ფუნდამენტური ანალიზი

ევროკომისია ეკონომიკის პროგნოზს აუმჯობესებს

13-Feb-2023 18:21:09

ევროკომისიამ ევროკავშირის ეკონომიკური პროგნოზი გაზარდა და გამოაცხადა, რომ ბლოკი დიდი ალბათობით, დაძლევს რეცესიის საშიშროებას, რაც დიდწილად, საწვავზე ფასების კლების ხარჯზე მოხდება. მაგრამ იმავდროულად გამოცხადდა, რომ ინფლაციური ზეწოლა კვლავაც ძლიერია.

ზამთრის შუალედურ პროგნოზში, ევროკავშირის აღმასრულებელი საბჭო მოელის, რომ 27 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკის ეკონომიკა, 2023 წელს 0.8 პროცენტით გაიზრდება. შედარებისთვის, შემოდგომის პროგნოზის შესაბამისად, 0.5-პროცენტიანი ზრდა იყო მოსალოდნელი. ოდნავ მეტი, 0.9-პროცენტიანი ზრდა არის მოსალოდნელი ევრო ზონაში, სადაც მიმოქცევაში ევროა. წინა პროგნოზით, ზრდა 0.6 პროცენტი უნდა ყოფილიყო.

გარდა ამისა, ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2022 წელს 3.5 პროცენტი შეადგინა, 0.3 პროცენტით მეტი, ვიდრე პროგნოზით იყო მოსალოდნელი.

ენერგორესურსების ფასების ზრდის მთავარი მიზეზი, რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომი და ამის გამო, დასავლეთის მხრიდან, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციებია. სანქციები ენრგო რესურსებსაც შეეხო, რამაც ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. თუმცა ეს პრობლემა პრაქტიკულად მოგვარდა და ინფლაციის ეს ძირითადი წყარო „კალაპოტში“ მოექცა.

გამოცოცხლება დაეტყო ევროკავშირის შრომის ბაზარსაც. შარშან უმუშევრობის დონე ყველა დროის მინიმუმამდე, 6.1 პროცენტამდე დაეცა. გაუმჯობესებისკენ მიდის სამომხმარებლო და ბიზნესის თავდაჯერების კოეფიციენტებიც. ამის საფუძველზე, ბევრი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ეკონომისტები 2023 წლის პირველ კვარტალში რეცესიას არ ელიან.

ახალი პროგნოზის შესაბამისად, ინფლაციის დონე წელს 6.4 პროცენტამდე დაიწევს (შარშანდელი 9.2 პროცენტიდან). 2024 წლისთვის ინფლაციის პროგნოზი 2.8 პროცენტია. შემოდგომის პროგნოზით, წელს 7.0-პროცენტიანი ინფლაცია იყო მოსალოდნელი, მომავალ წელს კი ის 3.0 პროცენტამდე უნდა შემცირებულიყო.

თუმცა არის ერთი გარემოება: ენერგორესურსების ფასები პერიოდულად იზრდება და ძირეული ინფლაცია, რომელიც საწვავზე და სურსათზე ფასებს არ მოიცავს, იანვარში გაიზრდა. ეს კი არის იმის საფუძველი, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრების პროცესი გააგრძელოს.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: