როიტერსის კვლევა: შეერთებულ შტატებში რეცესიის შანსები იზრდება

მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეები
სიახლეები
როიტერსის კვლევა: შეერთებულ შტატებში რეცესიის შანსები იზრდება

ფედრეზერვი მტკიცედ დგას მის მიერ არჩეულ გზაზე და დოლარზე განაკვეთის მორიგ ზრდას, დეკემბრის სხდომაზე გეგმავს. უფრო მეტიც, მომავალ წელსაც ამის სამჯერ გაკეთებას აპირებს. მაგრამ როგორც როიტერსის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, სულ უფრო მეტი ეკონომისტი ფიქრობს, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელების რისკი გაიზარდა.

როიტერსმა თავისი გამოკვლევა 13-19 ნოემბერს ჩაატარა. გამოკითხული ეკონომისტების მხოლოდ 15 პროცენტი ფიქრობს, რომ მომდევნო 12 თვეში რეცესიის დაწყების შანსები რეალურია. გაცილებით მეტი, 35 პროცენტი თვლის, რომ მომდევნო ორ წელიწადში რეცესიის დაწყების რისკები გაიზრდება.

იმ დროს, როცა არაერთი განვითარებული ეკონომიკის ზრდა შეფერხებულია, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა კვლავაც მდგრად განვითარებას აგრძელებს. ამის ძირითადი მიზეზი საგადასახადო რეფორმაა, რომლის დადებითი ეფექტიც 1.5 ტრილიონ დოლარად ფასდება. თუმცა მისი ტალღა პრაქტიკულად ამოიწურა. ბოლო ნახევარი საუკუნის რეკორდულად დაბალ დონემდე არის შემცირებული უმუშევრობის დონე.

ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვა, ეკონომიკის განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედებს. ისინი მოელიან, რომ ეს ამერიკის ეკონომიკას მძიმე ტვირთად დააწვება და ამის რეალური ნიშნები, მომავალი წლის ბოლოსთვის გამოიკვეთება.

„ეკონომიკას არაერთი შემაფერხებელი ფაქტორი ელის, მათ შორის, განაკვეთის ზრდის დაგვინებული ეფექტების და დოლარის სიმყარის სახით. გარდა ამისა, შემცირებულია ექსპორტზე მოთხოვნა, რასაც სავაჭრო პროტექციონიზმი უწყობს ხელს და არავინ იცის, ასე როდემდე გაგრძელდება. დაბოლოს, სულ უფრო ნაკლებად იგრძნობა ფისკალური სტიმულის ეფექტი“, - ამბობს ING-ს უფროსი საერთაშორისო ეკონომისტი ჯეიმს ნაითლი.

წლის ბოლო კვარტალში, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, წლიური გადაანგარიშებით 2.7 პროცენტის ფარგლებშია მოსალოდნელი. შედარებისთვის, მეორე კვარტალში ანალოგიური მაჩვენებელი 4.2 პროცენტი, მესამე კვარტალში კი 3.5 პროცენტი იყო. ანალიტიკოსთა პროგნოზით, მომავალ წელს მშპ-ს ზრდა 2.0-2.5 პროცენტი იქნება, 2020 წელს კი 1.8 პროცენტამდე შემცირდება.

სავაჭრო ომი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მსოფლიოს მეორე უდიდეს ეკონომიკასთან წამოიწყო, უკვე შეეხო ექსპორტზე ორიენტირებულ ისეთ ეკონომიკებს, როგორებიცაა გერმანია და იაპონია. ახლახანს კი, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკური კოოპერაციის სამმიტი ისე დასრულდა, რომ მის საბოლოო განცხადებას, ლიდერთა ნაწილმა ხელი არ მოაწერა.

ამან შეამცირა იმის მოლოდინი, რომ G20-ის სამმიტზე, რომელსაც ბუენოს აირესი (არგენტინა) უმასპინძლებს, ტრამპს და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპენს შეთანხმება გაუჭირდებათ.

ახლახანს კი სააქციო ბაზარზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა. ამ ყველაფერმა შესაძლოა ფედრეზერვს თავისი პოზიციის შერბილებისკენ და განაკვეთის ზრდის ტემპის შენელებისკენ, ან დაპაუზებისკენაც კი უბიძგოს.

ასეა თუ ისე, ახლანდელი მოლოდინებით, ფედრეზერვი მომავალ წელს განაკვეთს სამჯერ ასწევს, რის შემდეგაც, ის 3.00-3.25 პროცენტის დიაპაზონში მოექცევა.