ECB ევროზე განაკვეთის ზრდაზე დისკუსიას იანვარში დაიწყებს

მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეები
სიახლეები
ECB ევროზე განაკვეთის ზრდაზე დისკუსიას იანვარში დაიწყებს

ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის მმართველი კლას კნოტი აცხადებს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB), ევროზე საპროცენტო განაკვეთის ზრდის გრაფიკზე, იანვარში იმსჯელებს. მისივე თქმით, რისკები, რომლებიც მეტისმეტად რბილ მონეტარულ პოლიტიკას უკავშირდება, თანდათან გაიზრდება.

„არავინ მოელის, რომ მიმდინარე რბილი ფინანსური გარემო დიდხანს შენარჩუნდება. და როცა ის შეიცვლება, მაშინვე გამოჩნდბა, თუ ვინ აიღო ყველაზე მეტი ვალი“, - ამბობს კნოტი, ვინც იმავდროულად, ECB-ს მმართველი საბჭოს წევრიცაა. იმის მაგალითად, თუ რა სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ფინანსური სიტუაცია, კნოტს თურქეთი და არგენტინა მოჰყავს. და დასძენს, რომ ასეთი რადიკალური შემობრუნება შეიძლება განვიღარებულ ქვეყნებშიც მოხდეს.

კნოტი ამბობს, რომ იაფი ფულის გარემოში, ხალხი და კომპანიები ჩვეულებრივზე მეტ კრედიტს იღებენ, რითაც მათი გადახდისუნარიანობა კლებულობს. ასეთ მოქცევას კი ბიზნესზე დამღუპველი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია. ხისტ ბრექსიტს და აშშ-ში დოლარზე განაკვეთის ზრდის ტემპის აწევას, ფინანსურ ბაზარზე სიტუაციის „მკვეთრი კორექტირება“ შეუძლია, - ამბობს ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის შეფი.

კნოტის თქმით, ECB კვლავაც სიფრთხილით მოეკიდება მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის პროცესს, რისი პირველი ნაბიჯიც, აქტივების შესყიდვის პროგრამის წელს დასრულება იქნება. „ვერ ვხედავ მიზეზს, რომლის გამოც ამის გაკეთება არ შეიძლება. და ვერც ამ მიზეზის გაჩენის მოლოდინი მაქვს“, - ამბობს კნოტი.

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, შესყიდვების პროგრამა ახლახანს გაანახევრა - თვეში 15 მილიარდ ევრომდე შეამცირა. ამასთან გამოაცხადა, რომ ამ მოცულობით შესყიდვები დეკემბრამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ კი პროგრამა შეჩერდება. ამას მოჰყვება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გრაფიკის განხილვა. მერე კი ECB-ს მმართველებს, ევროზე განაკვეთის პირველი აწევისთვის თარიღის შერჩევა მოუწევთ.