დოლარი მაისის ფავორიტია

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
დოლარი მაისის ფავორიტია

საინტერესო მოსაზრებას გვიზიარებს გამოცემა „დეილი FX-ის“ სავალუტო სტრატეგი, CMT ტიტულის მფლობელი ტაილერ იელი. ის გვახსენებს, რომ მაისი დოლარის თვეა და იშვითია შემთხვევები, როდესაც დოლარის ინდექსი მაისში პოზიციებს თმობს.

დასაწყისისთვის, იელი ამბობს, რომ ბოლო წლის განმავლობაში, ამერიკული დოლარი აღმავალ ტრენდში იმყოფება და ამ პერიოდში 5.5 პროცენტით გამყარდა. მისი თქმით, NFP-ის ძლიერი მაჩვენებლების შემდეგაც ხდება, რომ დოლარი პოზიციებს თმობს, მაგრამ ამჯერად მას ზურგს აღმავალი ტრენდი უმაგრებს.

იელი ამბობს, რომ ბაზრები სეზონურ ფაქტორებს თითქმის ყოველთვის ითვალისწინებენ. ეს ფაქტორი განსაკუთრებულად ძლიერად მაისში გამოიხატება, რა დროსაც დოლარის ინდექსის კლება ძალიან იშვიათი მოვლენაა. დოლარის სასარგებლოდ, ამერიკის ეკონომიკის ფუნდამენტური ფაქტორები მუშაობს, რომლებიც დოლარის აღმასვლას უწყობს ხელს. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ფედრეზერვი დაბალი ინფლაციის მიუხედავად, დოლარზე განაკვეთის დაწევას არ აპირებს.

გასულ კვირაში, დოლარის ინდექსმა 2017 წლის ზაფხულის შემდეგ, უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. როგორც წესი, გრძელ პოზიციებზე მყოფი ტრეიდერები მოგებას ანაღდებენ, რასაც ინდექსის კლება (კორექციული) უნდა მოჰყვეს. ამით ისინი ფინანსებს ათავისუფლებენ იმისთვის, რომ უფრო ღრმა წერტილებიდან, კვლავ შევიდნენ ბაზარზე და მორიგი მოგება მიითვალონ. ამიტომ, ისინი ინდექსის კლებით დაინტერესებულნი არიან. დაბალი ვოლატილობა, კორექციის მხარდამჭერი ფაქტორია. კორექციას კი ადრე თუ გვიან, ტრენდის გაგრძელება მოჰყვება.

 

დოლარის ინდექსის (DXY) სტატისტიკა:

- DXY ბოლო 12 წელიწადში 10-ჯერ გაიზარდა. საშუალო წლიური ზრდა 1.47 პროცენტია;

- USDNOK (ნორვეგიულ კრონასთან) ბოლო 12 წელიწადში 10-ჯერ გაიზარდა, საშუალო წლიური ზრდა 2.18 პროცენტია;

- GBPUSD ზედიზედ ცხრა წელია, კლებულობს. საშუალო კლება 2.43 პროცენტი;

- EURUSD ბოლო 9 წელიწადში რვაჯერ შემცირდა. საშუალო კლება 2.74 პროცენტია;

- AUDUSD ბოლო 9 წელიწადში შვიდჯერ შემცირდა. საშუალო კლება 3.75 პროცენტია;

- NZDUSD ბოლო 9 წელიწადში შვიდჯერ შემცირდა. საშუალო კლება 2.43 პროცენტია;

- USDCAD ბოლო 9 წელიწადში შვიდჯერ გაიზარდა. საშუალო ზრდა 2.09 პროცენტია;

- USDCHF ბოლო 7 წელიწადში ხუთჯერ გაიზარდა. საშუალო ზრდა 1.81 პროცენტს აღწევს;

- USDJPY ბოლო 12 წელიწადში ექვსჯერ გაიზარდა. საშუალო ზრდა 0.44 პროცენტია.

 

როგორც ამ მაჩვენებლებიდან ჩანს, დოლართან ყველაზე მყარად იაპონური იენი და შვეიცარიული ფრანკი დგანან. ორივე რისკებისგან თავშესაფარი აქტივია, თუმცა ბოლო წლებში ფრანკი ამ სტატუსს თანდათან კარგავს.