ბრექსიტზე წინასწარმა შეთანხმებამ სტერლინგს ზრდის სტიმული მისცა

მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეები
სიახლეები
ბრექსიტზე წინასწარმა შეთანხმებამ სტერლინგს ზრდის სტიმული მისცა

„ტაიმსის“ მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ, ევროკავშირთან ბრექსიტის თაობაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია, სტერლინგს გამყარების სტიმული მისცა.

შუადღისთვის სტერლინგი დოლართან წყვილში 0.69 პროცენტით გაიზარდა და 1 სტერლინგის ფასმა 1.2854 დოლარს მიაღწია. ზრდა ამის შემდეგაც გაგრძელდა და 1 სტერლინგის ფასმა მაქსიმუმი 1.2921-ზე დააფიქსირა. „ტაიმსის“ ინფორმაციამ ევროს გამყარებაც გამოიწვია - 1 ევროს ფასი 1.1386 დოლარს მისწვდა.

„ტაიმსი“ სამთავრობო წყაროზე (რომლის ვინაობასაც არ ამხელს) დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის შესაბამისადაც, მეიმ და ევროკავშირმა მოილაპარაკეს, რომ ბრექსიტის შემდეგ, ბრიტანეთში ბაზირებულ ფინანსურ კომპანიებს, ევროპულ ბაზარზე კვლავ თავისუფალი წვდომა ექნებათ. შეთანხმების საფუძველი ის გარემოება გახდა, რომ ბრიტანეთის ფინანსური რეგულაციები, ევროკავშირისასთან თანხვდომაშია.

ამგვარად, გლობალურ ბანკებს და ფინანსურ ორგანიზაციებს აღარ მოუწევთ თავიანთი მთავარი ოფისების კონტინენტური ევროპის დიდ ქალაქებში გადატანა. შესაბამისად, ლონდონი მაღალკვალიფიცირებულ ფინანსურ ბაზარზე, სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს. თუმცა ბანკების და ფინანსური კომპანიების ნაწილს, რეორგანზაცია და ოფისების ევროპულ ჰაბებში გადატანა უკვე დაწყებული აქვს.

სტერლინგის და ევროსგან განსხვავებით, შემცირდა ჩინური იუანის ფასი - ჩინეთის სახალხო ბანკმა, იუანის გაცვლით კურსად 1 დოლარი-6.9670 იუანი დაასახელა. წინ დღეს ფიქსირებული კურსით, 1 დოლარში 6.9646 იუანს იხდიდნენ. გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, ჩინური ვალუტის ყველაზე დაბალი კურსი ოთხშაბათს დაფიქსირდა, როცა 1 დოლარის ფასი 6.9748 იუანს მისწვდა.