ბრექსიტთან დაკავშირებული ოპტიმიზმი სტერლინგს აძლიერებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ბრექსიტთან დაკავშირებული ოპტიმიზმი სტერლინგს აძლიერებს

ბრექსიტთან დაკავშირებით, ოპტიმისტური ინფორმაციის გავრცელებამ, სტერლინგის მკვეთრი გამყარება გამოიწვია. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონსა და ირლანდიის პრემიერ მინისტრ ლეო ვარადკარს შორის გამრთული მოლაპარაკების შემდეგ, მათ ერთობლივად განაცხადეს, რომ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა გამოიკვეთა.

პრემიერ მინისტრებმა აღიარეს, რომ ხელშეკრულება ორივე მხარის ინტერესშია. ამასთან, ვარადკარი დარწმუნებულია, რომ ხელშეკრულების გაფორმება ბრექსიტის ვადის (31 ოქტომბერი) გასვლამდე მოესწრება. შეხვედრის შემდგომ გამოქვეყნებულ პრეს რელიზებში დაკონკრეტებული არ არის ასეთი ოპტიმიზმის მიზეზები.

გავრცელებული ინფორმაცია საკმარისი საბაბი იყო იმისათვის, რომ „დოიჩე ბანკს“ სტერლინგის გაყიდვის რეკომენდაცია გაეუქმებინა. ანალიტიკოსები ელიან, რომ მოლაპარაკების წარმატებულად გაგრძელების შემთხვევაში, სტერლინგზე მოკლე პოზიციები სულ უფრო მეტად წამგებიანი გახდება.

ამ მომენტისთვის, დღიურ გრაფიკზე სტერლინგი დოლართან წყვილში, თითქმის 400 პუნქტით არის გამყარებული. სტატისტიკური მონაცემებით, სტერლინგს 2009 წლის შემდეგ, ასეთი ძლიერი ორდღიანი მონაკვეთი არ ჰქონია.

პარალელურად, გამოისახა პერსპექტივა ჩინეთ-აშშ-ს შორის სავაჭრო ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებაზეც. მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ დაძაბულობის განელება შესაძლებელია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის ვიცე პრემიერ  ლიუ ჰეს შეხვდება. რაც მთავარია, ის მოლაპარაკების მიმდინარეობით ძალიან კმაყოფილია.

უფრო მეტიც, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპენმა განაცხადა, რომ მომავალი წლიდან ჩინეთის საფინანსო ბაზარზე მომუშავე უცხოურ კომპანიებს, ადგილობრივი კომპანიების ფლობის წილობრივი შეზღუდვები მოეხსნებათ. ეს კი ამერიკის მხარის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა.