რაბობანკი სტერლინგის ვარდნას პროგნოზირებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
რაბობანკი სტერლინგის ვარდნას პროგნოზირებს

საფინანსო კომპანია „რაბობანკის“ ანალიტიკოსების აზრით, ბოლო რამდენიმე კვირაში, სტერლინგზე ფასის დინამიკა აჩვენებს, რომ ბაზარზე ჯერაც შემორჩა ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ უხელშეკრულებო ბრექსიტი არ მოხდება. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ხისტი ბრექსიტის შემთხვევაში, ბაზრის მოთამაშეთა უმეტესობა მოუმზადებელი იქნება.

„რაბობანკის“ ანალიტიკურ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ხისტი ბრექსიტის შემთხვევაში, ბრიტანეთის საკრედიტო რეიტინგი ძლიერ დარტყმას მიიღებს. „ფიტჩი“ დეკემბერში გაფრთხილებას იძლეოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ხისტი ბრექსიტი მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებას გამოიწვევს, რასაც მოჰყვება ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა.

„ოქტომბერში „სტანდარდ ენდ პუარზი“ წერდა, რომ ხისტი ბრექსიტი, ეკონომიკის გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდის პოტენციალს შეამცირებს და ზეგავლენას იქონიებს სუვერენულ საკრედიტო განაკვეთზე. ჩვენს მიერ შემუშავებული მოდელის შესაბამისად, ხისტი ბრექსიტის შემთხვევაში, 2019 და 2020 წლებში, ბრიტანეთის ეკონომიკა დაახლოებით 1.1 პროცენტით დაიკლებს, 2032 წლისთვის იმაზე დაახლოებით 5 პროცენტით ნაკლები იქნება, ვიდრე საბაზო შეფასების შემთხვევაშია“, - ნათქვამია „რაბობანკის“ მოხსენებაში.

„რაბობანკს“ ასევე მოჰყავს ინგლისის ბანკის მიერ შესრულებული სტრეს ტესტის შედეგები, რომელთა მიხედვითაც, ბრექსიტის ყველაზე უარესი ვარიანტის შემთხვევაში, 5-წლიან პერიოდში, მშპ-ი შესაძლოა 10.5 პროცენტითაც კი შემცირდეს. გარდა ამისა, საცხოვრებლებზე ფასები 30 პროცენტით დაეცემა, მკვეთრად გაიზრდება უმუშევრობა.

„ბრექსიტის 2016 წლის რეფერენდუმზე ბაზრის შოკური რეაქცია იძლევა ზოგად წარმოდგენას იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს ხისტი ბრექსიტის შემთხვევაში. მაშინ GBPUSD თითქმის 15 პროცენტით დაეცა. ვარდნას კი პოზიციების აღდგენა მოჰყვა, რაც ნაწილობრივ დოლარის დასუსტების ბრალია, ნაწილობრივ კი იმისა, რომ ბრიტანეთის ეკონომიკას ბრექსიტთან დაკავშირებული ვარდნა ჯერ არ უგრძვნია’, - წერს „რაბობანკი“ და დასძენს:

„უკვე წერენ იმაზე, რომ ბრიტანეთის სააქციო ბაზარი დაზარალდა და პოლიტიკური გაურკვევლობის გამო, უკვე დაიწყო ფინანსების გადინება. ბრიტანული აქციების ანგარიშებში უკვე აისახება ის ფაქტი, რომ ევროპულ ბაზართან შედარებით, ბრიტანეთში ინვესტორებს შეღავათიანი პირობებით იზიდავენ. საბოლოო ჯამში, ჩვენ მოველით, რომ ხისტი ბრექსიტის შემთხვევაში, სტერლინგი 12-14 პროცენტით გაუფასურდება, რაც ნიშნავს, რომ GBPUSD 1.14-მდე დაეცემა, EURGBP-ზე კი პარიტეტის მომსწრენი გავხდებით“.