ინფლაციის ზრდის ტემპის შენელებამ დოლარი დაასუსტა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ინფლაციის ზრდის ტემპის შენელებამ დოლარი დაასუსტა

აშშ-ში ინფლაციის მოსალოდნელზე უარესი სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, დოლარმა დღეს პოზიციები დათმო. ინფლაციის ზრდის ტემპის შენელებამ გაზარდა იმის მოლოდინი, რომ ფედრეზერვი განაკვეთის ზრდის პროცესის განახლებას კვლავ არ იჩქარებს და „მომლოდინე“ პოზიციაში დარჩება.

ამერიკული სავაჭრო სესიის შემდეგ, დოლარის ინდექსი, რომელიც ექვს სხვა წამყვან ვალუტასთან, ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, 0.22 პროცენტით, 96.69-მდე დაიწია. ინფლაციის ფაქტორის გარდა, ინდექსის კლებას ნაწილობრივ იმანაც შეუწყო ხელი, რომ დოლართან წყვილში სტერლინგი ზრდას აგრძელებს.

აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0.1 პროცენტით გაიზარდა. ეკონომისტების პროგნოზი კი 0.2 პროცენტით ზრდას ვარაუდობდა. თებერვლიდან თებერვლამდე პერიოდში, მწარმოებელთა ფასების ინდექსის ზრდა 1.9 პროცენტი იყო.

გარდა ამისა, კომერციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, იანვარში ხანგრძლივი მოხმარების საგნებზე შეკვეთები 0.1 პროცენტით შემცირდა, ეკონომისტების პროგნოზი კი 0.1 პროცენტით ზრდას ვარაუდობდა. არათავდაცვითი დანიშნულების პროდუქციაზე, თვითმფრინავების გამოკლებით, შეკვეთები 0.8 პროცენტით არის გაზრდილი. პროგნოზი კი მხოლოდ 0.2-პროცენტიან ზრდას ვარაუდობდა.

რაც შეეხება სტერლინგს, მის გამყარებას ის გარემოება იწვევს, რომ ანალიტიკოსების ვარაუდით, ბრიტანეთის პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირიდან ხელშეკრულების გარეშე გასვლას. ამ შემთხვევაში, კიდევ ერთი კენჭისყრა ჩატარდება, რომელზეც ბრექსიტის გადავადბის საკითხი დადგება.