ჩინეთი იუანის შემდგომი გაუფასურების შეჩერებას აპირებს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე
სიახლეები
ჩინეთი იუანის შემდგომი გაუფასურების შეჩერებას აპირებს

ჩინეთი საკუთარი ვალუტის შემდგომი გაუფასურებისგან დასაცავად, საკუთარ უზარმაზარ სავალუტო რეზერვებს გამოიყენებს. აჟამად იუანის კურსი ერთ დოლარში 7 იუანს უახლოვდება, რაც ფსიქოლოგიური დონე. მისი გადალახვის შემთხვევაში, არსებობს იმის რისკი, რომ გაიზრდება სპეკულაციური გაუფასურება, რაც ქვეყნიდან კაპიტალის გადინების ფონზე მოხდება.

დღეს იუანი ბოლო 22 თვის მინიმალურ მაჩვენებლამდე გაუფასურდა - 1 დოლარი 6.9647 იუანი ღირს. ინვესტორები თვლიან, რომ სახელმწიფოს მიერ მართვად, ნაწილობრივ კონვერტირებად ჩინურ ვალუტას, 1 დოლარი/7 იუანის ზღვარის ტესტირება უკვე დაწყებული აქვს. ეს ის ზღვარია, რომელიც ჩინურ ვალუტას, 10 წლის წინანდელი გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ არ უნახავს.

წელს იუანმა ამერიკულ დოლართან წყვილში, უკვე 6 პროცენტით დაიკლო. ეს დიდწილად შეერთებულ შტატებთან სატარიფო ომის და ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელების შედეგია.

როიტერმა ორი ოფიციალური პირისგან, რომლებიც ჩინეთის საშინაო პოლიტიკის დისკუსიებში მონაწილეობენ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას, ხმის უფლება არ გააჩნიათ, მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფო იუანის კურსის სტაბილურობის შენარჩუნებას, 1 დოლარი/7 იუანის ზღვარის სიახლოვეს გეგმავს, რითაც ინვესტორებს უჩვენებს, რომ საკუთარ ვალუტას, შემდგომი გაუფასურების საშუალებას არ მისცემს.

ამ ინფორმაციის ერთ-ერთი (ორიდან) წყაროს თქმით, „თუ დოლარის ფასი 7 იუანს ასცდება, ეს ამ უკანასკნელის შემდგომ გაუფასურებას მისცემს სათავეს. ამის თავიდან ასაცილებლად, სახელმწიფო საქმეში ჩაერევა და იუანის სტაბილიზებას ეცდება“.

მეორე წყაროს თქმით, ქვეყნის ცენტრალური ბანკი იუანს აღნიშნული ფსიქოლოგიური ზღვარის გადალახვის საშუალებას არ მისცემს, რადგან ეს ინვესტორებს პესიმისტურ განწყობას შეუქმნის, რასაც ეკონომიკისთვის უარყოფითი ეფექტი ექნება.

„ცენტრალური ბანკი ჩაერევა პირდაპირ, ან არაპირდაპირ. ეს აუცილებელია. ცენტრალურ ბანკს ამისათვის ბევრი საშუალება გააჩნია. ჩვენ იუანს 7-ზე დაბლა ვარდნის საშუალება არ უნდა მივცეთ, რადგან ამას ფსიქოლოგიური უარყოფითი ეფექტი ექნება“, - ამბობს ინფორმაციის მეორე (ინკოგნიტო) წყარო.

ამჟამად პეკინისთვის პრიორიტეტული საქმე ისაა, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდს ტემპის შემდგომი შენელება აღკვეთოს. ცნობისათვის, მესამე კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 6.5 პროცენტით გაიზარდა, რაც გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, ყველაზე სუსტი მაჩვენებელია.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჩინეთის ცენტრალური ბანკი კვლავ გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების კურსს, რითაც ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს. პარალელურად, მთავრობა მომავალ წელს გადასახადების შემცირებას გეგმავს, რითაც ეკონომიკის გაძლიერებას იმედოვნებს. იმავდროულად, ჩინეთის სახალხო ბანკის მიზანი ის იქნება, რომ იუანის კურსი ფსიქოლოგურ ზღვართან შეინარჩუნოს, რაც ძნელი მისაღწევი იქნება.

სავალუტო ბაზრის ანალიტიკოსები ასევე აკვირდებიან ჩინეთის სახალხო ბანკის სავალუტო რეზერვების სტატისტიკას. გასულ თვეში რეზერვები 3.087 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა. სულ მიმდნრე წლის პირველ ცხრა თვეში, რეზერვები 52.9 მილიარდი დოლარით არის შემცირებული. თუმცა ეს არაფერია 2015 წლის ვარდნასთან შედარებით, როცა რეზერვი 512.7 მილიარდი დოლარით შემცირდა. ეს კი მოწმობს, რომ სავალუტო ბაზარზე სახელმწიფოს ჩარევა შემცირებულია.