საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 11-15 თებერვალს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 11-15 თებერვალს

ბაზარი ამ კვირაშიც ყურადღებით დააკვირდება შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის, სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომლებიც ამჯერად პეკინში (ორშაბათს) გაგრძელდება.

აშშ-სა და ჩინეთს შორის დროებითი შეთანხმება 1 მარტს ამოიწურება და თუ მათ ვერაფერზე მოილაპარაკეს, მაშინ დაპირებისამებრ, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინურ პროდუქციაზე ტარიფებს კვლავ ასწევს.

ინვესტორთა ყურადღების ცენტრში ასევე იქნება აშშ-ში ინფლაციის სტატისტიკა, რომელმაც შესაძლოა, ფედრეზერვს „მომთმენ“ პოზიციაზე უარის თქმისკენ უბიძგოს, ან პირიქით, ამ პოზიციაზე დარჩენის საბაბი მისცეს. აშშ-ში ამ კვირაშივე გამოქვეყნდება (ოთხშაბათს) სამომხმარებლო ფასების მონაცემები. შემდგ კი მწარმოებელთა ფასების, დეკემბრის საცალო გაყიდვების (ხუთშაბათს) და სამრეწველო წარმოების სტატისტიკურ მონაცემებს შევიტყობთ.

ჩინეთთან მოლაპარაკების პარალელურად, ტრამპს კიდევ ერთი საზრუნავი აქვს - მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება. მის დაფინანსებაზე, დემოკრატი კონგრესმენები უარს ამბობენ და თუ ასე გაგრძელდა, ტრამპი საგანგებო სიტუაციის გამოცხადებით იმუქრება, რა დროსაც მას კონგრესის გარეშე ექნება კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება.

გასული კვირა დოლარმა მკვეთრი გამყარებით დაასრულა. ეს იყო ბოლო ცხრა თვეში დოლარის საუკეთესო კვირა. ამაში ამერიკულ ვალუტას რისკებისგან თავშესაფრის სტატუსი დაეხმარა. ინვესტორები კი რისკულ აქტივებს, მსოფლიო ეკონომიკის დასუსტების მოლოდინში ერიდებიან. ეს მოლოდინი კი გააძლიერა ტრამპის განცხადებამ იმის შესახებ, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპენთან შეხვედრას და ხელშეკრულების გაფორმებას, 1 მარტამდე არ გეგმავს.

ამ ყველაფრის ფონზე, ამერიკული დოლარის ინდექსი, რომელიც ექვსი წამყვანი ვალუტისადმი მის საშუალო კურსს ასახავს, 96.41-მდე გაიზარდა. კვირის განმავლობაში, ინდექსის ზრდამ 1.17 პროცენტს მიაღწია.

 

ამ კვირაში ფორექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები

ორშაბათი

ბრიტანეთში მშპ-ს და წარმოების სტატისტიკებს გამოაქვეყნებენ;

სამშაბათი

ავსტრალიაში სესხების და ბიზნესის თავდაჯერების მონაცემებს გამოაქვეყნებენ;

იაპონიაში სამანქანო დანადგარების შეკვეთების წინასწარი მონაცემები გამოქვეყნდება;

ინგლისის ბანკის მმართველი მარკ კარნი ლონდონში სიტყვით გამოვა;

მისისიპიში გამოსვლა აქვს ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელს;

 

ოთხშაბათი

ახალი ზელანდიის სარეზერვო ბანკი, განაკვეთთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას და განცხადებას გამოაქვეყნებს, რომელშიც განხილული იქნება მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები;

ბრიტანეთში და აშშ-ში ინფლაციის მაჩვენებლები გამოქვეყნდება;

 

ხუთშაბათი

იაპონიაში მშპ-ის წინასწარ მაჩვენებლებს გამოაქვეყნებენ;

ჩინეთი ვაჭრობის სტატისტიკას გამოაქვეყნებს;

ევრო ზონაში მშპ-ის ზრდის დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება;

აშშ-ში საცალო ვაჭრობის, მწარმოებელთა ფასების და უმუშევრობის განაცხადების მონაცემები გამოქვეყნდება;

 

პარასკევი

ჩინეთი ინფლაციის მონაცემებს გამოაქვეყნებს;

ბრიტანეთში საცალო გაყიდვების სტატისტიკა გამოქვეყნდება;

აშშ-ში სამრეწველო ინდექსს, ასევე სამრეწველო ინდუსტრიის მონაცემებს და მომხმარებელთა განწყობის წინასწარ მაჩვენებლებს გამოაქვეყნებენ.