პაუელი განაკვეთის ზრდის გაგრძელებას ემხრობა

მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეები
სიახლეები
პაუელი განაკვეთის ზრდის გაგრძელებას ემხრობა

ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ ახლოვდება მომენტი, როცა ცენტრალური ბანკი დაასრულებს დოლარზე განაკვეთის ზრდის პროცესს. მისი თქმით, ამჟამად განაკვეთი „ოდნავ დაბლაა“ იმ მაჩვენებელზე, რომელიც ნეიტრალურად არის მიჩნეული. არადა, სულ ორი თვით ადრე, ის ამბობდა, რომ განაკვეთი ამ დონისგან „მეტისმეტად შორსაა“.

ბაზარმა ეს აღიქვა, როგორც ცენტრალური ბანკის ტონის შეცვლა მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. პაუელმა სექტემბერში განაცხადა, რომ განაკვეთი ნეიტრალურად მოიაზრება, როცა ის 2.5-3.5 პროცენტის შუალედშია. ცნობისათვის, ამჟამად განაკვეთი 2.0-2.25 პროცენტის შუალედში იმყოფება.

„ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე მოკრძალებული პროგნოზების შემთხვევაშიც კი, რაღაცები იცვლება ხოლმე. განაკვეთის ზრდის ეტაპობრივი პროცესი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, რისკების დაბალანსების ერთგვარი სავარჯიშოა“, - ნიუ იორკის ეკონომიკურ კლუბში გამოსვლისას განაცხადა პაუელმა.

ფედრეზერვი განაკვეთის ზრდის ყოველკვარტალურ რეჟიმშია და წელს ამას მეოთხედ დეკემბერში აპირებს. ამის საფუძველს, ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური განვითარება და უმუშევრობის რეკორდულად დაბალი დონე იძლევა. მაგრამ სააქციო ბაზარზე რყევები და ვაჭრობასთან დაკავშირებული დაძაბულობიდან გამომდინარე რისკებიც, იზრდება. ამან კი შესაძლოა, ფედრეზერვს პოლიტიკის კორექტირება აიძულოს. მითუმეტეს, ამით პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც კმაყოფილი დარჩება.

პაუელი ამბობს, რომ ფედრეზერვის აგრძელებს ეკონომიკის მაჩვენებლებზე დაკვირვებას, რომლებიც კვლავ სოლიდურად იზრდება. მის ყურადღების ცენტრში ასევე რჩება უმუშევრობის დაბალი დონე და ინფლაცია, რომელიც მიზნობრივი 2-პროცენტიანი დონის სიახლოვესაა.

მაგრამ პაუელის თქმით, ფედრეზერვი ასევე აცნობიერებს იმ რისკებსაც, რომლებიც განაკვეთის სწრაფი ტემპით ზრდას უკავშირდება. პირველ რიგში, ამას ეკონომიკის განვიღარების ტემპის შენელება შეუძლია. მეორე მხრივ, განაკვეთის ნელი ტემპით ზრდის შემთხვევაში, ინფლაცია შესაძლოა მეტისმეტად გაიზარდოს, რაც არასასურველია.