დოლარი ბოლო 16 თვის მაქსიმუმამდე გამყარდა

მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეები
სიახლეები
დოლარი ბოლო 16 თვის მაქსიმუმამდე გამყარდა

იაპონიის ბანკის მტრედული კომენტარების და ჩინეთის ეკონომიკის სუსტი სტატისტიკის ფონზე, დოლარმა ბოლო 16 თვის მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. ამერიკული ვალუტა უკვე ზედიზედ მეშვიდე თვეს ამთავრებს ზრდით, რასაც რა თქმა უნდა, ხელს ფედრეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უწყობს.

დოლარის სიმყარეს ევროს დასუსტებაც განაპირობებს, რასაც ევროზონის ეკონომიკის მოსალოდნელზე უარესი სტატისტიკური მონაცემები იწვევს. საერთო ჯამში, დოლარის ინდექსი, რომელიც ექვს ვალუტასთან ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, აზიური სავაჭრო სესიის დროს, 97.07-მდე გაიზარდა, რაც 2017 წლის ივნისის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და 10 პროცენტით აღემატება თებერვლის მინიმუმებს. პარალელურად, 1 ევროს ფასი 1.1356 დოლარამდე შემცირდა.

დოლარის შვიდთვიან ზრდას უფრო მყარი საფუძველი აქვს, ვიდრე მიმდინარე მოვლენებია. ჯერ ერთი, განვიტარებად ბაზრებზე სულ უფრო მატულობს ინვესტორთა რისკებისგან გარიდების პროცესი. ეს პირვლ რიგში, დოლარს ამყარებს, რადგან ამ ბაზრებზე სწორედ ამერიკულ ვალუტაზე მოთხოვნა იზრდება. მეორეს, სულ უფრო იზრდება დივერგენცია შეერთებული შტატების და სხვა წამყვან ეკონომიკებს, განსაკუთრებით ევროზონის ეკონომიკას შორის. ამ შემთხვევაშიც, ინვესტორების არჩევანი ყველაზე ხშირად ისევ დოლარია.

მესამე კვარტალში ევრო ზონის ეკონომიკა, მოსალოდნელზე ნაკლებად გაიზარდა, რამაც ევროპის ცენტრალურ ბანკზე ზეწოლა გააძლიერა. ეს უკანასკნელი, აქტივების შესყიდვის პროგრამის შეწყვეტას, დეკემბერში გეგმავს. თუმცა ევროზე განაკვეთის ზრდის პროცესს, სულ ცოტა, მომავალი ზაფხულის ბოლომდე არ დაიწყებს.

ევრო ასევე დაასუსტა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ გერმანიაში - კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ 2021 წელს თანამდებობას დატოვებს. და ჯერაც გაურკვეველია, როგორ გადაწყდბა იტალიის ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემა. ბრიუსელმა ის არ დაამტკიცა, რადგან ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯვის ნაწილი, ევორკავშირის ფისკალურ კანონებს არღვევს.

იაპონიის ბანკმა მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე, ყველაფერი უცვლელად დატოვა. იმავდროულად, შეამცირა ინფლაციის ზრდის პროგნოზი, რისი მიზეზიც, გლობალური სავაჭრო პრობლემებია, რასავ მსოფლიო ეკონომიკის დაზარალება შეუძლია.

რთული დრო აქვს სტერლინგს, რომელიც აგვისტოში დაფიქსირებული მინიმუმისკენ დაეშვა. ამას ხელი შეუწყო სარეიტინგო სააგენტო „სტანდარდ ენდ პუარზის“ განცხადებამ იმის შესახებ, რომ ბრექსიტის ხელშეკრულების გარეშე ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში, ბრიტანეთის ეკონომიკას რეცესია ელის. სტერლინგის ფასი მცირე ხნით 1.2700 დოლარზე დაბლაც კი ჩამოვიდა, თუმცა შემდგ კორექციული ზრდა დაიწყო და 1.2780-ს მიაღწია.