სტერლინგი ზრდას აგრძელებს

მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეები
სიახლეები
სტერლინგი ზრდას აგრძელებს

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის ბანკმა სტერლინგზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა, ბრიტანული ვალუტის კურსი ზრდას მაინც აგრძელებს. დოლართან წყვილში, მან უკვე შეძლო ფსილოქოგიური ზღვარის - 1.3000 დოლარის გადალახვა და ამჟამად მის ზემოთ დამკვიდრებას ცდილობს.

სტერლინგის გამყარებას პირველ რიგში, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ტერეზა მეისა და ევროკავშირს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები იწვევს, რომლებზეც ფინანსურ სფეროში ორმხრივი თავისუფალი წვდომის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, წინასწარი შეთანხმებაა მიღწეული. ორივე მხარის ოფიციალური პირები, ამ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებენ, თუმცა სტერლინგის გამყარებას ამან ხელი ვერ შეუშალა.

სტერლინგს მეორე ძლიერი ბიძგი, ინგლისის ბანკის მმართველ მარკ კარნის განცხადებამ მისცა. მისი თქმით, თუ ბრექსიტის პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის, ბანკი სტერლინგზე განაკვეთს უფრო სწრაფი ტემპით გაზრდის, ვიდრე ამას ბაზარი მოელის. მაგრამ კარნიმ ისიც დაამატა, რომ „ხისტი ბრექსიტის“ შემთხვევაში, ყველაფერი აირევა.

ფინანსური სერვისების სექტორი, ბრიტანეთის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. და თუ ბრიტანეთს კონტინენტური ევროპის ფინანსურ სექტორთან თავისუფალი წვდომა შეუნარჩუნდება, ეს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს. მესამე ფაქტორი, რაც სტერლინგის ზრდას უზრუნველყოფს, დოლარის მიერ პოზიციის დათმობაა. იმავდროულად, სტერლინგმა პოზიციები ევროსთან წყვილში ნახევარი პროცენტით გაიმყარა.

საერთო ჯამში, სტერლინგმა წელს მეორე ყველზე მკვეთრი ერთდღიანი აღმასვლა განახორციელა, თუმცა ინვესტორების საშუალოვადიანი განწყობა მაინც დათვურია. მათ შორისაა „მორგან სტენლი“, რომლის სავალუტო სტრატეგები, კვლავ მოკლე პოზიციებს ინარჩუნებენ. თუმცა ბევრმა ჰეჯ ფონდმა, საკუთარი მოკლე პოზიციების ნაწილი სასწრაფოდ დახურა.