ბრექსიტის მოლაპარაკების წინ სტერლინგმა პოზიციები დათმო

მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეები
სიახლეები
ბრექსიტის მოლაპარაკების წინ სტერლინგმა პოზიციები დათმო

მას შემდეგ, რაც ბოლო 16 თვის მაქსიმალურ მაჩვენებელს მიუახლოვდა, დოლარმა ზრდა შეაჩერა და პოზიციები ოდნავ დათმო. პარალელურად, ვარდნა განაახლა სტერლინგმა, რომელზეც ძლიერ ზეწოლას, კვლავ ბრექსიტის მოლაპარაკებები (რომლებიც უკვე თითქმის წელიწადია, გრძელდება) ახდენს.

ჩვენ დროით შუადღისთვის, დოლარის ინდექსი 0.14 პროცენტით, 97.01-მდე იყო შემცირებული. ცნობისათვის, მისი ბოლო 16 თვის მაქსიმუმი ორშაბათს დაფიქსირდა, როცა 97.53-ს მიაღწია. რაც შეეხება სტერლინგს, ის კვლავ ჩამოსცდა მნიშვნელოვან ზღვარს - 1.30 დოლარს და ამჟამად მისი ტესტირების პროცესშია.

სტერლინგი მცირე ხნით გამოცოცხლდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიუსელში, ბრექსიტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დროს, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების პირობებზე. მაგრამ ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ პრემიერ ტერეზა მეის კაბინეტი, მას მხარს დაუჭერს და პარლამენტში დასამტკიცებლად შეიტანს.

თუ მეის კაბინეტი ევროკავშირთან შეთანხმებულ პროექტს მხარს დაუჭერს, მაშინ ევროკავშირი სპეციალურ სამმიტს დანიშნავს, რომელიც 25 ნოემბერს გაიმართება. დაახლოებით დეკემბრის შუა რიცხვებში კი მეი ბრექსიტის შეთანხმებულ პროექტს პარლამენტს წარუდგენს.

ბრექსიტის გარეშე, სტერლინგს ზრდის რეალური შანსი ექნებოდა: ოქტომბერში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი კვლავ 2.4 პროცენტი იყო, რაც ინგლისის ბანკის მიზნობრივ 2-პროცენტიან ზღვარზე მეტია. ეს კი ნიშნავს, რომ ინფლაციის მიზნობრივ დონესთან შესანარჩუნებლად, სტერლინგზე განაკვეთის გაზრდა იქნება საჭირო. მაგრამ ბრექსიტის გამო, ეს პროცესი შეჩერებულია.

ვიწრო დიაპაზონში მოძრაობს ევრო-დოლარის წყვილი, რომელიც კვლავ 1.13 დოლარზე დაბლა იმყოფება. იტალიის ბიუჯეტის გარდა, ევროზე ძლიერ გავლენას ბრექსიტთან დაკავშირებული ამბებიც ახდენს. ევროპული ვალუტა ასევე სტაბილურობას ინარჩუნებს სტერლინგთან წყვილში, სადაც 1 ევროს ფასი 0.87-ს სიახლოვეს რჩება.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ეკონომიკა 2015 წლის პირველი კვარტლის შემდეგ, პირველად მიმდინარე წლის მესამე კვარტალში შემცირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ნაწილობრივ მსოფლიო ვაჭრობაში არსებული დაძაბულობის შედეგია, რაც მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას აფერხებს.