მინისტრები მიდიან, სტერლინგი ეცემა

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე
სიახლეები
მინისტრები მიდიან, სტერლინგი ეცემა

ბრექსიტის საკითხთან დაკავშირებით, მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება. ჯერ იყო და, პრემიერმა ტერეზა მეიმ გამოაცხადა, რომ მინისტრების უმეტესობა მხარს უჭერს ბრექსიტის შეთანხმებულ პროექტს. მაგრამ მერე ჯერ ბრექსიტის საქმეების მინისტრი დომინიკ რააბი (ფოტოზე) გადადგა, მალე კი მას შრომის და პენსიების მინისტრმა ესთერ მაკვეიმაც მიბაძა.

საინტერესოა, რომ რააბი ბრექსიტის მეორე მდივანია, რომელმაც გადადგომა გადაწყვიტა. ბევრი მიმომხილველი მას უკვე პრემიერ მინისტრის პოსტზე, მეის შესაძლო შემცვლელადაც კი მოიაზრებს.

ამასობაში კი ხუთ თვეზე ნაკლები დარჩა, იმ დღემდე (29 მარტი), როცა ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს. მინისტრების გადამწყვეტ მომენტში წასვლა, მეის ბრექსიტის სტრატეგიას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. ეს გარემოება კი პირდაპირ აისახება სტერლინგზე, რომელიც მინისტრებისგან ბრექსიტის მხარდაჭერის შესახებ ამბის გავრცელების შემდგ, მკვეთრად გაიზარდა, მაგრამ რააბის გადადგომამ ბრიტანულ ვალუტას ისევ ვარდნისკენ უბიძგა.

სტერლინგმა დოლართან წყვილში, წუთებში დათმო თითქმის 300 პუნქტი და უკვე უახლოვდება ბოლო წელიწადნახევრის მინიმალურ მაჩვენებელს (1.2661 დოლარი), რომელიც აგვისტოში დააფიქსირა.

ევროკავშირის ლიდრებმა ბრექსიტთან დაკავშირებით შეხვედრა 25 ნოემბერს უნდა გამართონ. თუმცა არაა გამორიცხული, რომ მანამ მეის მთავრობას სერიოზული გამოცდის ჩაბარებამ მოუწიოს, რადგან არაა გამორიცხული, პარლამენტში კაბინტის ნდობის საკითხი წამოიჭრას.

თუ 48 კონსერვატორი მხარს დაუჭერს დღის წესრიგში ნდობის საკითხის დაყენებას, მაშინ პარლამენტს ამ საკითხზე კენჭისყრა მოუწევს. მეის წასვლა მოუწევს, თუ 158 კანონმდებელი ხმას მის წინააღმდეგ მისცემს. და ამ შემთხვევაში, ბრექსიტის საკითხზე მოლაპარაკებას აზრი დაეკარგება და ის ფაქტობრივად თავიდან დასაწყები გახდება. ეს ყველაფერი კი სტერლინგს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს...