საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 26-30 ნოემბერს

მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეები
სიახლეები
საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 26-30 ნოემბერს

სავალუტო და სხვა ბაზრებზე, ამ კვირაში მთავარი მოვლენა, ისევ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბული სავაჭრო ურთიერთობა იქნება.  კვირის ბოლოს, ბუენოს აირესის G20-ის სამმიტის ფარგლებში, ერთმანეთს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ჩინელი კოლეგა სი ძინპენი უნდა შეხვდნენ. ანალიტიკოსები და ინვესტორები იმედოვნებენ, რომ მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის ლიდერები, შეთანხმებას მიაღწევენ.

გარდა ამისა, ინვესტორების ინტერესის სფეროში მოქცეულია ბრექსიტთან დაკავშირებული სიტუაცია. ინგლისის ბანკმა, ბრექსიტის შეთანხმების პროექტის მისეული შეფასება უნდა გამოაქვეყნოს.

ფედრეზერვი თავისი ბოლო მონეტარული სხდომის ჩანაწერებს გამოაქვეყნებს, ოთხშაბათს კი ფედრეზერვის შეფ ჯერომ პაუელს გამოსვლა აქვს, რასაც ინვესტორები განსაკუთრებულად ელიან. გასულ კვირაში ფედრეზერვის რამდენიმე წევრს, ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით, მტრედული პროგნოზები ჰქონდა, რამაც ინვესტორებს ეჭვი აღუძრა, რომ შესაძლოა, ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთის აწევის ტემპი შეანელოს. პაურელისგან კი ამ ეჭვის გაბათილებას, ან დადასტურებას ელიან.

ბაზარზე რისკის აპეტიტის განელების, ნავთობის ფასის ვარდნის და მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტემპის შენელების მოლოდინის კვალობაზე, დოლარმა გასული კვირა აღმავლობით დაასრულა. დოლარის ინდექსმა პარასკევს 0.27 პროცენტით მოიმატა და კვირის მაქსიმალურ მაჩვენებელს - 96.84-ს მიაღწია.

დლარის საპირისპიროდ, ევრომ დლართან წყვილში, პარასკევსვე კვირის მინიმალური მაჩვენებელი (1.1335 დოლარი) დააფიქსირა. ამის მიზეზი, ევრო ზონასა და გერმანიაში, სუსტი სტატისტიკა გახდა, რომლებიც შესაძლოა, ეკონომიკის შენელების წინაპირობაც აღმოჩნდეს.

დლართან პოზიციები სტერლინგმაც დათმო, რომლის ფასმაც 0.5 პროცენტით, 1.2812-მდე დაიკლო. სტაბილური იყო იაპონური იენი და დლარის ფასი 112.96 იენის ნიშნულზე გაჩერდა.

 

ამ კვირაში ფორექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები

ორშაბათი

Ifo ინსტიტუტი გერმანიის ბიზნეს კლიმატის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს;

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი მარიო დრაგი ბრიუსელში, ევროპის პარლამენტის წინაშე, ეკონომიკის და მონეტარული პოლიტიკის საკითხებს მიმოიხილავს;

ინგლისის ბანკის მმართველი მარკ კარნი ლონდონში სიტყვით გამოვა;

 

სამშაბათი

ახალი ზელანდია თავისი ვაჭრობის მონაცემებს გამოაქვეყნებს;

აშშ-ში მომხმარებელთა თავდაჯერების ინდექსი გამოქვეყნდება;

 

ოთხშაბათი

აშშ-ში ეკონომიკის მესამე კვარტალში ზრდის დაზუსტებულ მონაცემებს და ახალი სახლების მშენებლობის სტატისტიკას გამოაქვეყნებენ;

ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი ნიუ იორკში სიტყვით გამოვა;

 

ხუთშაბათი

ახალი ზელანდია მომხმარებელთა თავდაჯერების ინდექსს გამოაქვეყნებს, ავსტრალიაში კი კერძო კაპიტალის ხარჯვის სტატისტიკას გამოქვეყნდება;

გერმანია ინფლაციის წინასწარ მონაცემებს გამოაქვეყნებს;

ფრანკფურტში სიტყვით გამოვა ECB-ს პრეზიდენტი მარიო დრაგი;

ინგლისის ბანკი სახაზინო კომიტეტს ბრექსიტის შესახებ თავის ანალიზს წარუდგენს;

აშშ-ში უმუშევრობის შემწეობაზე პირველადი განაცხადების მონაცემებს, ასევე დაუსრულებელ მშენებლობათა, პირადი ხარჯვების და რაც ფედრეზერვისთვის ყველაზე მთავარია, სამომხმარებლო პროდუქციაზე ხარჯვის ინდექსს გამოაქვეყნებენ;

ფედრეზერვის თავისი ნოემბრის სხდომის ჩანაწერებს გამოაქვეყნებს;

 

პარასკევი

ბუენოს აირესში, G20-ის სამმიტის ფარგლებში, ერთმანეთს აშშ-ის და ჩინეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და სი ძინპენი შეხვდებიან;

ჩინეთი მრეწველობის და არასამრეწველო სფეროს სტატისტიკას გამოაქვეყნებს;

ევრო ზონა ინფლაციის წინასწარ მონაცემებს გაგვაცნობს;

კანადაში მშპ-ის ზრდის და ნედლეულზე ფასების ზრდის სტატისტიკას გამოაქვეყნებენ;

აშშ-ში ჩიკაგოს მხარეში ბიზნესის აქტივობის მონაცემებს გამოაქვეყნებენ.