დოლარის წილი მსოფლიო სავალუტო რეზერვებში 25 წლის მინიმუმამდე შემცირდა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
დოლარის წილი მსოფლიო სავალუტო რეზერვებში 25 წლის მინიმუმამდე შემცირდა

საერთაშორისო მონეტარული ფონდის (IMF) მონაცემებით, მსოფლიო სავალუტო რეზერვებში დოლარის წილი, ბოლო 25 წლის მინიმალურ მაჩვენებლამდე შემცირდა. უფრო კონკრეტულად, მსოფლიოს ქვეყნების ცენტრალური ბანკების რეზერვებში, ამერიკული ვალუტის წილმა 59 პროცენტამდე დაიკლო.

შედარებისთვის, მესამე კვარტალში დოლარის წილად, რეზერვების 60.5 პროცენტი მოდიოდა. 2001 წელს კი დოლარს მსოფლიო სავალუტო რეზერვების 73 პროცენტი ეკავა.

„როგორც ჩანს, უოლ სტრიტი და დანარჩენი მსოფლიო, დოლარის დასუსტების მოლოდინში არიან. ბაიდენის ადმინისტრაციის ინიციატივები გვაფიქრებინებს, რომ დოლარის პოზიცია კიდევ უფრო გაუარესდება“, - ამბობს სავაჭრო ონლაინ პლატფორმა „ოანდას“ ბაზრის უფროსი ანალიტიკოსი ედვარდ მოია. მისივე თქმით, აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც იმას მოასწავებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, დოლარის დასუსტება გარდაუვალი იქნება.

გასული წლის მეოთხე კვარტალში დოლარი 4 პროცენტით გაუფასურდა. თუმცა ამ დანაკარგის დიდი ნაწილი წელს, პირველ კვარტალში აინაზღაურა. კერძდ, დოლარი 3.5 პროცენტით გამყარდა, რითაც 2018 წლის ივნისის შემდეგ, ყველაზე წარმატებული კვარტალი დააფიქსირა.

გლობალური რეზერვები არის ცენტრალური ბანკების აქტივები, რომლებიც სხვადასხვა ვალუტებში ინახება და რომლებსაც ეს ბანკები, საკუთარ ვალდებულებათა მხარდასაჭერად იყენებენ.

იმავდროულად, მეოთხე კვარტალში ევროს წილი 21.2 პროცენტამდე გაიზარდა. წინ კვარტალში ევროპულ ვალუტაზე 20.5 პროცენტი მოდიოდა. ევროს წილი მსოფლიო სავალუტო რეზერვებში, 2014 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეზე ავიდა. ევროს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელი - 28 პროცენტი, 2009 წელს დაფიქსირდა.

IMF-ისვე მონაცემებით, მსოფლიო სავალუტო რეზერვებმა მეოთხე კვარტალში 12.7 ტრილიონ დოლარს მიღწია. წინა კვარტალში 12.246 ტრილიონი დოლარი იყო. აქედან დაახლოებით 7 ტრილიონ დოლარი ამერიკულ ვალუტაზე მოდის. მესამე კვარტალში რეზერვებში 6.939 ტრილიონი დოლარი შედიოდა.

მსოფლიო რეზერვებში 6.03 პროცენტამდე გაიზარდა იენის წილი. ამასთან ეს ზედიზედ მესამე კვარტალი იყო, რომლის დროსაც მსოფლიო რეზერვებში იენის წილი იზრდება.