იქნებოდა.
ზრდა მეტწილად ესპანეთსა და იტალიაში ეკონომიკის გაჯანსაღების სწრაფი ტემპით არის გამოწვეული. ამ ქვეყნებში შესაბამისად, მშპ-ის ზრდამ 1.1 და 1.0 პროცენტს მიაღწია. ანლიტიკოსების შეფასების შესაბამისად, ამ ორ სახელმწიფოში, მხოლოდ 0.4 და 0.3-პროცენტიანი ზრდა იყო მოსალოდნელი.
დაბალი, თუმცა მოსალოდნლზე მეტი ზრდა დაფიქსირდა საფრანგეთში. აქ ანალიტიკოსები მხოლოდ 0.2-პროცენტიან ზრდას ელოდნენ, მაგრამ გამოქვეყნებული მაჩვენებელი 0.5 პროცენტია.
რაც შეეხება ევროპის უდიდეს ეკონომიკას - გერმანიას, აქ მოლოდინი 0.1-პროცენტიანი ზრდა იყო, თუმცა ნულოვანი მაჩვენებელი გამოქვეყნდა, რაც ნიშნავს, რომ გერმანია რეცესიის პირასაა.
მშპ-ის სტატისტიკების გარდა, ასევე გამოქვეყნდა ინფლაციის მონცემები. ივლისში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 8.9 პროცენტი იყო (ზრდა წინა წლის ივლისთან შედარებით), რაც ივნისის მაჩვენებელზე 0.3 პროცენტით მეტია. ანალიტიკოსები მოელოდნენ, რომ ინფლაცია არ გაიზრდებოდა.