ფედრეზერვმა განაკვეთი უცვლელად დატოვა

მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეები
სიახლეები
ფედრეზერვმა განაკვეთი უცვლელად დატოვა

შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა, თავის ნოემბრის სხდომაზე, დოლარზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა და იმავდროულად, ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკის და შრომის ბაზრის განვითარება, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ამით, ცენტრალურმა ბანკმა კიდევ უფრო გაზარდა იმის მოლოდინი, რომ განაკვეთს დეკემბრის სხდომაზე გაზრდის.

ღია ბაზრების ფედერალური კომიტეტის მიერ, ორდღიან სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დოლარზე ეგრთ წოდებული შუაღამის განაკვეთი 2.00-2.25 პროცენტის შუალედში დარჩა. შეგახსენებთ, რომ ფედრეზერვმა წელს განაკვეთი უკვე სამჯერ გაზარდა. ბოლოს ეს სექტემბრის სხდომაზე გააკეთა და მაშინვე მიანიშნა, რომ დეკემბერში განაკვეთის კიდევ ერთხელ აწევაა მოსალოდნელი.

ცენტრალურმა ბანკმა ამჯერადაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შრომის ბაზარი სულ უფრო უმჯობესდება, რაც ინვესტორებს დადებითად განაწყობს. ბოლო 48 წლის მინიმალურ მაჩვენებლამდე შემცირდა უმუშევართა რიცხვი და სწრაფი ტემპით იზრდბა საათობრივი ანაზღაურება. ასევე სწრაფად იზრდება დანახარჯები უძრავი ქონების ბაზარზე. ბიზნესში ფიქსირებული ინვესტიციების მოცულობამ შედარებით დაიკლო.

ბაზრის მოთამაშეთა ნაწილი ელოდა, რომ ოქტომბერში დაფიქსირებული აქციების ვარდნის გამო, ფედრეზერვი განაკვეთის ზრდის პროცესის დროებით დაპაუზებაზე დაფიქრდებოდა. თუმცა ცენტრალური ბანკის განცხადბაში ამაზე მცირე მინიშნებაც კი არ იყო, რაც დეკემბრის მოლოდინს აძლიერებს. თავის მხრივ, ეს დოლარის გამყარებაზე აისახება - ამერიკული ვალუტის ინდექსი 0.62 პროცენტით, 96.40-მდე გაიზარდა.

საინტერესოა, რომ ფედრეზერვის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ტრეიდერთა 80 პროცენტზე მეტი, დეკემბრის სხდომაზე განკვეთის აწევას მოელის. შედარებისთვის, ნოემბრის სხდომის წინ, ასეთების წილი 72 პროცენტს შეადგენდა.