ფედრეზერვის ჩანაწერებმა დოლარი გაამყარა

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე
სიახლეები
ფედრეზერვის ჩანაწერებმა დოლარი გაამყარა

მას შემდეგ, რაც ფედრეზერვის მიერ გამოქვეყნებულმა ბოლო სხდომის ჩანაწერებმა, მონეტარული პოლიტიკის თანმიმდევრობითი გამკაცრების პოლიტიკის გაგრძელება დაადასტურა, ამან დოლარის გამყარება გამოიწვია. ამერიკული ვალუტის კურსი, ბოლო ერთი კვირის მაქსიმალურ ნიშნულამდე გაიზარდა.

პარალელურად, დაიკლო სააქციო ბაზრის ინდექსებმა. ყველაზე მეტად, ჩინური სააქციო ბაზარი დაეცა, რომლის მთავარი ინდექსიც, ბოლო ოთხი წლის მინიმალურ მაჩვენებლამდე შემცირდა. დაიკლო იუანის კურსმაც, რომელმაც ბოლო ორი თვის მინიმუმს მიაღწია. ამის ფონზე, ჩინეთის პრემიერმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან სატარიფო ომის გამო, ქვეყნის ეკონომიკისთვის რისკები გაიზარდა.

აზიური სააქციო ბაზრის კლებისგან განსხვავებით, ევროპული სააქციო ბაზარი ოდნავ გაიზარდა. 0.1 პროცენტით მოიმატა ლონდონის FTSE-მ, ფრანკფურტის DAX-ს და პარიზის CAC-ს კი 0.3-პროცენტიანი ზრდა აქვს. პან-ევროპული სააქციო ინდქსის ზრდამ კი 0.4 პროცენტი შეადგინა.

ფედრეზერვის ქორული მონეტარული პოლიტიკის დასტურია ის ფაქტი, რომ სექტემბრის სხდომაზე, მისი ყველა წევრი დასთანხმდა დოლარზე განაკვეთის აწევას. უფრო მეტიც, ისინი ასევე ერთხმად აცხადებენ, რომ განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის პროცესი შენარჩუნდება. და ეს იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ფედრეზერვის მონტარულ პოლიტიკას ხშირად აკრიტიკებს.

ფედრეზერვის ჩანაწერების გამოქვეყნებამ, დოლარის ინდექსზე დადებითად იმოქმედა. ის 0.2 პროცენტით, 95.78-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ დოლარი უკვე ზედიზედ სამი დღეა, მყარდება.

დოლართან წყვილში, ევროს კურსმა ოთხშაბათს 0.65 პროცენტით დაიკლო და ამჟამად 1.1500 დოლარის სიახლოვეს იმყოფება. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო სამ კვირაში ევროპული ვალუტა ამერიკულთან მიმართებით, 3 პროცენტით შემსუბუქდა.

0.2 პროცენტით შემცირდა იუანის კურსი, რის შემდეგაც ბაზრებზე 1 დოლარში 6.9424 იუანს იძლევიან, რაც ბოლო იუანის ბოლო 1.5 წლის მინიმუმთან (6.9587) ახლოსაა. ამის მიუხედავად, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტში თვლიან, რომ იუანის ახლანდელ გაუფასურებაში, ჩინეთის მთავრობის ხელი არ ურევია. ასეა თუ ისე, იუანის გაუფასურება, აშშ-ის სავაჭრო დეფიციტს ზრდის.

ამ ყველაფრის ფონზე, შედარებით სტაბილური პოზიცია აქვს სტერლინგს. ევროკავშირის ლიდერებსა და ბრიტანეთის პრემიერ ტერეზა მეის შორის გამართულ სამიტზე, ბრექსიტთან დაკავშირებით პროგრესის ნიშნები არ გამოკვეთილა. თუმცა ეს დააბალანსა მეის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ბრექსიტის შემდგომი გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივების საკითხის განსახილველად მზადაა.