UBS: აშშ შვეიცარიას მალე სავალუტო მანიპულატორად გამოაცხადებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
UBS: აშშ შვეიცარიას მალე სავალუტო მანიპულატორად გამოაცხადებს

საბანკო-საფინანსო სფეროს გიგანტი UBS ირწმუნება, რომ შეერთებული შტატები მალე შვეიცარიას სავალუტო მანიპულატორის რანგს მიანიჭებს. ეს კი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს ბევრ პრობლემას შეუქმნის.

შვეიცარია წლების განმავლობაში იყენებს სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს იმისათვის, რომ ფრანკს მეტისმეტად გამყარების საშუალება არ მისცეს. ამჟამად ეს ქვეყანა იმ სამივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რომლებიც შეერთებულ შტატებს საშუალებას მისცემს, ის სავალუტო მანიპულატორად გამოაცხადოს. ეს კრიტერიუმებია: სავაჭრო ბალანსში და მიმდინარე ანგარიშში მაღალი პროფიციტი, ასევე სავალუტო ბაზარზე მსხვილმასშტაბიანი ინტერვენციები.

უკვე დიდი ხანია, რაც შვეიცარია იმ ქვეყნების სიაში იმყოფება, რომლებსაც შეერთებული შტატები ამ კუთხით აკვირდება. UBS-ის ეკონომისტი ალესანდრო ბი ვარაუდობს, რომ შვეიცარიის „დაწინაურება“, უახლოეს მომავალში მოხდება.

შვეიცარიის ეროვნული ბანკი (SNB) აცხადებს, რომ უარყოფითი განაკვეთის გარდა, ბაზარზე ინტერვენციები საჭიროა იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს დეფლაცია და ეკონომიკის რეცესია. ცენტრალური ბანკი ირწმუნება, რომ ინტერვენციის მიზანი არაა ფრანკის ხელოვნურად გაუფასურება და რომ ისინი ვალუტის სწრაფ გამყარებას უშლიან ხელს.

„ბევრი რამ, შვეიცარიელი პოლიტიკოსების დიპლომატიურ უნარზე და ამერიკული მხარის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ-სთან კონფლიქტი თავიდან იქნება აცილებული, ამ სამივე კრიტერიუმთან შესაბამისობა, SNB-ს მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით ბევრ კითხვას გააჩენს და ეს პირველ რიგში, რყევებს გაზრდის“, - დასძენს ბი.