სავაჭრო ომის ესკალაციის საშიშროება დოლარს აძლიერებს

მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეები
სიახლეები
სავაჭრო ომის ესკალაციის საშიშროება დოლარს აძლიერებს

დოლარმა ბოლო ორთვენახევრის მაქსიმალურ ნიშნულს მას შემდეგ მიაღწია, რაც აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო ომის შემდგომი ესკალაციის რეალური საშიშროება გაჩნდა. მყარი დოლარის ფონზე, ევრომ პოზიცია დათმო და ახლა ევროხარები, ევრო ზონის მშპ-ს და გერმანიის ინფლაციის დადებითი მონაცემების იმედზე არიან.

ინვესტორებმა დოლარის შესყიდვა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ბლუმბერგმა გამოაქვეყნა ცნობა იმის თაობაზე, რომ ვაშინგტონი ჩინური იმპორტის დარჩენილ ნაწილზეც გეგმავს ტარიფების გაზრდას. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა შედეგით დასრულდება შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპენს შორის.

მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის მეთაურთა შეხვედრა G20-ის სამმიტზე იგეგმება, რომელსაც არგენტინა ნოემბრის ბოლოს უმასპინძლებს. თუ მასზე ტრამპი და ძინპენი რამე ხელშესახებ პროგრესს ვერ მიაღწევენ, აშშ-ის პრეზიდენტი ტარიფების ახალ ტალღას ააგორებს - ახალი ტარიფებით ჯერაც დაუბეგრავ ჩინურ პროდუქციაზე (რომლის ჯამური ღირებულებაც 267 მილიარდ დოლარს აღწევს), ტარიფს 10 პროცენტით გაზრდის.

დოლარის ინდექსი, რომელიც ექვსი წამყვანი ვალუტისადმი, ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, 0.2 პროცენტით, 96.806-მდე გაიზარდა. ეს კი ახლოსაა ბოლო ორთვენახევრის მაქსიმალურ მაჩვენებელთან (96.860), რომელიც წინა კვირაში დაფიქსირდა.

დოლარის გამყარების ფონზე, თითქმის ბოლო 10 კვირის მინიმალურ მაჩვენებლამდე (1.1332) შემცირდა დოლართან ევროს ფასი. ამჟამად, 1 ევროს ფასი 1.1377 დოლარის სიახლოვეს მერყეობს. ევროს დასუსტებას, ხელი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებამაც შეუწყო იმის შესახებ, რომ თანამდებობის შესანარჩუნებლად კენჭისყრას აღარ აპირებს. რა თქმა უნდა, ევროს სისუსტეს, რომსა და ბრიუსელს შორის, იტალიის ბიუჯეტთან დაკავშირებით არსებული დაძაბულობაც განაპირობებს.

პოზიციები იაპონურმა იენმაც დათმო. იენის დასუსტება მას შემდეგ დაიწყო, რაც იაპონელმა ინვესტორებმა თავიანთი რესურსები, ოფშორული კომპანიების აქციებისკენ მიმართეს. იენი 0.4 პროცენტით დაეცა, რის შემდეგაც 1 დოლარის ფასი 112.855 იენამდე გაიზარდა.

გარდა ამისა, ამ კვირაში იაპონიის ბანკმა მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. „ბენკ ოფ ამერიკა მერილ ლინჩის“ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ იაპონიის ბანკი თავის მონეტარულ პოლიტიკას არ შეცვლის, რადგან ინფლაცია ჯერაც შორსაა მიზნობრივი 2-პროცენტიანი დონისგან. გარდა ამისა, ჯერაც არსებობს რისკები, რომლებსაც ქვეყნის ეკნომიკის კლების გამოწვევა შეუძლია.

შედარებით სტაბილურობას მიაღწია ჩინურმა იუანმა, რომელსაც ხელი აზიური სააქციო ბაზრის ზრდამ შეუწყო. 1 დოლარი ისევ 7 იუანის სიახლოვესაა. ახლა მთავარი ისაა, შეუწყობს თუ არა ხელს ჩინეთის ცენტრალური ბანკი იუანის შემდგომ გაუფასურებას. ოფშორულ ბაზრებზე, 1 დლარის ფასი 6.9688 იუანი ღირდა.