ECB-ს პანეტა ბონდბის შესყიდვის გაგრძელებას ემხრობა
25-Nov-2021 09:41:57
ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) აღმასრულებელთა საბჭოს წევრი ფაბიო პანეტა თვლის, რომ ბანკმა უნდა გააგრძელოს რბილი მონტარული პოლიტიკა, რადგან კორონავირუსის პანდემია ჯერჯერობით ისევ მძვინვარებს და ამ ეტაპზე, ფასების ზრდაც კონტროლს ექვემდებარება.
ცენტრალური ბანკი თავის დეკემბრის სხდომაზე, აქტივების საგანგებო შესყიდვის პროგრამის (PEPP) შეკვეცის გეგმას განიხილავს. პროგრამა 1.85 ტრილიონი ევროს ღირებულების აქტივების შესყიდვას ითვალისწინებს. პროგრამა მარტში უნდა დასრულდეს და ECB ამ ეტაპზე განიხილავს საკითხს, რომელიც მომავალში ბონდების შესყიდვების მოცულობას ეხება.
ECB-ს აღმასრულებელთა საბჭოში, რომელიც ექვსი წევრისგან შედგება, პანეტა ყველაზე გამორჩეულ „მტრედად“ მიიჩნევა. ის ამ თიკუნს ამართლებს და ამბობს, რომ ცენტრალურმა ბანკმა, ობლიგაციების ბაზრის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს.
„ჯერ ერთი, ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა და ევრო ზონის რიგი ქვეყნების მიერ, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების კვლავ შემოღება იმის ნიშანია, რომ პანდემიის დასრულებამდე ჯერ შორია. მეორეც, შესყიდვების დაუსაბუთებელი, მკვეთრი შემცირება, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ნიშანი იქნება, რაც შექმნილ სიტუაციაში გაუმართლებელია“, - ამბობს პანეტა.
ის თვლის, რომ ინფლაციის მაღალი დონე (ოქტომბრის მაჩვენებელი 4.1 პროცენტია, რაც ECB-ს მიზნობრივ დონეზე ორჯერ მეტია), დროებითი ფაქტორებით არის გამოწვეული, რომელთა შორისაც არის ნავთობის ფასების ზრდა და გლობალურ ბაზარზე, მიწოდების სფეროში წარმოქმნილი შეფერხებები. ამის გათვალისწინებით, მონტარული პოლიტიკის გამკაცრების დაწყებას, სასურველი შედეგი არ ექნება.