EURUSD - ჯერ 2016 წლის მინიმუმი, შემდეგ კი პარიტეტიც?
28-Apr-2022 20:52:56
EURUSD მკვეთრ ვარდნას აგრძელებს, რასაც ძირითადად, დოლარის გამყარება განაპირობებს. ვარდნა იმდენად ძლიერია, რომ 2020 წლის მარტის მინიმუმმა (1.0636) მხარდაჭერის როლი მცირედითაც ვერ შეასრულა. ამ მომენტში, წყვილი 1.05 დონის სიახლოვესაა და მცირე კონსოლიდაციას ასრულებს. სავარაუდოდ, მხარდაჭერის უახლოესი დონის როლში მალე ვიხილავთ 1.0340-ს, რომელიც 2016 წელს დაფიქსირდა.
ამის იქით, არის დონეები, რომლებიც ბოლო 20 წელიწადში არ დაფიქსირებულა. უფრო შორს კი პარიტეტის აჩრდილიც ჩანს, რომლის პერსპექტივაც, ანალიტიკოსთა ყურადღებას, პერიოდულად იქცევს ხოლმე. მაგრამ აქამდე საქმე ჯერ არ მისულა. ახლა კი სულ სხვა სიტუაციაა - იმ დროს, როდესაც ამერიკის ფედრეზერვი მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის პროცესს აჩქარებს (ჯერ მხოლოდ ფედრეზერვის წევრთა რიტორიკით, რაც მალე რეალობადაც იქცევა), ევროპა უაღრესად კონსერვატიულ პოზიციას ინარჩუნებს და რეკორდულად დაბალ განაკვეთს ტოვებს. ეს გარემოება, ევრო-დოლარის წყვილის ვარდნის გაგრძელების ძირითადი მასაზრდოებელია.
მოკლედ, ბაზრის განწყობა დათვურია (დაღმავალია). მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, წყვილის 2016 წლის მინიმუმთან მიახლოება საინტერესო იქნება. მისი გადალახვის შემთხვევაში, პარიტეტი რეალურად გამოჩნდება და ორი წამყვანი ვალუტის კურსების გათანაბრება, მხარდაჭერის მომდევნო დონის როლში მოგვევლინება.
თუ მოხდა, 1.0340-სგან არეკვლა შეიძლება მკვეთრი იყოს, რაც გამყიდველთა გამოფიტვაზე მიგვანიშნებს. აქ წყვილის ვარდნა შეისვენებს. მაგრამ იმისთვის, რომ ტრენდი შეიცვალოს, აუცილებელი იქნება უფრო მაღალი წვერის და უფრო მაღალი ძირის დაფიქსირება.
მსგავსი სიტუაცია 2015 წელსაც იყო. მაშინ პარიტეტი გარდაუვალად მოჩანდა, წყვილი თითქმის 1.40-დან 1.04-მდე დაეცა, მაგრამ პარიტეტისკენ აღარ დაეშვა. აქ დაიწყო კონსოლიდაციის ხანგრძლივი პროცესი, რასაც 2017 წელს პარიტეტის კიდვ ერთი „საფრთხე“ მოჰყვა და წყვილმა 1.0348-მდე დაიწია, თუმცა შემდეგ მკვეთრი ზრდა დაიწყო.