ECB-მ მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა

მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეები
სიახლეები
ECB-მ მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა

როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) მონეტარული პოლიტიკა უცვლელად შეინარჩუნა. ეს ნიშნავს, რომ ევროს ზონის ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა დეკემბერში შეწყდება, ევროზე განაკვეთის ზრდა კი მომავალი ზაფხულის შემდეგ დაიწყება.

ევროპის ბოლო სტატისტიკური მონაცემები მოწმობს, რომ ეკონომიკის ზრდის პროცესი შეფერხდა. იმავდროულად, რისკები გაიზარდა (ბრექსიტი, იტალიის ბიუჯეტი, სავაჭრო ომი). მაგრამ ფაქტია, რომ ინფლაციამ სტაბილური ზრდა დაიწყო და ეკონომიკა უკვე ხუთი წელია, რაც იზრდება. ეს ყველაფერი კი ევროპის ცენტრალურ ბანკს ოპტიმისტურად განაწყობს.

„ცენტრაკური ბანკის მმართველი საბჭო მოელის, რომ ევროზე საპროცენტო განაკვეთებს მინიმუმ 2019 წლის ზაფხულის პერიოდში შეინარჩუნებს და საჭიროების შემთხვევაში, უცვლელად რაც შეიძლება დიდხანს დატოვებს“, - ნათქვამია ECB-ს განცხადებაში.

ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ მარიო დრაგის თქმით, ევრო ზონაში ხელფასების ზრდა არ არის დროებითი მოვლენა და რომ ეს ფაქტორი, ინფლაციას მიზნობრივ 2-პროცენტიან დონემდე გაზრდაში დაეხმარება.

დრაგი განმარტავს, რომ ევრო ზონის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება, „გაურკვევლობათა გროვამ“ განაპირობა, რომელთა შორისაც ის ვაჭრობაში პროტექციონიზმს, განვითარებადი ბაზრების პრობლემებს და ფინანსური ბაზრის რყევებს ასახელებს.

„არის ეს გაურკვევლობები იმის მიზეზი, რომ ჩვენ საბაზისო სცენარი შევცვალოთ? პასუხია არა! ეკონომიკის მდგომარეობა, აძლიერებს ჩვენს თავდაჯერებას იმასთან დაკავშირებით, რომ ინფლაცია ჩვენს მიერ განსაზღვრულ დონემდე ზრდას გააგრძელებს. და ასე იქნება შემდეგაც, რაც ჩვენ სტიმულირების პროგრამას შევწყვეტთ“, - ამბობს დრაგი.

მისივე თქმით, მონეტარული საბჭოს სხდომის დროს, ლაპარაკი საერთოდ არ ყოფილა იმაზე, რომ სტიმულირების პროგრამა უნდა გაგრძელდეს. დრაგის თქმით, ის დარწმუნებული იყო, რომ იტალიის ბიუჯეტთან დაკავშრებით, რომი და ბრიუსელი შეთანხმებას მიაღწევდნენ. ის ამბობს, რომ საბიუჯეტო პროგრამა იტალიას ძვირად დაუჯდება, რადგან მისი სახელმწიფო ბონდების მომგებიანობა იზრდება, რაც საბოლოოდ ბიუჯეტს დააზარალებს.

რა თქმა უნდა, დრაგი ბრექსიტის თემასაც შეეხო. მან განაცხადა, რომ კერძო სექტორი მზად უნდა იყოს „ხისტი ბრექსიტისთვის“, რაც ბევრ კავშირს დაარღვევს. ლონდონი და ბრიუსელი ხშირად ამბობენ, რომ ახლოს არიან შეთანხმებასთან, მაგრამ მათ აქამდე ვერ გადაუწყვეტიათ ირლანდიის საზღვრის საკითხი. ეს ერთადერთი სახმელეთო საზღვარია, რომელიც ბრიტანეთს ევროკავშირისგან ჰყოფს.

დრაგიმ იმედ გამოთქვა, რომ საბოლოოდ, მხარეები სასურველ შეთანხმებას მიაღწევენ, რაც ევროპაში ფინანსურ სტაბილურობას ხელს შეუწყობს.