ბრექსიტის ქარბორბალა სტერლინგს არყევს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ბრექსიტის ქარბორბალა სტერლინგს არყევს

ოთხშაბათს სტერლინგმა ბოლო ცხრა თვის მაქსიმალური ნიშნული განაახლა, რის შემდეგაც დაბლა დაეშვა. ბრიტანული ვალუტის ზრდას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ პარლამენტმა ევროკავშირიდან ხელშეკრულების გარეშე გასვლას მხარი არ დაუჭირა.

სტერლინგის ფასი ჯერ 1.3380 დოლარიდან (2018 წლის ივნისიდან უმაღლესი მაჩვენებელი) ჯერ 1.3235-მდე შემცირდა, შემდეგ 1.3332-მდე ავიდა და 1.3205-მდე დაეშვა, რასაც 1.3288-მდე ზრდა მოჰყვა. ამჟამად სტერლინგის ფასი 1.3238 დოლარამდე არის ჩამოსული.

„პარლამენტის მიერ უხელშეკრულებო ბრექსიტის უარყოფის მიუხედავად, კვლავაც რჩება იმის შანსი, რომ 29 მარტს მოუწესრიგებელი გასვლა მოხდება. სწორედ ამიტომ, სტერლინგი რყევებს განიცდის და მყარ საფუძველს ეძებს“, - ნათქვამია სინგაპურულ ბანკ DBS-ის მოხსენებაში.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სტერლინგის რეალური ტესტირება ჯერაც მოსალოდნელია, რადგან მალე კანონმდებლები ბრექსიტის გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივებას უყრიან კენჭს, რაზეც სტერლინგს სავარაუდოდ, ძლიერი რყევა ექნება.

აქტივების მართვის კომპანია „ინვესტეკის“ მულტი აქტივების მართვის ჯგუფის თანათავმჯდომარე რასელ სილბერსტონი ამბობს, რომ თუ პარლამენტი ბრექსიტთან დაკავშირებით, შეთანხმებამდე ვერ მივა, მაშინ მეორე რეფერენდუმის ალბათობა გაიზრდება. სილბერსტონის თქმით, მოვლენათა ასეთ განვითარებას, მომავალში სერიოზული პოლიტიკური შედეგები მოჰყვება.