საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 5-9 ნოემბერს

მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეები
სიახლეები
საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 5-9 ნოემბერს

საერთაშორისო სავალუტო ბაზრისთვის, ამ კვირაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებია შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის ნოემბრის სხდომა და ამავე ქვეყნის საშუალედო არჩევნები. და რა თქმა უნდა, ბაზრის მოთამაშეები კვლავაც გააგრძელებენ აშშ-ის შრომის ბაზრის უახლესი მონაცემების ანალიზს, რომელიც ფედრეზერვს დეკემბერში დოლარზე განაკვეთის შემდგომი აწევის საბაბს აძლევს.

შეერთებული შტატების კონგრესში შუალედური არჩევნები სამშაბათს გაიმართება. ასევე შედგება შტატების და ტერიტორიული ერთეულების გუბერნატორთა არჩევნები. ეს არჩევნები თავისთავად მნიშვნელოვანია, ბაზრებისთვის კი ის მნიშვნელობაც აქვს, რომ მასზე ბევრად იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გადასახადების შემცირების მეორე ტალღის განხორციელებას და მიეცემა თუ არა მას საგარეო ვაჭრობის გარდაქმნის გაგრძელების საშუალება.

ოთხშაბათს ფედრეზერვი მონეტარული პოლიტიკის ორდღიან სხდომას დაიწყებს. ბაზარი ამ სხდომისგან განკვეთის ზრდას არ მოელის. მართალია, ცენტრალურ ბანკს ამისათვის ყველა წინაპირობა აქვს. მაგრამ ის დეკემბრის სხდომას დაელოდება.

შრომის ბაზრის პარასკევს გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ დოლარის ინდექსს ზრდის სტიმული მისცა. დოლარის ინდექსი, რომელიც ექვს ძირითად ვალუტასთან ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, 0.27 პროცენტით, 96.34-მდე გაიზარდა.

გარდა იმისა, რომ არასასოფლო სფეროში ახალი სახელფასო უწყისების რიცხვი მოსალოდნელზე თითქმის ორჯერ მეტად გაიზარდა, მთავარი ამ სტატისტიკაში მაინც საათობრივი ანაზღაურების ზრდის მაჩვენებელი იყო, რამაც 3.1 პროცენტი შეადგინა. ეს კი ბოლო ცხრა წლის მაქსიმალური მაჩვენებელია! რაც მთავარია, ის ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებაზე მიანიშნებს.

დოლარის მაღალ კურსს, ამერიკასა და ჩინეთს შორის დაძაბული სავაჭრო ურთიერთობა უწყობს ხელს. ამერიკულმა ვალუტამ ყველაზე მეტად პოზიციები ევროსთან და იენთან წყვილებში გაიმყარა. კერძოდ, ევროს კურსი 0.27 პროცენტით, 1.1388 დოლარამდე შემცირდა, დოლარი კი იენთან 0.43 პროცენტით, 113.20 იენამდე გამყარდა. დლართან წყვილში პოზიციები სტერლინგმაც დათმო (0.34 როცენტით), რომლის ფასიც 1.2969 დოლარამდე შემცირდა. არადა უნდა აღინიშნოს, რომ საერთო ჯამში, სტერლინგი დოლართან კვირის განმავლობაში მოგებული დარჩა - 1.09 პროცენტით გამყარდა. ეს კი ინგლისის ბანკის მმართველ მარკ კარნის განცხადებას მოჰყვა იმის შესახებ, რომ თუ ბრექსიტის პროცესი მშვიდად ჩაივლის, ინგლისის ბანმა შესაძლოა, სტერლინგის განაკვეთის აწევა, ადრე დაიწყოს.

 

ამ კვირაში ფორექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები

ორშაბათი

ბრიტანეთი მომსახურების სფეროში საქმიანი აქტივობის მონაცემებს გამოაქვეყნებს;

ლონდონში გამოსვლა აქვს კანადის ბანკის ხელმძღვანელ სტივენ პოლოზს;

მიწოდების მართვის ინსტიტუტი (ISM), აშშ-ში მომსახურების სფეროს საქმიანი აქტივობის მონაცემებს გამოაქვეყნებს;

 

სამშაბათი

ავსტრალიის სარეზერვო ბანკი ავსტრალიური დოლარის საპროცენტო განაკვეთს განსაზღვრავს. გამოქვეყნდება მონეტარული პოლიტიკის მოხსენება, რომელშიც შეფასებული იქნება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და ის ფაქტორები, რომლებიც მონეტარულ პოლიტიკას განსაზღვრავს;

აშშ-ში საშუალედო არჩევნები ჩატარდება;

ახალ ზელანდიაში დასაქმების და ინფლაციის სტატისტიკა გამოქვეყნდება;

 

ოთხშაბათი

ევროზონაში საცალო ვაჭრობის სტატისტიკას გამოაქვეყნებენ. გერმანია კი სამრეწველო წარმოების მოცულობის მონაცემებს გაგვაცნობს;

ახალი ზელანდიის სარეზერვო ბანკი, მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, საკუთარ გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს, რასაც მისი ხელმძღვანელის პრეს კონფერენცია მოჰყვება;

 

ხუთშაბათი

ჩინეთი სავაჭრო ბალანსის მონაცემებს გამოაქვეყნებს;

აშშ-ის შრომის დეპარტამენტი, უმუშევრობის შემწეობაზე პირველადი განაცხადების მონაცემებს გამოაქვეყნებს;

აშშ-ის ფედრეზერვი დოლარზე საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მიიღებს. გამოქვეყნდება განცხადება მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით;

 

პარასკევი

ბრიტანეთი მშპ-ს სტატისტიკას და სამრეწველო წარმოების ზრდის მოცულობის მონაცემებს გამოაქვეყნებს;

აშშ-ში მწარმოებელთა ფასების მომხმარებელთა განწყობის ინდექსები გამოქვეყნდება.