IMF-მა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე
სიახლეები
IMF-მა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა

საერთაშორისო მონეტარული ფონდის (IMF) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, 2018 და 2019 წლებისთვის, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შემცირებულია. ამის ძირითად მიზეზად კი, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის დაძაბული სავაჭრო ურთიერთობაა დასახელებული. გარდა ამისა, ლაპარაკია იმაზეც, რომ განვითარებად ბაზრებს, ლიკვიდურობის და კაპიტალის გადინების პრობლემები აქვთ.

ახალი პროგნოზი ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, IMF-ის და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე გამოქვეყნდა. იქვე ითქვა, რომ მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირებას ასევე ის გარემოება გაიწვევს, რომ თანდათან მცირდება ის ეფექტი, რომელიც აშშ-ში გადასახადების შეკვეცას მოჰყვა.

გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ნათქვამია, რომ 2018 და 2019 წლებში მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 3.7 პროცენტი იქნება. უწინდელი პროგნოზით, წელსაც და მერმისსაც, ზრდა 3.9 პროცენტი უნდა ყოფილიყო.

ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ომის გარდა, მსოფლიო ეკონომიკის ზრდას, სხვა გარემოებებიც აფერხებს. მათ შორის, ევროზონის ქვეყნებში, ასევე ბრიტანეთსა და იაპონიაში ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ რიგ განვითარებად ქვეყნებში, როგორებიცაა არგენტინა, ბრაზილია, თურქეთი, სამხრეთ აფრიკა, ინდონეზია და მექსიკა, იზრდება საპროცენტო განაკვეთები, რაც ამ ქვეყნებში ეკონომიკის განვითარებას აფერხებს და მათგან კაპიტალის გადინებას იწვევს.

„აშშ-ის ეკონომიკის განვითარება მაშინვე დაიწყებს კლებას, როგორც კი მისი ფისკალური სტიმულების ნაწილი, საპირისპირო მიმართულებას აიღებს. მიმდინარე მოთხოვნის მიუხედავად, ჩვენ 2019 წელს აშშ-ის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შევამცირეთ, რადგან ჩინური იმპორტის დიდ ნაწილზე გაზრდილი ტარიფები, ასევე ჩინეთის საპასუხო ნაბიჯები, მასზე ძლიერ ზეგავლენას იქონიებს“, - ამბობს IMF-ის უფროსი ეკონომისტი მორის ობსტფელდი.

ამერიკის მსგავსად, შემცირებული ჩინეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზიც. IMF-ის ვარაუდით, 2019 წელს აშშ-ის ეკონომიკის ზრდა, 2.7 პროცენტის ნაცვლად, 2.5 პროცენტი იქნება. ჩინეთის შემთხვევაში, მოსალოდნელი 6.4-ის ნაცვლად, ქვეყნის ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზრდება. მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის წლვანდელი ზრდის პროგნოზები არ შეცვლილა და შესაბამისად, 2.9 და 6.6 პროცენტია.

ობსტფელდი დასძენს, რომ თუ შეერთებული შტატები და ჩინეთი, მათ შორის არსებულ უთანხმოებას დასძლევენ, მაშინ პროგნოზი ისევ შეიცვლება, ოღონდ ამჯერად ეკონომიკის განვითარების ტემპის ზრდის მიმართულებით.

ევროზონის 2018 წლის ზრდის პროგნოზი შეიცვალა და 2.2 პროცენტიდან, 2.0-მდე შემცირდა. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ გერმანიაში სამრეწველო შეკვეთების და ვაჭრობის მოცულობა შემცირდა. გერმანია ევროზონის უდიდესი ეკონომიკაა და მისი პრობლემები, რეგიონზეც უარყოფითად აისახება.

 

სავაჭრო ომის რისკები

IMF-მა აშშ-ჩინეთს შორის სრულმასშტაბიანი სავაჭრო ომის მოდელირებული სიმულაცია ჩაატარა, რომელშიც ასევე გათვალისწინებული იყო შეერთებული შტატების მიერ, წამყვან ქვეყნებში წარმოებულ ავტომობილებზე ტარიფების აწევა და მათგან საპასუხო რეაქცია. მოდელი ასევე ითვალისწინებს ბიზნესის თავდაჯერების შემცირებას, რასაც შედეგად ინვესტიციების კლება და ფინანსური სიტუაციის გაუარესება მოჰყვება.

სიმულაციამ აჩვენა, რომ სიტუაციის ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, 2020 წელს მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტი 0.8 პროცენტზე მეტით შემცირდება და 04 პროცენტით ნაკლები იქნება იმ დონეზე, რომელიც სავაჭრო ომის ეფექტების გარეშე იქნებოდა მოსალოდნელი.

ყველაზე მეტად, ამით შეერთებული შტატების და ჩინეთის ეკონომიკები იზარალებენ. პირველის მშპ 0.9 პროცენტით, მეორისა კი 1.6 პროცენტით დაიკლებს.