ფორექსი ამ კვირაში

მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეები
სიახლეები
ფორექსი ამ კვირაში

საერთაშორისო სავალუტო

ბაზრისთვის ეს კვირა შედარებით მსუბუქია. ეკონომიკური კალენდარი არაა დატვირთული ისეთი მოვლენებით, რომლებისგანაც ბაზარზე ძლიერი რყევებია მოსალოდნელი. ამიტომ, ინვესტორები ყურადღებას აშშ-ის ბონდბის ბაზრისკენ მიაპყრობენ. საერთოდაც, ამერიკელები ორშაბათს კოლუმბის დღეს აღნიშნავენ და ბაზარზე ნაკლებად იაქტიურებენ, სამშაბათიდან კი კვლავ საქმეს დაუბრუნდებიან. კვლავ ყურადღების ცენტრში რჩება იტალიის მზარდი ვალები, ასევე მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე არსებული არასტაბილურობა. და რა თქმა უნდა, ბაზრები კვლავაც გააგრძელებენ აშშ-ის შრომის ბაზრის პარასკევს გამოქვეყნებული სტატისტიკის ანალიზს. შრომის ბაზრის სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, ამერიკულმა დოლარმა ოდნავ დათმო პოზიციები. თუმცა ეს უფრო იმის ბრალია, რომ ბაზარი დიდი ალბათობით მოელის, რომ ფედრეზერვი დეკემბერშიც გაზრდის დოლარზე საპროცენტო განაკვეთს. და ეს ინვესტორთა პოზიციებში უკვე ასახულია. შრომის ბაზრის სტატისტიკას რყევის გამოწვევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ მკვეთრად დადებითი, ან უარყოფითი იქნებოდა. წინა პლანზე გამოდის სულ სხვა მოლოდინები: ქვეყანაში უმუშევრობის დონემ 3.7 პროცენტამდე დაიწია, რაც ამ ნახევარ საუკუნეში პირველად მოხდა. ანალიტიკოსები სულ უფრო ხშირად ამბობენ, რომ ეს სრული დასაქმების ტოლფასია. აქედან გამომდინარე, ამ სტატისტიკის გაუმჯობესებას პრაქტიკულად არავინ ელის. მაგრამ გაუარესების შემთხვევაში, ბევრი რამ შეიცვლება. გასულ კვირაში, დოლარის ინდექსმა ჯამში 0.6 პროცენტით მოიმატა და ზედიზედ მეორე კვირა დაასრულა პლიუსში. ამას ხელი ღია ბაზრების ფედერალური კომიტეტის (FOMC) წევრთა ქორულმა გამონათქვამებმა და ეკონომიკის დადებითმა სტატისტიკურმა მაჩვენებლებმა შეუწყო ხელი. გასულ კვირაში დოლართან ყველაზე ძლიერად სტერლინგმა იმუშავა, რასაც ხელი შეუწყო გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ბრექსიტთან დაკავშირებით, ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის ძირითადი უთანხმოებები დაძლეულია. ოღონდ, ეს მხოლოდ კულუარული ინფორმაციაა. ისიც ფაქტია, რომ ბრექსიტამდე რაც ნაკლები დრო რჩება, სულ უფრო მატულობს იმის ალბათობა, რომ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ. ფორექსზე ამ კვირის მთავარი მოვლენები ორშაბათი არდადეგებია იაპონიაში და კანადაში (მადლიერების დღე), აშშ-ში კი კოლუმბის დღეს აღნიშნავენ, თუმცა სააქციო ბაზარი მაინც იმუშავებს; სამშაბათი ავსტრალიაში ბიზნესის თავდაჯერებულობის მონაცემები გამოქვეყნდება; ოთხშაბათი ნიუ იორკის ფედრეზერვის პრეზიდენტი ბალის ღონსძიებაზე სიტყვით გამოვა; ბრიტანეთი მშპ-ს ყოველთვიურ მონაცემებს, ასევე სამრეწველო წარმოების მონაცემებს გამოაქვეყნებს; აშშ-ში ინფლაციის და მეწარმეთა ფასების მონაცემები გამოქვეყნდება; ხუთშაბათი ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB), თავისი ბოლო შეხვედრის ჩანაწერებს გამოაქვეყნებს; აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ინფლაციის და უმუშევრობაზე განაცხადების ყოველკვირეული მონაცემები გამოქვეყნდება; პარასკევი ჩინეთი თავისი ვაჭრობის სტატისტიკას გამოაქვეყნებს; აშშ კი მომხმარებელთა განწყობის სტატისტიკურ მონაცემებს გაგვაცნობს.