იუანი ვარდნას აგრძელებს, რაც აშშ-ს აშფოთებს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე
სიახლეები
იუანი ვარდნას აგრძელებს, რაც აშშ-ს აშფოთებს

ამერიკული დოლარის სტაბილურობის ფონზე, დღეს ჩინურმა იუანმა ვარდნა გააგრძელა, რაც შეერთებული შტატების ხაზინის ოფიცალური პირების შეშფოთებას იწვევს. ბლუმბერგის ინფორმაციით, აშშ ჩინეთს ვალუტით მანიპულირებაში ადანაშაულებს, რაც სატარიფო ომით მიყენებული ზარალის ნაწილობრივ კომპენსირების საშუალებას იძლევა.

აშშ-ის ხაზინის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ბლუმბერგთან საუბრისას განაცხადა, რომ მომავალ კვირაში გამოსაქვეყნებელ მოხსენებაში, ჩინეთი მოხსენებული, როგორც „ვალუტით მანიპულატორი“.

იუანი დლართან წყვილში შუადღისთვის 0.2 პროცენტით გაუფასურდა, რის შემდეგაც, 1 დოლარის ფასმა 6.9197  იუანს მიაღწია. იუანზე ზეწოლა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ჩინეთის სახალხო ბანკმა გამოაცხადა, რომ კრედიტორებისთვის სავალდებულო რეზერვების მოცულობას 1 პროცენტით ამცირებს. ამას მოჰყვა იუანის ვარდნა ბოლო შვიდი კვირის მინიმალურ მაჩვენებლამდე.

ცენტრალურმა ბანკმა ასევე განაცხადა, რომ მიმოქცევაში 1.2 ტრილიონ იუანს (დაახლოებით 175 მილიარდ დოლარს) გამოუშვებს, საიდანაც 450 მილიარდი იუანი, საშუალოვადიანი კრედიტების დასაფარად იქნება გამოყენებული.

ორშაბათს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო მრჩეველმა ვან იიმ შეერთებულ შტატებს, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობათა მუდმივ დაძაბვაში დასდო ბრალი. მისივე თქმით, აშშ ჩინეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკას უსაფუძვლოდ აკრიტიკებს. ამაზე პომპეომ უპასუხა: „საკითხებზე, რომლებიც თქვენ ჩამოაყალიბეთ, ჩვენ ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულება გვაქვს“.

ცნობისთვის, ბოლო ექვს თვეში, იუანი ამერიკულ დოლართან წყვილში, დაახლოებით 9 პროცენტით გაუფასურდა. აშშ-ის პრეზიდენტი დონლდ ტრამპი ჩინეთს ღიად ადანშაულებს საკუთარი ვალუტის გაუფასურებაში.

რაც შეეხება დოლარს, მისი ინდექსი, რომელიც ექვს წამყვან ვალუტასთან გასაშუალოებულ კურსს ასახავს, 95.44-ის სიახლოვეს დრეიფობს. თუმცა ამის ფონზე, დოლარი იაპონურ იენთან წყვილში, დაახლოებით 0.09 პროცენტით შემცირდა. “მიზუჰო სეკურიტიზის“ ტოკიოს ოფისის მთავარი სავალუტო სტრატეგი მასაფუმი იამამოტო განმარტავს, რომ აშშ-ის სახაზინო აქტივების მომგებიანობის ზრდამ, აშშ-ის სააქციო ბაზრებზე კორექცია გამოიწვია, რამაც ინვესტორებს, თავიანთი რესურსების ურისკო აქტივებზე მიმართვისკენ უბიძგა. სწორედ ასეთი აქტივი არის იენი და მისი ზრდაც სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა.