ტრამპი ფედრეზერვს ისევ აკრიტიკებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ტრამპი ფედრეზერვს ისევ აკრიტიკებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, დoოლარზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო, ფედრეზერვი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ტრამპის თქმით, დოლართან ევრო და სხვა ვალუტები არასწორი პოლიტიკის გამო არის დევალვირებული.

„ფედრეზერვის განაკვეთი მეტისმეტად მაღალია და ამას სულელური რაოდენობრივი გამკაცრებაც ემატება! ისინი (ფედრეზერვის წევრები) გაგებაში არ არიან!“ - ტვიტერზე წერს ტრამპი. შეგახსენბთ, რომ ფედრეზერვი მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ მორიგ სხდომას, მომდევნო კვირაში გამართავს.

მოგვიანებით, თეთრი სახლის ეკონომიკის ეროვნული საბჭოს დირექტორმა ლარი კუდლოუმ განმარტა, რომ პრეზიდენტი თავისი ტვიტერის მეშვეობით, დოლარის კურსის შემცრებისთვის ხელის შეწყობას არ ცდილობს. კუდლოუს თქმით, სავაჭრო პარტნიორების მიერ, ვალუტების დევალვაციით ვაჭრობაში უპირატესობის მიღწევა, ნორმალურ პოლიტიკად ვერ ჩაითვლება.

ტრამპის ადმინისტრაციამ ახლახანს მიანიშნა, რომ სავაჭრო ომში, მომდევნო ბრძოლის ველად, მსოფლიო სავალუტო ბაზარს მოიაზრებს. ვაჭრობის დეპარტამენტს აქვს გეგმა, რომლის შესაბამისადაც, შეერთებული შტატები იმ ქვეყნებთან ურთიერთობაში, რომლებიც ექსპორტის გასაზრდელად, საკუთარი ვალუტების დევალვაციას აქტიურად იყენებენ, ეგრეთ წოდებულ საკომპენსაციო ტარიფებს შემოიღებს.

ფუკუოკაში, სადაც G20-ის ფინანსთა მინისტრების და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრას ესწრებოდა, აშშ-ის ხაზინის მდივანმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ ვაჭრობის დეპარტამენტის გეგმებში არ შედის დოლარის ხელოვნურად დასუსტება.

ტრამპმა ტვიტერზე ასევე დაწერა, რომ აშშ-ში „ინფლაცია ძალიან დაბალია“ და დაამატა, რომ ეს „მშვენიერი რამაა“. აშშ-ში ინფლაციის აპრილის მაჩვენებელი 1.5 პროცენტი იყო. უფრო მეტიც, უკვე შვიდი წელი, რაც ინფლაცია ახლოსაც ვერ მიდის ფედრეზერვის მიზნობრივ, 2-პროცენტიან დონესთან.

ღია ბაზრების ფედერალური კომიტეტის სხდომა 18-19 ივნისს გაიმართება და მასზე განხილვის მთავარი თემა, განაკვეთის შეკვეცის საჭიროებაა. ინვესტორთა ვარაუდით, ფედრეზერვი ივლისის შეხვედრაზე დოლარის განაკვეთს 0.25 პროცენტით შეამცირებს.