საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 29 ოქტომბერ-2 ნოემბერს

მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეები
სიახლეები
საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 29 ოქტომბერ-2 ნოემბერს

მოვიდა ახალი თვე და ინვესტორთა ყურადღება ისევ შეერთებული შტატების შრომის ბაზრისკენ არის მიპყრობილი. ანალიტიკოსები მოელიან, რომ ოქტომბერში ახალდაქირავებულთა რიცხვი გაიზრდება, რადგან სექტემბრისგან განსხვავებით, ამჯერად ძლიერ ქარიშხალს ეკონომიკა არ დაუზარალებია და შესაბამისად, კომპანიებსაც მუშაობისას წყვეტა არ ჰქონდათ.

როგორც ყოველთვის, შრომის ბაზრის მონაცემები, ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას განსაზღვრავს, ამას კი ფედრეზერვის პირველ რიგში ითვალისწინებს, როდესაც მონეტარულ პოლიტიკას განსაზღვრავს. ინვესტორებისთვის, რომლებიც სავალუტო ბაზარზე მუშაობენ, აშშ-ის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

გარდა ამისა, ნოემბრის პირველ კვირაში სხდომებს მართავენ ბრიტანეთის და იაპონიის ცენტრალური ბანკები. მათგან ინვესტორები რაიმეს შეცვლას არ ელიან. იაპონია შორსაა ინფლაციის მიზნობრივი 2-პროცენტიანი დონისგან, ბრიტანეთისთვის კი ამ ეტაპზე მთავარი საკითხი, ევროკავშირთან ბრექსიტთან დაკავშირებით თანხმობის მიღწევაა.

ევრო ზონაში ინფლაციის მონაცემებს და მესამე კვარტალში ეკონომიკის განვითარების სტატისტიკურ მონაცემებს გამოაქვეყნებენ. ანალიტიკოსები მოელიან, რომ ახალი სტატისტიკა გაამყარებს ევროპის ცენტრალური ბანკის პოზიციას, რომლის მიხედვითაც, ბანკი სტიმულირების პროგრამის დაუყოვნებლივ შეჩერებას არ აპირებს.

გასულ კვირაში ამერიკის მიერ გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა. კერძოდ, კომერციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეკონომიკის ზრდა წლიური გადაანგარიშებით, 3.5 პროცენტია. პროგნზი 3.3-პროცენტიან ზრდას ვარაუდობდა. წინა კვარტალში კი ზრდამ 4.2 პროცენტი შეადგინა.

დადებითი სტატისტიკის მიუხედავად, დოლარის ინდექსი, რომელიც ექვს წამყვან ვალუტასთან, დოლარის საშუალო კურსს ასახავს, 0.3 პროცენტით, 96.16-მდე შემცირდა. უფრო ადრე, ის 96.62-ზე იმყოფებოდა, რაც 16 აგვისტოს შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია. სულ კი გასული კვირის განმავლობაში, დოლარის ინდექსი 0.7 პროცენტით გაიზარდა, რაც ბოლო ოთხ კვირაში ყველაზე მკვეთრი ზრდაა.

გასულ კვირაშივე, დოლართან წყვილში, ევრო ბოლო ორი თვის მინიმალურ მაჩვენებლამდე (1.1334 დოლარი) შემცირდა. ეს იმის ფონზე მოხდა, რაც ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ ვერ შეძლო ინვესტორთა დარწმუნება იმაში, რომ ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, მომავალი ზაფხულის შემდეგ დაიწყებს.

 

ამ კვირის გამორჩეული მოვლენები

ორშაბათი

ბრიტანეთში სესხების გაცემის სტატისტიკას გამოაქვეყნებენ;

შეერთებულ შტატებში პირადი ხარჯვების სტატისტიკა გამოქვეყნდება;

 

სამშაბათი

ავსტრალია გამოაქვეყნებს ახალ მშენებლობებზე ნებართვების გაცემის მონაცემებს;

ცნობილი გახდება ევრო ზონის მშპ-ის წინასწარი შედეგები;

გერმანია სამომხმარებლო ფასების ზრდის მონაცემებს გამოაქვეყნებს;

აშშ-ში მომხმარებელთა თავდაჯერებულობის მონაცემებს გამოაქვეყნებენ;

 

ოთხშაბათი

ავსტრალია სამომხმარებლო ფასების ზრდის სტატისტიკას გაგვაცნობს;

ჩინეთი მრეწველობის და მომსახურების სფეროებში აქტივობის მონაცემებს გამოაქვეყნებს;

იაპონიის ბანკი იენზე საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით, თავის გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს, რასაც მონეტარულ პოლიტიკაზე ბანკის განცხადება და პრეს კონფერენცია მოჰყვება;

ევრო ზონა სამომხმარებლო ფასების ზრდის წინასწარ მონაცემებს გამოაქვეყნებს;

აშშ-ში ADP-ს არასასოფლო სფეროში სახელფასო უწყისების სტატისტიკას გამოაქვეყნებენ;

კანადა მშპ-ის მონაცემებს გამოაქვეყნებს;

 

ხუთშაბათი

ბრიტანეთი სამრეწველო სექტორში აქტივობის მონაცემებს გამოაქვეყნებს;

ინგლისის ბანკი მონეტარული პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებას გაგვაცნობს. შემდეგ კი ბანკის მმართველი მარკ კარნი პრეს კონფერენციას გამართავს;

აშშ-ში სამრეწველო სფეროში აქტივობს ინდექსი გამოქვეყნდება;

 

პარასკევი

ახალი ზელანდია ბიზნესის თავდაჯერებულობის მონაცემებს გამოაქვეყნებს;

ავსტრალიაში საცალო გაყიდვების სტატისტიკა გამოაქვეყნდება;

ბრიტანეთი სამშენებლო სექტორის აქტივობის მონაცემებს გამოაქვეყნებს;

კანადა დასაქმების და ვაჭრობის სტატისტიკებს გამოაქვეყნებს;

აშშ-ში შრომის ბაზრის ოქტომბრის მონაცემებს გამოაქვეყნებენ.