პარლამენტმა ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმა ჩააგდო

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
პარლამენტმა ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმა ჩააგდო

ბრიტანეთის პარლამენტმა კიდევ ერთხელ უარყო პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის მიერ წარდგენილი ბრექსიტის გეგმა, რომელიც ევროკავშირთან არის შეთანხმებული. კენჭისყრისას, პარლამენტის 391-მა წევრმა, ხმა განხლებული გეგმის წინააღმდეგ მისცა, 242 წევრი კი გეგმას დაეთანხმა.

ჯერ კიდევ კენჭისყრამდე, GBPUSD წყვილის ფასი 1.3005-მდე დაეცა, კენჭისყრის შემდეგ კი 1.3145-მდე გაიზარდა. თუმცა მალე ისევ დაეცა, ამჯერად 1.3048-მდე, მერე 1.3149-ს მიაღწია და ბოლოს 1.3050-ზე ჩამოვიდა. ფასის ასეთ დიდ დიაპაზონში რყევას, ბრექსიტთან დაკავშირებული, ერთმანეთის საწინააღმდეგო ამბების გავრცელება უწყობდა ხელს.

გეგმის ჩავარდნის ალბათობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც გენერალურმა პროკურორმა ჯეფრი კოქსმ განაცხადა, რომ გეგმის ის ნაწილი, რომელიც ირლანდიის საზღვარს ეხება, პირვანდელი სახით იყო დატოვებული, რაც ბრიტანეთს მახეში მოქცევას უქადის.

პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმის კიდევ ერთხელ ჩავარდნის შემდეგ, პარლამენტი დღეს ევროკავშირიდან ხელშეკრულების გარეშე გასვლის საკითხს უყრის კენჭს. თუ კანონმდებლები უხელშეკრულებო გასვლას უარყოფენ, ამას მოყვება ბრექსიტის 29 მარტიდან გადადების განხილვა და კენჭისყრა, რაც 14 მარტამდე უნდა ჩატარდეს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ბრექსიტის გადავადებას მხარს დაუჭერს, მაშინ მთავრობა ამ საკითხის ევროკავშირთან შეთანხმებასაც ეხდბა.

ბევრი მიმომხილველი ფიქრობს, რომ ევროკავშირი ბრექსიტის გადადბას დაეთანხმება. თუმცა სიტუაციას ის ფაქტი ართულებს, რომ 23-26 მაისს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, ევროპის პარლამენტის არჩევნები უნდა გაიმართოს.