საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 12-16 ნოემბერს

მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეები
სიახლეები
საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 12-16 ნოემბერს

ამ კვირაში, საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე მთავარი მოვლენა, აშშ-ის ინფლაციის სტატისტიკის გამოქვეყნებაა. ეს ის მაჩვენებელია, რომელსაც ფედრეზერვი საკუთარი მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას, ყველაზე მეტად ითვალისწინებს.

შეერთებულ შტატებში ინფლაციის სტატისტიკას ოთხშაბათს გამოქვეყნებენ. ანალიტიკოსთა პროგნოზის შესაბამისად, ფასების სტაბილური ზრდა ოქტომბერშიც გაგრძელდა. თუ ეს დადასტურდა, ფედრეზერვს დეკემბრის სხდომაზე განაკვეთის აწევას ვერავინ (პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც კი) გადააფიქრებინებს.

ინვესტორები ასევე მოუთმენლად ელიან ოთხშაბათს დალასში ფედრეზერვის შეფ ჯერომ პაუელის გამოსვლას. ის ეროვნული და გლობალური ეკონომიკის ძირითადი ტენდენციების შესახებ ილაპარაკებს. მის გამოსვლას ასევე ფედრეზერვის რამდენიმე სპიკერი, მათ შორის, ვიცე თავმჯდომარე რენდალ ქვორლსი დაესწრება.

ყურადღების ცენტრში რჩება ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის, ბრექსიტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. ევროკავშირიდან ბრიტანეთის დაგეგმილ გამოსვლამდე ხუთი თვეღა დარჩა და ამ მოლაპარაკებებს სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, ბაზარი მცირე სიახლესაც კი, თუნდაც ჭორის დონეზე გავრცელებულს, მგრძნობიარედ აღიქვამს. გარდა ამისა, ბრიტანეთი ანაზღაურების ზრდის და ინფლაციის სტატისტიკებსაც გამოაქვეყნებს.

ევრო ზონა, გერმანია და იაპონია, მესამე კვარტალში ეკონომიკის ზრდის წინასწარ მონაცემებს გამოაქვეყნებენ. იტალიას კი სამშაბათს ეწურება ბიუჯეტის პროექტის ბრიუსელისთვის წარდგენის ვადა. ეს საკითხი ევროს კურსზე ძლიერ ზეგავლენას ახდენს და რომსა და ბრიუსელს შორის დაძაბულობის გაგრძელება, საერთო ვალუტას კარგს არაფერს უქადის.

გასულ კვირაში, დოლარს კარგი ბიძგი მისცა ფედრეზერვის მორიგმა მინიშნებამ იმაზე, რომ დოლარზე განაკვეთს წელს მეოთხედ, დეკემბერში გაზრდის. და ეს პროცესი შემდგომშიც გაგრძელდება. ამის საფუძველს, აშშ-ში უმუშევრობის თითქმის ნულოვანი დონე და ეკონომიკის მდგრადი განვითარება იძლევა.

დოლარის ინდექსი, რომელიც ექვს წამყვან ვალუტასთან, ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, გასულ კვირაში 0.2 პროცენტით გაიზარდა და 96.74-ს მიაღწია. ეს კი 31 ოქტომბერს დაფიქსირებული, ბოლო 16 თვის მაქსიმალური მაჩვენებლისგან (96.98) შორს არაა.

დლარის სიმყარის ფონზე, მასთან პოზიცია დათმო ევრომ, რომლის კურსმაც 1.1335 დოლარამდე დაიწია. დლართან წყვილში, იაპონური იენის ფასიც შემცირდა (0.21 პროცენტით) და 1 დოლარის ფასმა 113.81 იენს მიაღწია. შედარებით მყარად იყო სტერლინგი, რომელმაც თავის ამერიკელ ვიზავისთან მხოლოდ 0.7 პოცენტი დათმო და კვირის ბოლოს, 1 სტერლინგის ფასი 1.2972 დლარი იყო.

 

ამ კვირაში ფორექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები

ორშაბათი

იაპონია მწარმოებელთა ფასების ინდექსს და სამრეწველო დანადგარების შეკვეთების სტატისტიკას გამოაქვეყნებს;

შტატ აიდაჰოში გამოსვლა აქვს სან ფრანცისკოს ფედრეზერვის პრეზიდნტ მერი დეილის;

 

სამშაბათი

ავსტრალიაში ბიზნესის თავდაჯერებულობის ინდექსს გამოაქვეყნებენ;

ბრიტანეთში დასაქმების მონაცემები გამოქვეყნდება;

ინსტიტუტი ZEW გერმანიაში ეკონომიკის მდგომარეობას გაგვაცნობს;

ფილადელფიაში გამოსვლა აქვს FOMC-ის წევრ ლაელ ბრენარს;

 

ოთხშაბათი

იაპონია მესამე კვარტალში ეკონომიკის ზრდის წინასწარ მონაცემებს გამოაქვეყნებს;

ჩინეთი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და სამრეწველო წარმოების სტატისტიკას გამოაქვეყნებს;

ევრო ზონა და გერმანია მესამე კვარტალში ეკონომიკის ზრდის წინასწარ მონაცემებს გამოაქვეყნებენ;

აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ზრდის სტატისტიკა გამოქვეყნდება;

ვაშინგტონში სიტყვით გამოვა FOMC-ის რენდალ ქვორლსი;

დალასში (შტატი ტექსასი) გამოსვლა აქვთ ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელს;

 

ხუთშაბათი

ავსტრალიაში შრომის ბაზრის სტატისტიკა გამოაქვყენებენ;

ბრიტანეთი საცალო გაყიდვების სტატისტიკას გამოაქვეყნებს;

აშშ-ში საცალო გაყიდვების და ნიუ იორკის და ფილადელფიის რეგიონში მრეწველობის აქტივობის, ასევე უმუშევრობაზე განაცხადების ყოველკვირეულ სტატისტიკას გამოაქვეყნებენ;

 

პარასკევი

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი მარიო დრაგი ფრანკფურტში სიტყვით გამოვა;

კანადა სამრეწველო სფეროში გაყიდვების სტატისტიკას და უცხოური ფასიანი ქაღალდების შესყიდვების მონაცემებს გამოაქვეყნებს.