დოლარი ბოლო ორი თვის პიკს მისწვდა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
დოლარი ბოლო ორი თვის პიკს მისწვდა

დიდია შანსი იმისა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის, სავაჭრო პრობლემებზე მიმდინარე მოლაპარაკებები დათქმულ დროში, მარტამდე ვერ დასრულდება. ეს კი ბაზრის მოთამაშეებს რისკიანი აქტივების შეძენისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს. მათი უმეტესობა სახსრებს ყველაზე ლიკვიდურ ვალუტაში - დოლარში აბანდებს, რაც ამერიკული ვალუტის კურსს ამყარებს.

დოლარის ინდექსმა ზედიზედ მერვე დღე დაასრულა ზრდით და ბოლო ორი თვის მაქსიმალური მაჩვენებელი - 96.87 დააფიქსირა. ამერიკულმა ვალუტამ პოზიციები ევროსთან, სტერლინგთან და იენთან წყვილებში გაიუმჯობესა.

ინვესტორები შიშობენ, რომ მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულება, მსოფლიო ეკონომიკას დააზარალებს. ამას კი ბიზნეს აქტივობის შემცირება და ინვესტიციებისგან თავის შეკავება მოჰყვება. ასეთ სიტუაციაში, ფულის დაბანდების ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი საშუალება, სწორედ დოლარის ყიდვა ხდება.

მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ აშშ-ჩინეთის მოლაპარაკება მარტამდე ვერ დასრულდება. არსებობს გამოსავალი - დათქმული ვადის გაგრძელება. მაგრამ თუ ასე არ მოხდა, აშშ-ის პრეზიდენტი დონლდ ტრამპი დაპირებას შეასრულებს და ჩინურ პროდუქციაზე ტარიფებს ისევ გაზრდის, რასაც ალბათ საპასუხო რეაქცია და სავაჭრო ომის ახალი ძალით განახლება მოჰყვება.

„ბერკლიზის“ სავალუტო სტრატეგი ხუან პრადა ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დათბობის საბბი შეიძლება გახდეს ჩინეთის მიერ, ამერიკული პროდუქციის შესყიდვების გაზრდა. მაგრამ ქვეყნებს შორის პრობლემებს, ვაჭრობის გარდა, ინტელექტუალური საკუთრების და ტექნოლოგიების გადინებაც ქმნის, რაც უფრო ძნელი მოსაგვარებელი იქნება.

ახალი კვირის დასაწყისში, ამერიკული ვალუტა ევროსთან 1.1265-მდე გამყარდა (ევრო-დოლარის წყვილი შემცირდა), რაც 14 დეკემბრის შემდეგ უდაბლესი მაჩვენებელია. სტერლინგი-დოლარის წყვილი 1.286-მდე შემცირდა, დოლარი-იენის წყვილი კი 110.45-მდე (მიმდინარე წლის მაქსიმუმი) გაიზარდა.

დოლარი იმის მიუხედავად მყარდება, რომ ფედრეზერვმა მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის საქმეში, ფრთხილი პოზიცია დაიკავა. ეს კი ბაზარმა იმის ნიშნად აღიქვა, რომ შესაძლოა, ცენტრალურმა ბანკმა წელს განაკვეთის გაზრდისგან თავი შეიკავოს. ბუნებრივია, ეს წლის დასაწყისიდან დოლარის დასუსტებას იწვევდა, თუმცა ფედრეზერვის „სიფრთხილე“ თანდათან კარგავს აქტუალობას, რადგან ბაზრებს ეს ფაქტორი ფასებში უკვე ასახული აქვთ.