აშშ-ში უმუშევრობის დონე ბოლო 48 წლის მინიმუმამდე შემცირდა

მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეები
სიახლეები
აშშ-ში უმუშევრობის დონე ბოლო 48 წლის მინიმუმამდე შემცირდა

შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტმა სექტემბრის სტატისტიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლებიც გვიჩვენებს, რომ არასასოფლო სფეროში ახალდასაქმებულთა რიცხვი (NFP) მოსალოდნელზე მეტად შემცირდა. აგვისტოს დონეზე დარჩა საათობრივი ანაზღაურების ზრდის მაჩვენებელი. უმუშევრობის დონე კი 3.7 პროცენტამდე შემცირდა, რაც 1969 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

 

შეერთებული შტატების შრომის ბაზრის სტატისტიკა:

საშუალო საათობრივი ანაზღაურება (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) – 2.8% (პროგნოზი 2.8, წინა თვის მაჩვენებელი 2.9)

საშუალო საათობრივი ანაზღაურება (სექტემბერი) – 0.3% (0.3, 0.3)

არასასოფლო სფეროში სახელფასო უწყისების მატება (NFP, სექტემბერი) – 134 K (185 K, 270 K)

უმუშევრობის დონე (სექტემბერი) - 3.7% (3.8, 3.9)

 

გამოქვეყნებული სტატისტიკით, დასაქმებულთა რიცხვი 134 ათასით არის გაზრდილი, რაც პროგნოზზე (185 ათასი) ნაკლებია. სამაგიეროდ, აგვისტოს მონაცემები გადახედვის შემდეგ, 201-დან 270 ათასამდე გაიზარდა. ასევე გაიზარდა ივლისის მონაცემები (147-დან 165 ათასამდე).

უნდა ითქვას, რომ ანალიტიკოსები სტატისტიკის გამოქვეყნებამდევე ვარაუდობდნენ, რომ დასაქმებულთა რიცხვის ზრდის ტემპი შემცირდებოდა, რის მთავარ მიზეზადაც, ქარიშხალი ფლორენსი სახელდება (აღმოსავლეთ სანაპიროს რეგიონები დააზარალა). გარდა ამისა, შრომის ბაზარი გაჯერებულია, რაც ასევე დასაქმებულთა რიცხვის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს.

პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი ალან კრუგერი, ვინც ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას, თეთრი სახლის ეკონომიკის სახითხთა მრჩევლების უფროსი იყო, უმუშევრობის ახლანდელ დონეს, სრულ დასაქმებად განიხილავს. ბლუმბერგის ეთერში გამოსვლისას, კრუგერმა განაცხადა, რომ შრომის ბაზრის სტატისტიკა, ფედრეზერვს წელს დოლარზე განაკვეთის მეოთხედ გაზრდის რეალურ საბაბს აძლევს.

რაც შეეხება საათობრივ ანაზღაურებას, ის ინფლაციის ზრდის ტემპს განსაზღვრავს და ამდენად, ამ ეტაპზე, ფედრეზერვის ყურადღების მთავარ საგანს წარმოადგენს. წლიური გადაანგარიშებით, სექტემბერში ეს მაჩვენებელი 2.8 პროცენტი იყო. თვიდან თვემდე გადაანგარიშებით კი ზრდამ 0.3 პროცენტი შეადგინა, რაც პროგნოზს შეესაბამება.

ინვესტორები გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს სხვადასხვანაირ შეფასებას აძლევენ. ზოგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ NFP-ს მაჩვენებელი მოსალოდნელზე დაბალია, რაც ფედრეზერვს განაკვეთის გაზრდის ნაკლებ საბაბს აძლევს. ზოგისთვის კი უფრო მნიშვნელოვანია ისაა, რომ სტატისტიკაზე უარყოფითად იმოქმედა ქარიშხალმა ფლორენსმა. გარდა ამისა, მათი არგუნენტი ისიცაა, რომ NFP-ს აგვისტოს მაჩვენებელი გადახედვის შემდეგ გაიზარდა. შესაბამისად, გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე, ბაზრის რეაქცია უმნიშვნელოა.

შრომის ბაზრის სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, ზრდა გააგრძელა სახელმწიფო ბონდების მომგებიანობამ. განსაკუთრებით მაღალია 10-წლიანი ბონდბის მომგებიანობა, რომელიც 3.227 პროცენტამდე გაიზარდა, ეს კი ბოლო 7 წლის მაქსიმალური მაჩვენებელია.

მიჩიგანის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი ჯასტინ ვოლფერსი ამბობს, რომ მართალია, შრომის ბაზარი უკვე რვა წელია, სტაბილურად იზრდება, მაგრამ მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას, ფედრეზერვი ყურადღებას ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტემპის შემცირებას მიაქცევს. თუმცა საათობრივი ანაზღაურება სტაბილურად იზრდება, რაც ინფლაციის ზრდის სასურველი ტემპის წინაპირობაა.

იმავდროულად, უმუშევრობის U6 მაჩვენებელი 0.1 პროცენტით, 7.5 პროცენტამდე გაიზარდა. ამის მიზეზი ისაა, რომ გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი (263 ათასით), ვინც დროებით სამუშაოზეა დასაქმებული.