საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 3-7 დეკემბერს

მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეები
სიახლეები
საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 3-7 დეკემბერს

ახალი კვირა ოპტიმისტური ამბით დაიწყო - შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა „ცეცხლის შეწყვეტაზე“ მოილაპარაკეს. გაჩნდა იმედი იმისა, რომ მათ შორის არსებული, უკიდურესად დაძაბული სავაჭრო ურთიერთობა, რაც გლობალურ ეკონომიკას დასუსტებით ემუქრება, გამოკეთდება. ამის რეალურ იმედს ის გარემოება იძლევა, რომ შეთანხმებას ორივე მხარის მეთაურებმა მიაღწიეს.

რა თქმა უნდა, ეს მათი პირველი შეხვედრა და შეთანხმება არაა, მაგრამ მიმდინარე მოვლენებმა ორივე მხარე არაერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება.

ტრადიციულად, ახალი თვის პირველი პარასკევი ამერიკის შრომის მონაცემების მხრივ არის საინტერესო. ეს ის სტატისტიკაა, რომელსაც ფედრეზერვი თავისი მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას, ყველაზე მეტად ითვალისწინებს.

ბუენოს აირესში, G20-ის სამმიტზე ფამართული შეხვედრისას, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპენი შეთანხმდნენ, რომ სიტუაციის ესკალაციას დროებით შეწყვეტენ. კერძოდ, შეერთებული შტატები 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე ტარიფს 10-დან 25 პროცენტამდე ჯერჯერობით არ გაზრდის. გარდამავალ პერიოდში, რომელიც სამი თვით განისაზღვრა, მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს გააგრძელებენ. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, „ცეცხლის შეწყვეტის“ შეთანხმება ძალას დაკარგავს და აშშ-ი ტარიფებს ასწევს.

ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი კონგრესის წინაშე, ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ ისაუბრებს. ახლახანს მან განაცხადა, რომ დოლარის განაკვეთი ნეიტრალურ დონეზე ოდნავ ქვემოთაა, რაც ბაზარმა აღიქვა, როგორც მტრედული ტონი. კონგრესში გამოსვლით, ის ან დაადასტურებს მტრედულ განწყობაზე გადასვლას, ან კვლავ ქორულ რიტორიკას დაუბრუნდება, რაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გაგრძელებას ნიშნავს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ინვესტორებს აქვთ იმის მოლოდინი, რომ ფედრეზერვი თავის დეკემბრის სხდომაზე განაკვეთს კიდევ ერთხელ (წელს მეოთხედ) ასწევს. უფრო მეტიც, ცენტრალური ბანკის ადრინდელი მინიშნებით, მომავალ წელს განაკვეთის სამჯერ გაზრდა იგეგმება.

კვლავ ყურადღების ცენტრში რჩება ბრექსიტის საკითხთან დაკავშირებული ამბები. პარლამენტი ევროკავშირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტს განიხილავს, რაც სტერლინგისთვის განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება.

 

ამ კვირაში ფორექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები

ორშაბათი

ავსტრალიაში მშენებლობათა ნებართვების მაჩვენებლებს გამოაქვეყნებენ;

ბრიტანეთში სამრეწველო სექტორის სტატისტიკა გამოქვეყნდება;

ფედრეზერვის წევრებს გამოსვლები აქვთ;

მიწოდების მართვის ინსტიტუტი, მრეწვეობის შესყიდვების ინდექსს გამოაქვეყნებს;

 

სამშაბათი

ავსტრალიის სარეზერვო ბანკი საპროცენტო განაკვეთის შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს, რის შემდეგაც, ეკონომიკის მდგომარეობასა და მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელი ფაქტორების შესახებ განცხადებას გამოაქვეყნებს;

ინგლისის ბანკის მმართველი მარკ კარნი და მონეტარული პოლიტიკის საბჭოს წევრები, სახაზინო კომიტეტის წინაშე, ბრექსიტის ხელშეკრულების თაობაზე იმსჯელებენ;

ბრიტანეთის პარლამენტში, პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმის განხილვა იწყება, რომელიც 5 დღე გაგრძელდება. გეგმის კენჭისყრა 11 დეკემბერს უნდა გაიმართოს;

გამოსვლა აქვს ნიუ იორკის ფედრეზერვის შეფ ჯონ უილიამსს;

 

ოთხშაბათი

ავსტრალია მესამე კვარტალში ეკონომიკის მონაცემებს გამოაქვეყნებს;

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ მარიო დრაგის ფრანკფურტში გამოსვლა აქვს;

ბრიტანეთში მომსახურების სფეროს აქტივობის მონაცემები გამოქვეყნდება;

ფედრეზერვის შეფ ჯერომ პაუელს კონგრესში, ეკონომიკის ერთობლივი კომიტეტის წინაშე გამოსვლა აქვს;

აშშ-ში გამოქვეყნდება ADP-ს არასასოფლო სფეროში სახელფასო უწყებების სტატისტიკა და ISM-ის არასამრეწველო სფეროს ინდექსი;

კანადის ბანკი საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს;

 

ხუთშაბათი

ავსტრალიაში საცალო ვაჭრობის და შრომის ბაზრის სტატისტიკა გამოქვეყნდება;

აშშ-სა და კანადაში ვაჭრობის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდება;

ტორონტოში გამოსვლა აქვს კანადის ბანკის მმართველ სტივენ პოლოზს, რომელიც ეკონომიკის პერსპექტივებზე, ფინანსური სისტემის რისკებზე და საპროცენტო განაკვეთზე ისაუბრებს;

ვაშინგტონში გამოსვლა აქვს ფედრეზერვის შეფ ჯერომ პაუელს;

 

პარასკევი

იაპონიაში შემოსავლების მონაცემებს გამოაქვეყნებენ;

კანადაში დასაქმების სტატისტიკა გამოქვეყნდება;

აშშ-ში არასასოფლო სფეროში სახელფასო უწყისების რიცხვი და შრომის ბაზრის სტატისტიკა გამოქვეყნდება.