ტრამპი „შესაძლოა“ ნანობს პაუელის დანიშვნას

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე
სიახლეები
ტრამპი „შესაძლოა“ ნანობს პაუელის დანიშვნას

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი და განაცხადა, რომ „შესაძლოა“ ნანობს ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად მის არჩევას. ის უკვე ორჭოფობს, როცა ეკითხებიან, თუ რა შემთხვევაში შეიძლება პაუელი დაითხოვოს.

„უოლ სტრიტ ჯორნელთან“ საუბრისას ტრამპმა განაცხადა, პაუელს გამიზნულად პირდაპირ მიანიშნა, რომ დოლარზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი სურს. თუმცა კარგად აცნობიერებს, რომ ცენტრალური ბანკი სრულად დამოუკიდებელი სუბიექტია და არა ვინმეს, თუნდაც პრეზიდენტის დირექტივების შემსრულებელი.

ინტერვიუს დროს ტრამპმა განაცხადა, რომ „როგორც ჩანს, პაუელი განაკვეთის აწევით კმაყოფილია“ და რომ ჯერჯერობით ნაადრევია ლაპარაკი იმაზე, რომ ის ნანობს მის დანიშვნას. ამასთან, ტრამპმა თავი აარიდა პასუხს კითხვაზე, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დაითხოვოს ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე. მისი პასუხი მოკლე იყო - „არ ვიცი“. არადა, ადრე მას ნათქვამი აქვს, რომ პაუელის დათხოვნას არ აპირებს.

კანონის შესაბამისად, პრეზიდენტს ფედრეზერვის თავმჯდომარის დათხოვნის უფლება აქვს, ოღონდ მასში არაა ლაპარაკი იმაზე, თუ რა მიზეზით შეიძლება ეს მოხდეს.

ტრამპი პაუელის მიმართ რიტორიკას თანდათან ამკაცრებს. ახლახანს მან ცენტრალური ბანკის შეფს თავისი „ყველაზე დიდი საფრთხე“ უწოდა და სააქციო ბაზრებზე მასობრივი გაყიდვების გამოწვევაში დაადანაშაულა.

ფედერალურმ რეზერვმა წელს დოლარზე განაკვეთი სამჯერ ასწია და სავარაუდოდ, დეკემბრის სხდომაზე ამას მეოთხედაც გააკეთებს. ტრამპის პრეზიდენტობისას განაკვეთი უკვე ექვსჯერ გაიზარდა. ფედრეზერვისთვის განკვეთის მიზნობრივი არეალია 2-2.25 პროცენტი, რაც ისტორიული სტანდარტებით, მაღალი არაა. უფრო მეტიც, ინფლაციის მიზნობრივ 2-პროცენტიან დონესთანასთან ფარდობით, მოკლევადიანი განაკვეთის დასახელებული არეალი, თითქმის ნულოვანია.