ლაგარდი - ინფლაციის ზრდაზე ნაჩქარევი რეაგირება საჭირო არაა
20-Nov-2021 21:44:38
ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი ამბობს, რომ ევრო ზონაში ინფლაცია კლებას დაიწყებს და ამიტომ, ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ნაადრევი გამკაცრება არ უნდა დაიწყოს. ამ შემთხვევაში, დიდი იქნება იმის რისკი, რომ ბანკის ქმედება, ეკონომიკის აღდგენის პროცესს შეაფერხებს.
უფრო მეტიც, ლაგარდი ამბობს, რომ ჯერჯერობით, ბონდების შესყიდვების პროგრამის შენარჩუნებაც აუცილებელია. დიდწილად ეს გამოწვეულია იმით, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანა ლოკდაუნის რეჟიმს დაუბრუნდა, რა დროსაც, ეკონომიკის სტიმულირება აუცილებელი იქნება.
რიგი მიზეზების გამო, რომელთა შორისაც, ერთ-ერთი მთავარი, ბაზარზე უზარმაზარი ფულადი მასის გამოტანაა (სწორედ ბონდების შესყიდვების საშუალებით), ოქტომბერში ევრო ზონაში ინფლაციამ 4.1 პროცენტს მიაღწია. ინფლაციის ზრდის დროებით ფაქტორებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ენერგო მატარებლებზე ფასების ზრდაა. ცენტრალური ბანკი ვარაუდობს, რომ სამომხმრებლო ფასების ზრდა მომავალ წელსაც გაგრძელდება. შესაბამისად, ზონაში ინფლაცია, ECB-ს მიზნობრივ 2-პროცენტიან დონეზე მაღლა დარჩება.
ამის მიუხედავად, ლაგარდი და ECB-ს მონეტარული საბჭოს წევრთა უმეტესობა თვლის, რომ გრძელვადიან პერიოდში, ინფლაციის მაჩვენებელი დასახელებულ ზღვართან ახლოს დარჩება. ეს კი მათთვის საკმარისი საბაბია იმისთვის, რომ არ იჩქარონ. ლაგარდ თვლის, რომ ცენტრალურმა ბანკმა, ეკონომიკის სტიმულირება უნდა გააგრძელოს.
„როდესაც არის იმის მოლოდინი, რომ ინფლაციური ზეწოლა დაიკლებს, პოლიტიკის გამკაცრებით რეაგირება საჭირო არაა. თუ პოლიტიკის გამკაცრებას დავიწყებთ, ამით ეკონომიკის აღდგენის პროცესს შევაფერხებთ“, - ამბობს ლაგარდი.
ასეა თუ ისე, ევროპის ცენტრალური ბანკი, ბონდბის შესყიდვის პროგრამასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას წლის ბოლო სხდომაზე მიიღებს, რომელიც 16 დეკემბერს გაიმართება.