ECB ბონდების შესყიდვის პროგრამას ალბათ მომავალ წელსაც გააგრძელებს
30-Nov-2021 13:58:53
ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ვიცე პრეზიდენტმა ლუის დე გვინდოსმა გაზეთ „ლეს ექოსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ცენტრალური ბანკი ბონდების შესყიდვის პროგრამას მომავალ წელსაც გააგრძელებს. პროგრამის მიზანი, ევრო კავშირის ქვეყნების ეკონომიკების მხარდაჭერაა, რაც კორონავირუსის ახალი ვარიანტის (ომიკრონი) გავრცელების შემდეგ, კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
უფრო მეტიც, მანვე კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ ცენტრალური ბანკი მომავალ წელს არც განკვეთის გაზრდას აპირებს. მისი თქმით, ბაზარი განაკვეთის ზრდას მას შემდეგ უნდა ელოდოს, რაც რაოდენობრივი შერბილების პოლიტიკა დასრულდება.
დე გვინდოსი ფრთხილად საუბრობს 2023 წელს მოსალოდნელ მოვლენებზეც. მისგან განსხვავებით, ცენტრალური ბანკის კიდევ ერთი ესპანელი დიდმოხელე პაბლო ერნანდეს დე კოსმა ახლახანს განაცხადა, რომ მომავალი წლის შემდეგაც, „გარკვეული დროის განმავლობაში“, განაკვეთის ზრდა მოსალოდნელი არ არის.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ აქტივების შესყიდვები მომავალ წელსაც გაგრძელდება. მაგრამ ამის შემდეგ რა იქნება, ამაზე ჯერ არაფრის თქმა შემიძლია“, - ამბობს დე გვინდოსი.
მას ნაკლებად ანაღვლებს კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების საშიშროება, რადგან თვლის, რომ ბლოკის ეკონომიკა პანდემიის პირობებთან საკმაოდ ადაპტირებულია. წარმატებული ვაქცინაცია კი, ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ კარგად მუშაობს.
საგანგებო შესყიდვების საგანგებო პროგრამა (PEPP), რომლის მოცულობაც 1.85 ტრილიონი ევროთია განსაზღვრული, მარტში უნდა დასრულდეს. თუმცა დიდი ალბათობით, ECB მას საჭიროებისამებრ გააგრძელებს.