ბრექსიტის გადადებამ ევრო და სტერლინგი გამოაცოცხლა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ბრექსიტის გადადებამ ევრო და სტერლინგი გამოაცოცხლა

მიუხედავად იმისა, რომ ბრექსიტის ვადის გადატანამ, ბაზარი გამოაცოცხლა, ამას ის მოძრაობა მაინც არ მოჰყოლია, რასაც ინვესტორები ისურვებდნენ. გამოცოცხლება, ორი ევროპული ვალუტის მცირე ზრდაში აისახა. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, კავშირიდან ბრიტანეთის გასვლის ბოლო თარიღად, 31 ოქტომბერი გამოცხადდა.

ერთი შეხედვით, ბრექსიტის გადადებით, სტერლინგს მძიმე ტვირთი მოეხსნა, მაგრამ მის მომავალთან დაკავშირებული გაურკვევლობა კვლავ დარჩა. ამის მიზეზი ისაა, რომ კვლავაც რეალურად რჩება უხელშეკრულებო ბრექსიტის შესაძლებლობა. ევროკავშირმა ამ გადაწყვეტილებით, ბრიტანეთს გასვლის მოწესრიგების შანსი მისცა და თავადაც ევროპული არჩევნების წინ, ზედმეტი საზრუნავი მოიშორა.

მაგრამ საერთო ჯამში, ძალაში დარჩა გაურკვევლობის ის ფაქტორი, რომელიც ბიზნესსაც და სამომხმარებლო განწყობასაც ძლიერ აზარალებს. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - თუ ბრიტანეთი ევროპულ არჩევნებში მონაწილეობას არ/ვერ მიიღებს, მას ევროკავშირს 1 ივნისს დაატოვებინებენ.

„ეს ყველაზე ცუდი ვარიანტია. მართალია, დროში შეზღუდვის ფაქტორი მოიხსნა, მაგრამ დრო მაინც ცოტაა იმისათვის, რომ სიტუაცია გაუმჯობესდეს, ან თუნდაც მეორე რეფერენდუმი დაინიშნოს. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ბრიტანეთის ეკონომიკისთვის დადებითი გადაწყვეტილება არ არის“, - ამბობს საკონსულტაციო კომპანია „ბოლნდ მანის“ დამაარსებელი და მთავარი აღმასრულებელი ჰელენ თომასი.

ანალიტიკოსთა მოსაზრებით, ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც ევრომ და სტერლინგმა დოლართან წყვილში პოზიცია გაიმყარეს, ფედრეზერვისგან მომდინარეობს - FOMC-ის ბოლო სხდომის ჩანაწერებში წერია, რომ ფედრეზერვის შემდგომი სვლა შეიძლება იყოს არა განკვეთის გაზრდა, არამედ დაწევა. ამან დოლარს მცირე უარყოფითი ფონი შეუქმნა, რამაც ბრექსიტის გადადების ფაქტორი გადაწონა.

თავის მხრივ, ევროს გამყარებას, ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მტრედული განწყობა აფერხებს. ECB-ს პრესკონფერენციაზე, მისმა პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი, მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს იმისათვის, რომ ინფლაცია მიზნობრივ დონემდე ამოქაჩოს. გავრცელებული ინფორმაციით, ECB მზადაა, ჭარბი დეპოზიტებისთვის, ეგრეთ წოდებული მრავალდონიანი განაკვეთი შემოიღოს, რაც ძირითადი განაკვეთის კიდევ უფრო შემცირების წინა ეტაპი იქნება.