ტრამპის მიერ დახმარების კანონპროექტის ხელმოწერამ დოლარი დაასუსტა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ტრამპის მიერ დახმარების კანონპროექტის ხელმოწერამ დოლარი დაასუსტა

დოლარი დასუსტდა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მთავრობის ხარჯების და კორონავირუსთან დაკავშირებულ დახმარების პაკეტების კანონპროექტებს მოაწერა ხელი.

დოლარის ინდექსი, რომელიც ექვს ძირითად ვალუტასთან, ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს აჩვენებს, 89.953-მდე შემცირდა, რაც ახლოსაა ბოლო ორი წლის მინიმუმთან (89.74), რომელიც რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა.

ბაზარზე წინასაახალწლოდ შემცირებული აქტივობის ფონზე, ტრამპის ამ ხელმოწერამ, ინვესტორთა შორის შემორჩენილი ყოველგვარი გაურკვევლობა მოხსნა, რამაც ხელი შეუწყო რისკიან აქტივებზე მოთხოვნის ზრდას. ანალიტიკოსებს და ინვესტორებს გაუჩნდათ იმის იმედი, რომ 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა აღორძინებას დაიწყებს.

„ნორდეას“ ანალიტიკოსთა მოსაზრებით, გაუმჯობესებული ფინანსური გარემო, ვაქცინასთან დაკავშირებული პოზიტიური ახალი ამბები და მსოფლიო ვაჭრობის გამოცოცხლება, განვითარებადი ქვეყნების სავალუტო ბაზრებისთვის კეთილსაიმედო გარემოს ქმნის. ისინი განსაკუთრებით აღნიშნავენ მოთხოვნის ზრდას ბრაზილიურ რეალზე, მექსიკურ პესოსა და სამხრეთაფრიკულ რანდზე.

რისკისადმი განწყობის გაუმჯობესებას ასევე ხელს უწყობს ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის, ბრექსიტთან დაკავშირებული სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება. ამ ხელშეკრულების წყალობით, მოსალოდნელი სავაჭრო ქაოსის რისკი მოიხსნა და ინვესტორების რისკისადმი აპეტიტიც გაიზარდა.