აშშ-ის ბონდების მომგებიანობის ზრდა დოლარს ამყარებს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე
სიახლეები
აშშ-ის ბონდების მომგებიანობის ზრდა დოლარს ამყარებს

შეერთებული შტატების სახაზინო ფასიანი ქაღალდების მომგებიანობის ზრდამ, ინვესტორებს დოლარის შესყიდვის მადა გაუღვივა, რამაც ამერიკული ვალუტის გამყარება გამოიწვია.

დოლარის სიმყარე განსაკუთრებით გამოკვეთილია განვითარებადი ქვეყნების ვალუტებთან წყვილებში. თუმცა, ბევრად არ შეცვლილა ევროსთან, სტერლინგთან და იენთან. სამაგიეროდ, ჩინური იუანი ბოლო ორი თვის მინიმალურ მაჩვენებლამდე ჩამოქვეითდა.

„იმის გამო, რომ დოლარზე განაკვეთის ზრდის პროცესის გაგრძელებაა მოსალოდნლი და ასევე აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის დასრულების პერსპექტივა არ ჩანს, დოლარი განვითარებადი ქვეყნების ვალუტებთან კვლავაც მყარი იქნება“, - ამბობს ბანკ „რაბობანკის“ ლონდონური ოფისის სავალუტო სტრატეგი პიტორ მატისი.

დოლარის ინდექსი, რომელიც ექვსი წამყვანი ვალუტის მიმართ, ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, შუადღისთვის 0.1 პროცენტით, 95.13-მდე გაიზარდა. არადა, წინა რვა დღეში ის 1.2 პროცენტით გაუფასურდა და ბოლო სამი კვირის მინიმალურ მაჩვენებლამდე დაქვეითდა. იმავდროულად, განვითარებადი ქვეყნების ვალუტების ინდექსი, ბოლო 1-1.5 წლის მინიმალური მაჩვენებლების სიახლოვეს რჩება.

პარალელურად, ევრო დოლართან წყვილში, სტაბილურობას ინარჩუნებს და 1.1573 დოლარის სიახლოვეს რჩება. იტალიის მთავრობამ, ორშაბათს ხელი მოაწერა 2019 წლის ბიუჯეტს და ევროპარლამენტს გადაუგზავნა. ამით ამ საკითხთან დაკავშირებული მღელვარება ჩაცხრა, თუმცა ჯერ უცნობია, რამდენად აკმაყოფილებს ბიუჯეტის პროექტი ბრიუსელის მოთხოვნებს.

სტერლინგი კვლავაც 1.32 დლარის სიახლოვეს რჩება მას შემდეგ, რაც ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სამმიტის წინ, ბრექსიტთან დაკავშირებული მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა.

ოდნავ დათმო პოზიცია იენმა, რომელმაც ორშაბათს ბოლო ერთი თვის მაქსიმალური მაჩვენებელი - 1 დოლარში 111.61 იენი, დააფიქსირა. ამჟამად წყვილის ფასი 112.00 იენის სიახლოვეს იმყოფება. იენის მსგავსად, ოდნავ დათმო პოზიცია შვეიცარიულმა ფრანკმა, რომელიც ასევე რისკებისგან თავშესაფარ აქტივს წარმოადგენს. ამჟამად დოლარის და ფრანკის წყვილის კურსი 0.9876 ფრანკის სიახლოვეს იმყოფება.