წამყვანი პროგნოზისტი სტერლინგის გამყარებას მოელის

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
წამყვანი პროგნოზისტი სტერლინგის გამყარებას მოელის

სტერლინგის ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკოსის აზრით, ბრიტანული ვალუტა გამყარდება. და ეს იმის მიუხედავად მოხდება, რომ ბაზრები ბრექსიტის ბოლო ვადის კიდევ ერთხელ გადაცილების მოლოდინში არიან.

„სვენსკა ჰანდელსბანკენი“ ვარაუდობს, რომ სტერლინი წლის ბოლომდე 6 პროცენტით, 1.33 დოლარამდე გაიზრდება და ბრექსიტის ვადა ვერც 31 ოქტომბრისთვის შესრულდება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, დოლარის დასუსტება იქნება. ეს ბანკი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ივარაუდა, რომ ბრექსიტი პირველ ვადაში (29 მარტისთვის) ვერ შესრულდებოდა.

„ჩვენ ძირითადი სცენარის მიხედვით, ბრექსიტის ვადას კიდევ ერთხელ გადაიტანენ“, - ამბობს ბანკის ანალიტიკოსი კირან საკარია. შვედური ბანკის პროგნოზი, ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმისტურია. შედარებისთვის, ბაზრის საშუალო პროგნოზის მიხედვით, სტერლინგი წლის ბოლოს 1.28 დოლარი ეღირება.

არადა, არსებობენ ანალიტიკოსები, რომლებიც ვარაუდობენ, რომ პრემიერ მინისტრის პოსტზე ბორის ჯონსონს მოსვლის შემთხვევაში, სტერლინგი მკვეთრად დაეცემა, რადგან ის მოიაზრება, როგორც ხისტი ბრექსიტის მომხრე.

მაგრამ საკარია თვლის, რომ სტერლინგმა ფსკერს უკვე მიაღწია: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტერლინგი მალე ზრდას დაიწყებს. პარალელურად, აშშ-ის ეკონომიკას კლება ელის და ფედრეზერვი განაკვეთის შეკვეცის ახალ ციკლს შეუდგება“.

ინგლისის ბანკი იმედოვნებს, რომ ბრექსიტის პროცესი რბილად ჩაივლის და ამ შემთხვევაში, განაკვეთის გაზრდის დაწყების საშუალება მიეცემა. მაგრამ ფინანსური ბაზრები ფიქრობენ, რომ გლობალური ეკონომიკის დასუსტების კვალად, სტერლინგსაც განკვეთის კლება ელის. ამ ვ არაუდს აძლიერებს ინგლისის ბანკის მმართველ მარკ კარნის განცხადება იმის შესახებ, რომ სავაჭრო ურთიერთობებში არსებული დაძაბულობა, ბრიტანეთის ეკონომიკას რისკებს უქმნის.

„ჰანდელსბანკენი“ ვარაუდობს, რომ ინგლისის ბანკი განაკვეთს უცვლელად დატოვებს. ბრექსიტის ვადის კიდევ ერთხელ გადადებას კი მეორე რეფერენდუმი მოჰყვება. მაგრამ საკარია ვარაუდობს, რომ ამ სცენარის შემთხვევაშიც, სტერლინგი დოლართან წყვილში გამყარებას დაიწყებს და აგვისტოს ბოლოსთვის 1.31-ს მიაღწევს.