სტერლინგმა ბოლო 35 წლის მინიმუმი განაახლა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
სტერლინგმა ბოლო 35 წლის მინიმუმი განაახლა

ბრიტანულმა სტერლინგმა ბოლო 35 წლის მინიმალური მაჩვენებელი განაახლა, რისი მიზეზიც, რამდენიმე ძლიერი ფაქტორის თანხვედრა გახდა. თან ამ ფაქტორებს შორის, ბრექსიტი არც მოიხსენიება. სტერლინგის ვარდნის ყველა ფაქტორი კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება.

მათგან ერთია ის, რომ ეპიდემია ბრიტანეთშიც სწრაფად ვრცელდება და ბევრი შიშობს, რომ პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა და მისმა კაბინეტმა, რეაგირება დააგვიანა. მეორე ფაქტორი, საფონდო ბაზრების დაცემაა.

გარდა ამისა, სტერლინგი მთელ მსოფლიოში დოლარზე საყოველთაო მოთხოვნის ფონზეც სუსტდება - ამერიკული ვალუტა კვლავ უსაფრთხო აქტივის როლში დაბრუნდა, რაც განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკების ერთობლივი საგანგებო გადაწყვეტილების შემდეგ გამოიკვეთა.

როგორც „მიძუჰო ბანკის“ სავალუტო ბაზრის შტოს შეფი ნილ ჯონსი ამბობს, არის კიდევ ერთი ძლიერი ფაქტორი: ინვესტორებმა სტერლინგზე იმ გრძელი პოზიციების დახურვა დაიწყეს, რომლებიც ბრიტანული არჩევნების შემდეგ ჰქონდათ გახსნილი.

ამ ყველაფრის შედეგად, სტერლინგი დოლართან წყვილში, 1.1445-მდე დაეცა, რაც ბრექსიტის შემდგომ მინიმუმზე დაბალი მაჩვენებელია. ამაზე დაბლა ბოლოს ბრიტანული ვალუტა 1985 წელს აღმოჩნდა. ეს ეგრეთ წოდებული მოედნის შეთანხმების წინ მოხდა. შეთანხმების მიზანი, დოლარის გაუფასურება იყო, რამაც შეერთებული შტატების ეკონომიკაში რეცესიის დაწყება აიცილეს თავიდან. ის შეთანხმება აშშ-ს, იაპონიას, დასავლეთ გერმანიას, საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის შედგა.

საინტერესოა, რომ ბლუმბერგის მიერ ჩატარებული კვლევის შესაბამისად, ბრიტანეთის პარლამენტის არჩევნების შემდეგ, ბანკები სტერლინგის 1.30 დოლარამდე გამყარებას ივნისამდე ელოდნენ.