საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 4-8 თებერვალს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 4-8 თებერვალს

ამ კვირაში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ინვესტორთა ყურადღების ცენტრში, ფედრეზერვის წევრთა გამოსვლები იქნება. ყველას აინტერესებს, რა გზას დაადგება შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკი.

ერთი მხრივ, იანვრის სხდომის შემდეგ ფედრეზერვმა მიანიშნა, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პროცესთან დაკავშირებით, „მომთმენ“ პოზიციას დაიკავებს. ამის მიზეზად კი ინფლაციის ზრდის შეფერხება და გლობალური ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებული რისკები დაასახელა.

მაგრამ ამას მოჰყვა შრომის ბაზრის დადებითი სტატისტიკა, რამაც ინვესტორებს გაუჩინა იმის იმედი, რომ ინფლაციის შეფერხება დროებითი და ხანმოკლე იქნება და რომ ეკონომიკა კვლავ გამოცოცხლდება. ამას თან ერთვის აშშ-სა და ჩინეთს შორის, სავაჭრო საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებასთან დაკავშირებული ოპტიმიზმი.

ასევე ინვესტორთა ინტერესს იწვევს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კონგრესს შორის, მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობასთან დაკავშირებული უთანხმოება. ტრამპმა ფედერალური მთავრობის ნაწილობრივი შატდაუნი დაასრულა, მაგრამ აცხადებს, რომ კედლის მშენებლობის დაფინანსების მოსაპოვებლად, ისეთ რადიკალურ ნაბიჯსაც არ მოერიდება, როგორიც არის საგანგებო ვითარების გამოცხადება, რა დროსაც კონგრესისგან თანხმობის გარეშეც შეძლებს საჭირო ფინანსების გამოყოფას. გარდა ამისა, ტრამპი ინფრასტრუქტურის განვითარებითვის ხარჯების ზრდასაც მოითხოვს.

მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკის, ჩინეთის ფინანსური ბაზარი ერთი კვირით დაიხურება, რადგან ქვეყანა ახალი წლის დადგომას ზეიმობს.

ხუთშაბათს თავის გადაწყვეტილებას გვამცნობს ინგლისის ბანკი, რომლისგანც განაკვეთის ზრდას არავინ ელის. ამ ეტაპზე, ბრიტანეთისთვის მთავარი ამოცანა, ევროკავშირთან უხელშეკრულებო გაყრის თავიდან არიდებაა. პარლამენტმა გასვლის თარიღის გადადბა არ ისურვა. ეს ნიშნავს, რომ ბრექსიტი ძალაში ოფიციალურად 29 მარტს შევა. ხელშეკრულება კი ჯერაც გაუფორმებელია...

ამ კვირაში მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრა ავსტრალიის სარეზერვო ბანკსაც უწევს. ანალიტიკოსების მოლოდინით, ბანკი გამოაცხადებს, რომ ცენტრალური ბანკი ავსტრალიურ დოლარზე არსებულ განაკვეთს (1.5 პროცენტი) 2021 წლამდე უცვლელად დატოვებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩინეთის (ავსტრალიის ძირითადი სავაჭრო პარტნიორია) ეკონომიკა შენელდა, რაც ავსტრალიის ეკონომიკაზეც უარყოფითად აისახება.

 

ამ კვირაში ფორექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები

ორშაბათი

ჩინეთის ფინანსური ბაზარი, საახალწლო არდადგების გამო, ერთი კვირით ისვენებს;

ავსტრალიაში მშენებლობებზე გაცემული ნებართვების სტატისტიკა გამოქვეყნდება;

ბრიტანეთში მშენებლობის სექტორში აქტივობის სტატისტიკას გამოაქვეყნებენ;

ევრო ზონაში მეწარმეთა ფასების ინფლაციის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებენ;

აშშ-ში საწარმოთა შეკვეთების სტატისტიკა გამოქვეყნდება;

გამოსვლა აქვს კლივლენდის ფედრეზერვის პრეზიდენტ ლორეტა მესტერს;

 

სამშაბათი

ავსტრალიაში ვაჭრობის და საცალო გაყიდვების სტატისტიკებს გამოაქვეყნებენ. ავსტრალიის სარეზერვო ბანკი კი, მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მიიღებს;

ბრიტანეთში მომსახურების სექტორის აქტივობის შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება;

ევრო ზონაში საცალო გაყიდვების მონაცემები გამოქვეყნდება;

კონგრესში გამოსვლა აქვს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს;

 

ოთხშაბათი

გამოსვლა აქვს ავსტრალიის სარეზერვო ბანკის მმართველ ფილიპ ლოუს;

გერმანიაში საწარმოების შეკვეთების სტატისტიკა გამოქვეყნდება;

კანადაში მშენებლობებზე გაცემული ნებართვების მონაცემებს გამოაქვეყნებენ;

ვაშინგტონში გამოსვლა აქვს ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელს;

 

ხუთშაბათი

ახალ ზელანდიაში დასაქმების მონაცემები გამოქვეყნდება;

გერმანიაში სამრეწველო წარმოების მაჩვენებლებს გამოაქვეყნებენ;

ევროკავშირში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკის პროგნოზს გამოაქვეყნებენ;

ინგლისის ბანკი მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, თავის გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს;

აშშ-ში უმუშევრობაზე პირველადი განაცხადების სტატისტიკა გამოქვეყნდება;

 

პარასკევი

სენტ ლუისის ფედრეზერვის პრეზიდენტ ჯეიმს ბულარდს გამოსვლა აქვს სენტ ქლუდის შტატის უნივერსიტეტში;

კანადაში დასაქმების სტატისტიკას გამოაქვეყნებენ.