გეოპოლიტიკური რისკების ზრდა იენს ამყარებს

მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეები
სიახლეები
გეოპოლიტიკური რისკების ზრდა იენს ამყარებს

გეოპოლიტიკური დაძაბულობა კვლავაც ბაზრების მთავარ ფაქტორად რჩება. ამჯერად ის წინა პლანზე წამოსწია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ის აპირებს დატოვოს აშშ-რუსეთის ბირთვული შეიარაღების შეთანხმება. გარდა ამისა, ბაზრებზე კვლავაც ძლიერ მოქმედებს საუდელ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ფაქტი და აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნები.

გაზრდილი რისკების ფონზე, ღამით კლება დაიწყო ჩინურ საფონდო ბაზარზე, რასაც დომინოს პრინციპით, ევროპული საფონდო და ამერიკული ფიუჩერსების ბაზრების კლება მოჰყვა. ამის ფონზე, ეკონომიკების ზრდასთან დაკავშირებული შიშები გაძლიერდა.

კვლავაც აქტუალობას ინარჩუნებს შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობათა დაძაბვა და იტალიის ბიუჯეტთან დაკავშირებული სირთულეები. ეს ყველაფერი, ინვესტორებს რისკიან აქტივებზე უარის თქმისკენ უბიძგებს. ამგვარ სიტუაციებში კი ისინი თავშესაფარს ისეთ ურისკო აქტივებში ხედავენ, როგორებიცაა იაპონური იენი და შვეიცარიული ფრანკი.

დოლარმა იენთან წყვილში 0.38 პროცენტი დათმო, რის შემდეგაც, 1 დოლარის ფასი 112.13 იენამდე შემცირდა. დოლარის მსგავსად, იენთან პოზიციები ევრომაც დათმო (0.32 პროცენტით), რის შემდეგაც, გრინვიჩის დროით შუადღისთვის, 1 ევროს ფასი 128.94 იენამდე შემცირდა.

ევრო ზონაში კვლავ ძლიერ ფაქტორად რჩება იტალიის ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემა. ბრიუსელისგან მკაცრი კრიტიკის მიუხედავად, იტალიის პოპულისტური მთავრობა ბიუჯეტის საკუთარი პროექტის შეცვლას არ აპირებს. ეს კი ევროს კურსს დაბლა სწევს. სამაგიეროდ, მცირედ „ამოისუნთქა“ სტერლინგმა, რაც ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ბრექსიტის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული იმედების შედეგია. ამან სტერლინგს დოლართან წყვილში სტიმული მისცა, რაც 0.19 პროცენტით ზრდაში (1.2988 დოლარამდე) გამოიხატა.

0.07 პროცენტით დაიკლო (95.68-მდე) დოლარის ინდექსმა, რომელიც ექვს ძირითად ვალუტასთან ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს.